Accessibility links

logo-print

გლეხები მიწის დასამუშავებლად სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ


საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სამზადისი სოფლებში უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან იწყება. იმისათვის, რომ მიწის დამუშავება არ დაგვიანდეს, გლეხები ნიადაგის გასუფთავება-მოწესრიგებით არიან დაკავებული. ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში უკვე ელოდებიან სახელმწიფოსგან სასოფლო-სამეურნეო ხვნისა და აგრობარათების დარიგებასაც. გლეხები რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებენ, რომ ეს პროექტი მათ გარკვეულწილად ეხმარება და უმთავრესია ახლა ამ ბარათების გაცემა არ დაგვიანდეს:

„ახლა კარტოფილს რგავენ. თხილზე კიდევ შესატანია აზოტი, ფოსფორი, კალიუმი. ვისაც აქვს, თვითონ ყიდულობენ და ყრიან თხილნარში. 10-15 დღეში თუ დარიგდა, დაგვიანება არ იქნება. ახლა ფოსფორს რომ დაყრი, ის შემოდგომამდე იქნება, მაგრამ აზოტი 15 დღის შემდეგ დაგვიანებული იქნება“,- ამბობს ანაკლიელი ზური გერგედავა.

„დავიწყეთ უკვე ჩვენ სამუშაოები, ღეროების მოჭრა...ნახევარი მიწა დაუმუშავებელია, ეკონომიურად ხალხს პირობები რომ არ აქვს, იმიტომ. „სალიარკას“ რომ არიგებდნენ, ის უნდა, სასუქი უნდა...“, - გვითხრა სოფელ დიდი ნეძის მკვიდრმა მანონი ჯაბუამ.

„ბარათები კარგია, მაგრამ რეალობაზე არ არის დაფუძნებული. ვისაც სასიმინდე ფართი აქვს, იმას სიმინდისას აძლევენ და თხილნარისას არ აძლევენ. რატომ, რა დააშავა?!“, - კითხულობს კოკი ნაყოფია სოფელ შამგონადან.

ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, უკვე დაიწყო სასოფლო-სამეურნეოხვნისა და აგრობარათების დარიგება. გასულ კვირაში ზუგდიდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ბარათები გადასცა. თავის მხრივ, გამგებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიმდინარე კვირაში ბარათებს უკვე მოსახლეობაში გასცემენ, რათა ყველა შესაძლო ხარვეზი დროულად აღმოიფხვრას:

„მირჩევნია რაც შეიძლება მალე დავარიგო. მერე რომ წამოიჭრას რაღაც საკითხები...ან ბარათი დაიკარგა, ან გაფუჭდა, ან რაღაც... რომ დროზე მოვახდინო რეაგირება“, - აცხადებს ბადრი ყორშია, გამგებლის წარმომადგენელი ანაკლიაში.

პროექტში, რომელიც მესამე წელია ფუნქციონირებს, ჩაერთვებიან ფერმერები, რომელთა საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ჯამური ფართობი 1.25 ჰა-ს არ აღემატება - ფერმერები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული მიწის ნაკვეთები, ფართობით არა უმეტეს 1.25 ჰა-სი.

ზუგდიდის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროს ლერი დოჩიას განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 27 753 ბენეფიციარია რეგისტრირებული:

„დაუმუშავებელ მიწებს, რომლებიც წინა წლებში არ მუშავდებოდა, ახლა 30% მიემატა. შესაბამისად, გაზრდილია მოსავლიანობა. რაც შეეხება ტექნიკას, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მობილიზებულია 30-მდე ახალი ერთეული ტექნიკა, ადგილობრივ დონეზე ოთხმოცდაათია მობილიზებული, რომლებიც საგაზაფხულო სამუშაოებში ჩაერთვებიან“.

ლერი დოჩიას განცხადებით, წელს ასევე დარიგდება „აგრობარათი“. მისი აღება მოსარგებლეებს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში შეეძლებათ. ბარათზე დარიცხული ქულების მეშვეობით შესაძლებელი იქნება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის - სასუქის, სათესლე მასალის, სანერგე მასალის და მცენარეთა მოვლის საშუალებების- შეძენა. მიწის მფლობელებს კუთვნილი 50 ქულა „აგრობარათზე“ 1 მარტს დაერიცხებათ.

XS
SM
MD
LG