Accessibility links

logo-print

სალომე ზურაბიშვილს გაეროს შტაბ-ბინაში შევხვდი. 2010 წლიდან მას გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიცია უკავია. ირანის ბირთვული განიარაღების გარდა, მას ყოველთვის აქვს თავისი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, რასაც ის სოციალური ქსელით ეხმაურება. მთავარი საკითხი, რის გამოც ის საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება - ემიგრაცია და ორმაგი მოქალაქეობის თემაა.

საქართველოს ორგანული კანონის თანახმად სრულწლოვანი პირი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს - მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები, საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევებს, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით, ან მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთნაირ პირობებში არ უნდა იყვნენ საქართველოში დაბადებული და შემდეგ უცხოეთში წასული ადამიანები და მეორეს მხრივ, ის უცხოელები, რომლებიც მეორად მოქალაქეობას პრეზიდენტის მხარდაჭერით მიიღებენ. არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის ლეგიტიმურ და უმთავრეს მოთხოვნებს ორმაგი მოქალაქეობის პრინციპის სრულ და სამართლებრივ ამოქმედებაზე საქართველოში დაბადებულთათვის მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში. ეს შემხვევა რეალურად აყენებს საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს და უცხოელებს, ვისაც მანამდე არანაირი შეხება ჰქონიათ საქართველოსთან, თანაბარ მდგომარეობაში მოქალაქეობის მოთხოვნის დროს.

სალომე ზურაბიშვილი ამ მუხლის გაუქმებას მოითხოვს. მისი ინიციატივით, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დროს, საქართველოს მოქალაქე აღარ დაკარგავს კუთვნილ პირველად მოქალაქეობას, თუ თავად არ გამოქვამს ამის სურვილს, ის აღარ გახდება იძულებული პასპორტი ჩააბაროს და გაურკვეველ კრიტერიუმებზე დამოკიდებით, დაელოდოს საქართველოს მოქალაქეობის მისთვის ხელახლა მინიჭებას.

ამ საკითხთან დაკავშირებული სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ორიოდ კვირის წინ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებში გავრცელდა.

სალომე ზურაბიშვილი: ახლა უკვე ამოქმედდა ჩემთვის ძალიან უცნაური პროცედურები, რითაც ართმევენ პასპორტს ადამიანებს, არ ვიცი რა სიით და როგორ პოულობენ ამ ადამიანების მისამართებს, მარგამ სთხოვენ რომ დააბრუნონ ქართული პასპორტები. კონკრეტული შემთხვევებიც არის. [დებულებაში] უნდა იყოს მინიშნებული როგორც ქართველი და ყველა უფლებები უნდა ჰქონდეს, რაც საქართველოს მოქალაქეობას თან ახლავს. ეს იქნება პოლიტიკური უფლებები, არჩევნებში მონაწილეობა ყველა ფორმით თუ ეს იქნება შესყიდვის, მიწების შესყიდვის თუ ქონების მართვის. ყველა ეს უფლება ეკონომიკური თუ სოციალური უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იხსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა კანონი თავის დროზე სპეციალურად მისთვის მიიღო, რომ ფრანგი დიპლომატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამხდარიყო. მას შემდეგ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტის პრეროგატივაა. სალომე ზურაბიშვილი თვლის რომ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები პრობლემებს ქმნის აფხაზეთთან ინტეგრაციის საკითხშიც, სადაც მოსახლეობას რუსული პასპორტების მიღებას აიძულებენ საკმაოდ გამარტივებული პროცედურებით. ყირიმში განვითარებული მოვლენების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთი პროვოკაციების სტრატეგიით მოქმედებს და მისი ნაბიჯები გაუთვლელია, რაც საფრთხეს მუდმივად შეიცავს.

სალომე ზურაბიშვილი: რაც გაუთვლელია, იმან შეიძლება გამოიწვიოს ასევე გაუთვლელი რეაქციები. გასაგებია ამ სიტუაციაში, რომ საქართველო ძალიან ფრთხილად მოქმედებდეს. ეს ჩემთვის გასაგებია და არა გასაკრიტიტიკებელი, მაინცდამიანც სააკაშვილისავით არ უნდა ვიქცეოდეთ, არ უნდა ვყვიროდეთ, მაგრამ ამავე დროს, რაც არ არის გამართლებული ეს არის სრული სიჩუმე, რომ საქართველომ უნდა იაქტიუროს მეტად საერთაშორისო ფრონტზე. აქ იყო საფრანგეთის საგარეო კომიტეტის წევრი, მას შვეხვდი პარლამენტიდან და მას ვესაუბრე საქართველოზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს შესახებ არაფერი არ ისმის, არც აფზახეთის არც სამაჩაბლოს თემა. ეს ყველაფერი გამქრალია. მსოფლიოში უამრავი კრიზისია და ამ ფონზე თავად თუ არ იაქტიურე კონკრეტული თემით, რომ ეს თემები ცოცხლობდეს, მაშინ გივიწყებენ, რადგან ბევრად უფრო მძაფრი და მწვავე სიტუაციები არის სხვაგან.

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს ეროვნულ კონსოლიდაციას და ხელისუფლების სტაბილურობას უკავშირებს.

სალომე ზურაბიშვილი: არა მგონია რომ ვინმეს ჰქონდეს უფლება აპელირებდეს ქვეყნის საგარეო კურსით. თუ ეს კურსი საფრთხეშია, მაშინ ყველა უნდა დავდგეთ ფეხზე და სერიოზული კრიზისი უნდა დაიწყოს. მაგრამ ამას სჭირდება მტკიცება, არგუმენტები რასაც მე ვერ ვხედავ. ამიტომ ცოტა სერიზულად მივუდგებოდი ამ საკითხს, შეიძლება ამას ჰქონდა პოლიტიკური საფუძველი. მე მგონი საჭიროა, რომ ყველა დაწყნარდეს, სწორია და კარგია რომ გაძლიერდეს ოპოზიცია და მრავალპარტიულობა.

XS
SM
MD
LG