Accessibility links

logo-print
სამეგრელოში თხილის მიმღები ქარხნები და პუნქტები ბოლო ერთი თვეა ამუშავდა. გლეხებმა მოსავლის ნაწილი უკვე მოიწიეს და რეალიზებაც დაიწყეს. შარშანდლისგან განსხვავებით, ისინი თხილის ფასით უკმაყოფილო არ არიან, თუმცა ამბობენ, რომ მარცვალი ჯერჯერობით ნედლია, გამოშრობასთან ერთად წონაში იკლებს და ფასიც, შესაბამისად, თანდათან უნდა გაიზარდოს.

ამ დროისთვის ერთ კილოგრამ თხილში მიმღები მცირე პუნქტები ორ ლარსა და 50 თეთრს იხდიან. ათი თეთრით მეტია მისი ფასი ქარხნებში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მცხოვრები ირმა სამუშია ამბობს, რომ თხილი მის სოფელში ოჯახების შემოსავლის უმთავრესი წყაროა. იმასვე გვეუბნება მისი თანასოფლელი ამირან გუგუჩია. მისი თქმით, ხშირად გლეხი თხილის მყიდველთან არამომგებიან გარიგებაზეც მიდის. თანხის მიღების მიზნით მარცვლეულს, თუნდაც დაბალ ფასად, წინასწარ ყიდის, ნაყოფს კი მომწიფებისთანავე მოგვიანებით აძლევს:

„ოჯახებში არავინ არ მუშაობს, ყველა ამ თხილს ელოდება. წინასწარ ყიდიან ლარ-ნახევრად და თხილს შემდეგ აძლევენ“, - აბობს ირმა სამუშია.

„თხილის ფასი ორ-ნახევარი ცოტაა. მე ბევრი არ მაქვს, ერთი ტონაა, მაგრამ 200 კილოგრამი წინასწარ უკვე გაყიდული მაქვს“, - გვითხრა ამირან გუგუჩიამ.
თხილის ფასი ოდნავ დაბალია ოკუპირებულ აფხაზეთში, თუმცა, გასული წლის მსგავსად, რეგიონიდან ზუგდიდში თხილი არც ახლა შემოდის. ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი მურმან მალაზონია, რომელიც ზუგდიდი-გალის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ავტოსადგომის ზედამხედველია, გვეუბნება, რომ თხილის ე.წ. საზღვარზე გადმოტანა დამატებით ხარჯებთან და რისკთან არის დაკავშირებული:

„თითო ტომარაზე გადასახადია. აფხაზმა ხომ იცის, რომ ეს თხილი გასაყიდად მიაქვთ, ამიტომ ისინი ყველა გზას ეძებენ, რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალონ მოსახლეობას. უნდათ თუ არა, მოსახლეობას გალში უწევს თხილის ჩაბარება. გალში წინასწარ იგებენ აქ, ზუგდიდში, რა ღირს თხილი და იმაზე ნაკლებს ამბობენ იქ“.

ადრე ვიწყებ მუშაობას. დილის შვიდი საათიდან საღამოს ათ საათზე შევედი გუშინ სახლში. ქარხანაში მიმაქვს ეს თხილი და მრჩება მოგება ხუთი თეთრი...
ზუგდიდის სოფლებიდან მიღებული თხილის ხარისხით წელს კმაყოფილნი არიან კაკლის მიმღებ პუნქტებში. რადიო თავისუფლების რესპონდენტს ქეთევან კვარაცხელიას პუნქტი ქალაქის ცენტრში აქვს გახსნილი, ამიტომ რეალიზატორებს არ უჩივის, თუმცა ამბობს, რომ ერთ კილოგრამ თხილზე მისი მოგება ძალიან ცოტაა:

„ადრე ვიწყებ მუშაობას. დილის შვიდი საათიდან საღამოს ათ საათზე შევედი გუშინ სახლში. ქარხანაში მიმაქვს ეს თხილი და მრჩება მოგება ხუთი თეთრი“.

თხილის ქარხანა შპს „აგრო-ექსპორტ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ საქართველოში თხილის ფასის დარეგულირება დაკავშირებულია თურქეთის ბაზართან. ქარხნის დირექტორის მოადგილე დავით ეხვაია აცხადებს, რომ საქართველო, თხილის ხარისხისა და ცნობადობის მიხედვით, იტალიური და თურქული თხილის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. ის უსწრებს აზერბაიჯანს:

„მსოფლიო ბაზარზე თხილის ძირითადი მიმწოდებლები თურქები არიან და, აქედან გამომდინარე, ისინი კარნახობენ სიტუაციას. თურქეთს კონკურენციას ვუწევთ, რა თქმა უნდა. ჩვენს თხილს უფრო დამფასოებლები ყიდულობენ. იტალიური თხილის ფასთან ჩვენი თხილი, ალბათ, ვერასდროს ვერ მივა, რადგან ის განსაკუთრებული ჯიშისაა“.

დავით ეხვაიას განცხადებით, ევროპულ ბაზარზე დარჩეული ქართული თხილი შარშან ხუთ დოლარზე ოდნავ მეტი ღირდა, იტალიური კი ორი დოლარით მეტი. მისივე თქმით, შპს „აგრო-ექსპორტ ჯორჯია“ ზუგდიდში რვა წელია ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში თხილის საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქტის ცნობადობა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იზრდება.
XS
SM
MD
LG