Accessibility links

logo-print

მთავრობისა და ბიზნესსექტორის ერთობლივი გეგმები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში


ანაკლია

ანაკლია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობისა და ინვესტორების უხვი დაპირებების შესრულებას ელოდებიან. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ანაკლიაში გამართულ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციაზე მართლაც ბევრი ისაუბრეს როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო წლებისთვის დაგეგმილ პროექტებზე. რეგიონის განვითარების გეგმების განხილვა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, რამდენიმე მინისტრი, ბიზნესმენი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, მედიისთვის დახურული იყო. შესაბამისად, თუ რომელ პროექტებზე შეთანხმდნენ და რა მიმართულებით იგეგმება მათი განხორციელება, ჟურნალისტებს შეხვედრის მონაწილეებმა განუმარტეს:

„სამეგრელოსთვის პრიორიტეტული პროექტებია. ეს ეხება სოფლის მეურნეობას, სასტუმროების ქსელის განვითარებას, ტურიზმს და ენერგეტიკას“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

როგორც მთავრობის წევრები აცხადებენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მთავარი პოტენციალი სოფლის მეურნეობის განვითრებაშია და განსაკუთრებული ყურადღება მისკენ იქნება მიმართული. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, ამ ეტაპზე მხარდაჭერისთვის გამოიყო სოფლის მეურნეობის რამდენიმე მიმართულება:

„მოგეხსენებათ, რომ ეს რეგიონი გამოირჩევა თხილის ექსპორტით. ეს გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული პოზიცია ექსპორტისთვის. საუბარი იყო ასევე ჩაის წარმოებაზე. თევზის მოპოვების თვალსაზრისითაც ამ რეგიონს უჭირავს შიდა მოხმარების 100%-იანი წილი და ასევე არის ექსპორტის პოზიციაზე. ამიტომ ჩვენ ამ რეგიონში განვიხილავთ ექსპორტის ხელშეწყობის პოზიციებს“.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილის მტკიცებით, სამეგრელო საქართველოში, ჰიდრორესურსების განვითარების კუთხითაც, ერთ-ერთი უმთავრესი რეგიონია, სადაც რესურსების დაახლოებით ერთი მესამედია თავმოყრილი:

„4 პროექტზეა საუბარი და აქედან ყველაზე დიდი არის „ნესკრაჰესი“, მაგრამ თუ ჩვენ ვისაუბრებთ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოტენციალზე და ამას დავამატებთ „ხუდონს“, ამას დავამატებთ ყველა იმ ჰიდროელექტროსადგურს, რომლის დამუშავებაც ახლა მიმდინარეობს და რომელთა დაწყებაც იგეგმება 2016 წელს, ამ პროექტების საერთო ჯამური ღირებულება არის 3-4 მილიარდ აშშ დოლარამდე. ეს კი, დამერწმუნეთ, რომ არამარტო ამ რეგიონს, მთელ საქართველოში მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის ეკონომიკური თვალსაზრისით“.

ბიზნესმენის, სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის“ ხელმძღვანელ ვასილ სულხანიშვილის ინფორმაციით, ხობში კერამიკის საწარმო აშენდება და ამ საკითხზე შეთანხმება უკვე არსებობს. მისი თქმით, საამისოდ შერჩეულია ნიადაგიც, სადაც ქარხანა იფუნქციონირებს:

„საკითხი, რაც დავსვით ჩვენ, არის ის, რომ იაფიანი სესხის დაფინანსება მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან. პროექტი დამუშავებულია, მაღალტექნოლოგიური დანადგარები უკვე შერჩეულია, მომწოდებლებიც შერჩეული გვყავს. პრემიერმაც აღგვითქვა დახმარება, რომ საპროცენტო განაკვეთზეც იქნება დახმარება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს“.

ფოთში დაგეგმილი ასევე ახალი საწარმოს მშენებლობის შესახებ ამცნო ჟურნალისტებს ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ:

„აქ ვნახე და ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, რომ ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი, რომელსაც ბაზრის დიდი წილი უჭირავს ზეთის იმპორტის, იწყებს ფოთში ზეთის წარმოების პროექტს“.

პოლიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ბიზნესმენებთან შეთანხმებული წინადადებების ნაწილის განხორცილება მიმდინარე წელს, უახლოეს პერიოდში დაიწყება და საზოგადოება თავად დარწმუნდება ამაში. გადამოწმება იმისა, იქნება თუ არა ეს ასე და რამდენად შესრულდება რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციაზე შემუშავებული პროექტები, ალბათ, რამდენიმე თვეში გახდება შესაძლებელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG