Accessibility links

logo-print
რამდენიმე თვეში უმაღლეს სასწავლებლებში დაინერგება სამაგისტრო პროგრამა ადიქტოლოგიის დარგში, სადაც პედაგოგები და სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები გადამზადდებიან. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ადიქტოლოგიის დანერგვას გულისხმობს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის მთავრობის განვითარების სააგენტოს შორის 13 ივლისს გაფორმდა. რას გულისხმობს ადიქტოლოგიის პროგრამა და როგორ დაეხმარება ის წამალდამოკიდებულ ადამიანებს?

”ლომკის გადაგდება ადვილია, მთავარია ლომკის შემდგომი პერიოდი. რაღაცნაირად ისეა მიღებული, რომ წამალს ექიმის გარეშეც გადააგდებ, ამას პროფესიონალის გარეშეც მოახერხებ, რომ არაფერში გჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, წამლის გადაგდება გაცილებით ადვილია, თუკი პროფესიონალებს მიმართავ”...

26 წლის თემომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას თავი რამდენიმე თვის წინ დაანება. ჯერ საავადმყოფოში იმკურნალა, შემდეგ კი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს მიაკითხა. მიხვდა, რომ მათ გარეშე საბოლოო განკურნება გაუჭირდებოდა. თუმცა, როგორც ირკვევა, საქართველოში არც ისე ბევრი სპეციალისტია, რომლებიც თემოს მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს მაღალპროფესიულ დახმარებას გაუწევენ.

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის ”ალტერნატივა ჯორჯიას” დირექტორი დავით ოთიაშვილი იმ გამოკვლევის შესახებ გვიყვება, რომელიც ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ ჩაატარა და რომელიც ნარკოტიკების მოხმარების დარგში მაღალი ხარისხის განათლების მიღებას შეეხებოდა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში დღესდღეობით მხოლოდ ექიმი ნარკოლოგები მზადდებიან, რომლებსაც ასწავლიან, თუ როგორ უმკურნალონ სხვადასხვა მედიკამენტებით ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს. რაც შეეხება დარგში მომუშავე სხვა სპეციალობის წარმომადგენლებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, ექთნებს, პრევენციისა თუ რეაბილიტაციის სპეციალისტებს, ისინი, დავით ოთიაშვილის თქმით, ვერანაირ პროფესიულ განათლებას და ცოდნას ვერ ღებულობენ. სწორედ ამიტომ მიიჩნევს ის დროულ ნაბიჯად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ადიქტოლოგიის დანერგვას.

”კვალიფიციური ცოდნის მიღების უზარმაზარი საჭიროება არსებობს და ეს პროექტი სწორედ ამ დეფიციტის აღმოფხვრას ემსახურება. შემუშავდება და შემდეგ დაინერგება ორი ტიპის უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამა - ერთი სამაგისტრო და მეორე განგრძობადი განათლების პროგრამა, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე მუშაობს ამ დარგში და სჭირდება კვალიფიკაციის ამაღლება. პროექტში ჩართულები იქნებიან როგორც ქართველი, ასევე ჩეხი ექსპერტები”, - ამბობს დავით ოთიაშვილი.

შესაძლოა, ვიფიქროთ საბაკალავრო პროგრამაზეც. ჩვენ არ გვყავს ამ დარგის სპეციალისტები და ამიტომ ვფიქრობ, რომ მათთვის, ვინც დაინტერესებულია ამ პრობლემებით, ძალიან საინტერესო იქნება ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება ...

ადიქტოლოგია - ეს არის დისციპლინა დამოკიდებულების ქცევების შესახებ, რომელიც წამალდამოკიდებულების, სამედიცინო, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და საკანონმდებლო განხრებს აერთიანებს. სასწავლო პროგრამა ”ალტერნატივა ჯორჯიას” და პრაღის ადიქტოლოგიის ცენტრის - კარლოსის უნივერსიტეტის - თანადგომით ხორციელდება. პროგრამის პილოტირება კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკავკასიის უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება.

გიგი თევზაძე, ილიას უნივერსიტეტის რექტორი, ვარაუდობს, რომ სამაგისტრო პროგრამა ადიქტოლოგიაში წელიწად-ნახევარში იქნება მზად. შესაბამისად, ილიას უნივერსიტეტი 2014 წლისთვის ელის პირველ მაგისტრანტებს.

”შეიქმნება ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, თუმცა, შესაძლოა, ვიფიქროთ საბაკალავრო პროგრამაზეც. ჩვენ არ გვყავს ამ დარგის სპეციალისტები და ამიტომ ვფიქრობ, რომ მათთვის, ვინც დაინტერესებულია ამ პრობლემებით, ძალიან საინტერესო იქნება ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება. იმდენად, რამდენადაც ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისაც ფსიქოლოგია და პრობლემურ ჯგუფთან მუშაობა აინტერესებს, ვფიქრობ, რომ ინტერესი ახალი სამაგისტრო პროგრამის მიმართ აუცილებლად იქნება”, - ამბობს გიგი თევზაძე.

რაც შეეხება სასწავლო მოდულებს, რომლებიც ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დარგში დაინერგება, როგორც დავით ოთიაშვილი გვეუბნება, ესენია ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია, მკურნალობა, ნეირომეცნიერება, ინფექციური დაავადებები და რისკის შემცირება, ნარკოპოლიტიკა, კანონმდებლობა, ადამიანის უფლებები, ნარკოპოლიტიკის ეკონომიკური ასპექტი.

”ეს იქნება განათლება, რომელიც ესაჭიროებათ როგორც ფსიქოლოგებს, ასევე მასწავლებლებს იმისათვის, რომ იცოდნენ როგორ ესაუბრონ მოსწავლეს ნარკოტიკების პრობლემაზე და როგორ ჩაატარონ პრევენციული ღონისძიებები”, - ამბობს დავით ოთიაშვილი.

ჩვენმა სპეციალისტებმა მთელი ამ წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვეს იმისა, თუ როგორ ებრძოლონ და გაუმკლავდნენ პრობლემებს, დაწყებული ნარკოტიკის მოხმარებით ...

თუმცა, გარდა ფსიქოლოგების და პედაგოგებისა, დავით ოთიაშვილის თქმით, სამაგისტრო პროგრამა საინტერესო იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებისთვის, ეპიდემიოლოგებისთვის, იურისტებისა და ჟურნალისტებისთვის.

ჩეხეთის ელჩი საქართველოში ივან იესტრჟაბი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემებში ადიქტოლოგიის დანერგვის მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერია. როგორც ის ამბობს, უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩეხეთს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის რღვევისა და საზღვრების გახსნის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი მოხვდა, რასაც, მისი თქმით, ჩეხეთი ღირსეულად დაუპირისპირდა. სწორედ ამიტომ ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ჩეხმა
ექსპერტებმა ცოდნა და გამოცდილება ქართველ კოლეგებსაც გაუზიარონ:

”ჩვენმა სპეციალისტებმა მთელი ამ წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვეს იმისა, თუ როგორ ებრძოლონ და გაუმკლავდნენ პრობლემებს, დაწყებული ნარკოტიკის მოხმარებით და დამთავრებული იმ დაავადებებით, რომლებსაც წამალზე დამოკიდებულება იწვევს. ჩვენი სურვილია დავეხმაროთ ქართველ სპეციალისტებს და გადავცეთ ჩვენი გამოცდილება, რათა გაცილებით სწრაფად დაძლიოთ ეს პრობლემები”, - ამბობს ივან იესტრჟაბი.

რაც შეეხება მემორანდუმის მეორე ხელმომწერს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორს სტივენ ჰეიკინს, როგორც ის ამბობს, სააგენტომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ნარკოსიტუაციის პრობლემის დასაძლევად საქართველოში 9 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სტივენ ჰეიკინი საქართველოში ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დანერგვას კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარება დარგში მომუშავე სპეციალისტებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაძლიერებასა და, შედეგად, ნარკომანიის პრობლემის დაძლევაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG