Accessibility links

logo-print

სამეგრელო-ზემო სვანეთში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს


სვანეთი

სვანეთი

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთში ნელ-ნელა საკადრო ცვლილებების განხორციელება დაიწყო. გასულ კვირას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ვალერიან იოსავა დაინიშნა, ხოლო მის მოადგილედ ნონა თოლორაია. ახალ პროკურორს ზუგდიდში არ იცნობენ. ვალერიან იოსავა ხობის მკვიდრია და მარნეულის პროკურატურაში მუშაობდა, შემდეგ კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. ახალ საოლქო პროკურორს მედიასთან ჯერ არ უსაუბრია. განცხადება ჟურნალისტებთან მისმა მოადგილემ, რესპუბლიკური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ნონა თოლორაიამ გააკეთა. ის საზოგადოებას რეგიონში სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდა.

”ჩვენი მუშაობის პრინციპი იქნება მხოლოდ კანონიერება, სამართლიანობის აღდგენა, ობიექტურობა და ჰუმანურობა. საკადრო ცვლილებებს შეიძლება გადავხედოთ. ერთბაშად ყველა პროკურორის გაშვება არ იქნება მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ამ საქმეს სჭირდება სპეციალისტები“, – განაცხადა ნონა თოლორაიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობას 2004-2012 წლებში როლანდ ახალაია იკავებდა. 2012 წლის 21 აგვისტოდან, როლანდ ახალაიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, საოლქო პროკურორის მოვალეობას მისი მოადგილე ემელიანე ბერაია ასრულებდა.

პროკურატურამდე საკადრო ცვლილებები პოლიციაში განხორციელდა. 5 ნოემბერს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ლევან შონია დაინიშნა. მაშინ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველ რიგში შეიცვლება პოლიციის დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ.
„მათი ურთიერთობა უნდა იყოს მათი ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე, უნდა იყოს სწორი და ეთიკის ნორმებში ჩამჯდარი“, – განაცხადა ლევან შონიამ.
მათი ურთიერთობა უნდა იყოს მათი ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე, უნდა იყოს სწორი და ეთიკის ნორმებში ჩამჯდარი ...

სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ლევან შონია სამართალდამცავ ორგანოებში 1984 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა, ბოლო ხანებში კი ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსად კობა ხარებავა დაინიშნა.

მიმდინარე თვეში გამგებელი შეიცვალა მესტიის მუნიციპალიტეტში. გასულ კვირას მესტიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ნინა ხატისკაცის - სახალხო დამცველის ადგილზე ერთ-ერთი კანდიდატის - მეუღლე, კახა ჟორჟოლიანი, დაინიშნა. ყოფილი გამგებლის ილია ჯაფარიძისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და მის ადგილზე კახა ჟორჟოლიანის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის, გოჩა ხორგუანის განცხადებით, ამავე სხდომაზე ცვლილებები საკრებულოშიც მოხდა.

საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, გაუქმებულად იქნა გამოცხადებული საკრებულოს ხუთივე მუდმივმოქმედი კომისია და, შესაბამისად, გადაყენებულია კომისიის ყველა თავმჯდომარე. გოჩა ხორგუანის განმარტებით, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლები ადრე „ტერორში“ იმყოფებოდნენ და ახლა თავისუფლად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, კახა ჟორჟოლიანს, გოჩა ხორგუანის თქმით, ის ღირსეული ადამიანია და კარგად იცნობს მოქალაქეთა პრობლემებს.
XS
SM
MD
LG