Accessibility links

სამართლიანობის აღდგენის მორიგი მცდელობა


მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ ისეთ დანაშაულებს, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს მიადგათ ფიზიკური ზიანი და მატერიალური ზარალი. პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ახალიდეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭება ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტებს, რომლებიც, იმავდროულად, მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება. თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე იმედოვნებს, რომ პროკურატურის ახალი დეპარტამენტი დაინტერესდება და სათანადოდ გამოიძიებს მის მიმართ ჩადენილ ყველა დანაშაულს:

„ჩემ მიმართ განხორციელებული რეპრესია, შეიძლება ითქვას, რომ იყო ჰიბრიდული, რადგანაც მოიცავდა როგორც ქონებრივ რეპრესიას, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ბრუტალური ძალის გამოყენებას“.

ერთდროულად შემოვიდა ფინანსური პოლიცია ჩემს საავტომობილო-სადილერო ცენტრში, რომლის თანადამფუძნებელი ვარ, ჩემს საავტორო ავტოსკოლაში და საქართველოს საავტომობილო ფედერაციაში, სადაც აღმოაჩინეს „უზარმაზარი დარღვევა“, რასაც მოჰყვა ჩემი ქონების გაყიდვა ბინის და სხვა უძრავი ქონების სახით...

შალვა ოგბაიძის თქმით, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დაიბარეს სპორტის დეპარტამენტში და წაუყენეს ულტიმატუმი, გადამდგარიყო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან, უარის მიღების შემდეგ კი დაიწყო რეპრესიები როგორც მის მიმართ, ასევე მისი თანაპარტიელებისა და პარტნიორების მიმართ:

„ერთდროულად შემოვიდა ფინანსური პოლიცია ჩემს საავტომობილო-სადილერო ცენტრში, რომლის თანადამფუძნებელი ვარ, ჩემს საავტორო ავტოსკოლაში და საქართველოს საავტომობილო ფედერაციაში, სადაც აღმოაჩინეს „უზარმაზარი დარღვევა“, რასაც მოჰყვა ჩემი ქონების გაყიდვა ბინის და სხვა უძრავი ქონების სახით. ამას დაერთო ფიზიკური ანგარიშსწორება 2009 წლის 6 მაისს და 11 მაისს, როდესაც მე და ჩემი ოჯახის წევრები ყველა დაგვაპატიმრეს. უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში, ხოლო ჩემი შვილები უღმერთოდ აწამეს“.

შალვა ობგაიძის მსგავსად, მთავარ პროკურატურაში შექმნილ ახალ დეპარტამენტს იმედით უყურებს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებმაც პროკურატურას 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მიმართეს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ფორმით აღადგინოს სამართლიანობა:

„ათეულობით ათასი საჩივარია, მაგრამ კატეგორიზაცია დასრულებულია და პროკურატურამ, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, მართლაც შთამბეჭდავი სამუშაო ჩაატარა“.

ნახევრად ხუმრობით ვიტყოდი, რომ თავისუფალი სუნთქვის დეპარტამენტსაც თუ შექმნიან, იქნება გაცილებით ადეკვატური. სინამდვილეში, ეს დეპარტამენტი ქმედითიც კი ვერ იქნება! თუ რამის გაკეთება შეეძლოთ, გაეკეთებინათ, მაგრამ თავად აღიარებს ხელისუფლება, რომ ორი წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთა...

საპარლამენტო უმრავლესობაშიც აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია უპასუხოდ არ დატოვოს ათასობით მოქალაქე, რომლებიც სამართლიანობის აღდგენასა და სახელმწიფო მოხელეების მიერ მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. დეპუტატ ანი მიროტაძის კომენტარი:

„არავის აქვს უფლება ასეთი ადამიანების მოთხოვნა დატოვოს ყურადღების მიღმა და არ გასცეს მას პასუხი, რასთან გვქონდა საქმე - იყო თუ არა ის დაჩაგრული და თუ იყო, რა პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს მის წინაშე“.

თუმცა, მმართველი კოალიციისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ დეპარტამენტის შექმნა ვერაფერს შეცვლის. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის, თქმით, მთავრობა აღნიშნული სიახლით რეალური ეკონომიკური პრობლემების გადაფარვას ცდილობს.

„ნახევრად ხუმრობით ვიტყოდი, რომ თავისუფალი სუნთქვის დეპარტამენტსაც თუ შექმნიან, იქნება გაცილებით ადეკვატური. სინამდვილეში, ეს დეპარტამენტი ქმედითიც კი ვერ იქნება! თუ რამის გაკეთება შეეძლოთ, გაეკეთებინათ, მაგრამ თავად აღიარებს ხელისუფლება, რომ ორი წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთა. ახლა კი ჰგონიათ, რომ დეპარტამენტის შექმნა რამეს შეცვლის. ახალი დეპარტამენტებისა და სტრუქტურების შექმნით, ანუ ხარჯების გაზრდით, პრობლემას უქმნიან ქვეყანას“, უთხრა სერგო რატიანმა რადიო თავისუფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ უფლებადარღვევის ფაქტისა და მსხვერპლის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს ადეკვატურად. თუ დადგინდება, რომ მოქალაქემ სახელმწიფოს ქონება იძულებით დაუთმო, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია დააბრუნოს ეს ქონება. გარდა ამისა, აუცილებლად გასაწერია საქმეების შერჩევის კრიტერიუმი, პროკურორებისა და გამომძიებლების შერჩევის პრინციპები და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ინიციატივების“ პრეზიდენტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურის ახალი დეპარტამენტის შექმნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირების შესრულების არაეფექტური მცდელობაა. მისი აზრით, საქმეების სორტირების შემდეგ უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუცია და კომპენსაციის მექანიზმი:

„აუცილებელია საკანონმდებლო ნოვაცია, რომელიც გულისხმობს საქმეთა განახლების ახალ პროცედურებს, ახალ პირობებს და ახალი კომისიის - დამოუკიდებელი ინსტიტუციის - შექმნას და, შემდგომ ამისა, ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტს, რმოელიც არის სამნაწილიანი: საბიუჯეტო-სახაზინო ნაწილი, ქონებრივი ნაწილი და ე.წ. სოლიდარობის ფონდი, რომელიც იქნება სახელმწიფოსა და მოქალაქეების ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთმანეთზე პასუხისმგებლობის გადანაწილების მექანიზმი“.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ახალი დეპარტამენტი დაკომპლექტდა უფროსის, უფროსის მოადგილის, ოთხი პროკურორის, ათი გამომძიებლისა და ოთხი კოორდინატორის შტატით. ამასთან, დეპარტამენტში გამომძიებლებად და პროკურორებად დაინიშნენ პირები, რომელთა მიმართ მთავარ პროკურატურაში შემოსულ საჩივარ-განცხადებებში სამართლებრივი პრეტენზია არ ფიქსირდება.

XS
SM
MD
LG