Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის სამგანზომილებიანი პრინტერი და როგორ მუშაობს ის?


3D პრინტერი "თავისუფალი უნივერსიტეტის" ლაბორატორიაში
3D პრინტერი "თავისუფალი უნივერსიტეტის" ლაბორატორიაში
სამგანზომილებიანმა საბეჭდმა მანქანამ შესაძლოა რევოლუციური ცვლილებები შეიტანოს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მის პოპულარიზებას ხშირად პერსონალური კომპიუტერის გამოჩენას ადარებენ. რა არის სამგანზომილებიანი პრინტერი და რისი დამზადება შეუძლია მას?

სამგანზომილებიანი პრინტერი ზოგიერთმა შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს მიაკუთვნოს, თუმცა ამ ტექნოლოგიას მწარმოებლები უკვე თითქმის 20 წელია იყენებენ მოდელებისა და პროტოტიპების დასამზადებლად. ონლაინ-გამოცემა ”ლაივსაიენსი” იტყობინება, რომ უკანასკნელ წლებში გაჩნდა შედარებით იაფფასიანი სამგანზომილებიანი პრინტერებიც. შედეგად, ეს ინოვაცია ახლა ბევრად უფრო პოპულარულია.

სამგანზომილებიანი პრინტერი, კომპიუტერში შედგენილი ციფრული მოდელის მიხედვით, რეალობაში აწყობს სხვადასხვა საგნებს. პრინტერი საბეჭდ მასალად იყენებს პლასტიკატებს, კერამიკას და ლითონებს. ბეჭდვის პროცესისას პრინტერი გაცხელებულ, ნახევრად თხევად პლასტიკატს ფენებად ასხამს დაზგაზე, ხოლო პრინტერის ღერძი ამ პლასტიკატს სასურველი საგნის ფორმას აძლევს. სამგანზომილებიანი პრინტერის საბეჭდი ინსტრუქცია ციფრული გეგმაა: ადამიანს კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით შეუძლია საგნის სამგანზომილებიანი ვირტუალური მოდელის შექმნა და კომპიუტერის სამგანზომილებიან პრინტერთან შეერთება. შემდეგ სამგანზომილებიანი პრინტერი მის თვალწინ ააშენებს ვირტუალური მოდელის უკვე ნივთიერ ვერსიას.

სამგანზომილებიანი ბეჭდვა, სავარაუდოდ, არ ჩაანაცვლებს სტანდარტული პროდუქციის მასობრივი, კონვეიერული წარმოების მეთოდებს, თუმცა ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია ინდივიდუალური, სპეციფიკური ნაწილების აწყობა. სამგანზომილებიან პრინტერებს გამოიყენებენ შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავის ნაწილების დასამზადებლად, თუმცა ის არ გამოდგება სუპერმარკეტში გასაყიდი ათასობით სანაგვე ყუთის საწარმოებლად. მაგალითად, კომპანია ”ბოინგი” უკვე იყენებს სამგანზომილებიან ბეჭდვას სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების 22 000 ცალკეული ნაწილის ასაწყობად.

ამ ახალი ტექნოლოგიით ხეირობს სამედიცინო დარგიც. სამგანზომილებიანი ბეჭდვის წყალობით ექიმებს შეუძლიათ უნიკალური საგნების დამზადება, რაც ტრადიციული მეთოდებით შეუძლებელი იქნებოდა. მარტში, ერთ-ერთი ოპერაციის დროს, ამერიკელმა ქირურგებმა სამგანზომილებიანი პრინტერით აწყობილი თავის ქალის იმპლანტი ჩაუნერგეს პაციენტს. იმპლანტმა დაზიანებული თავის ქალის 75 პროცენტი ჩაანაცვლა.

სამგანზომილებიანი პრინტერების უმეტესობა საყოფაცხოვრებო ნივთების, მაგალითად, მაცივრების ზომისაა, თუმცა მათ უფრო დიდი საგნებისა და სახლების წარმოებაც უნდა შეეძლოთ. ”ნასა” ამჟამად ცდილობს დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა სამგანზომილებიანი საბეჭდი ტექნოლოგიით მთვარეზე ასტრონავტების ბაზის აშენება.

თუმცა სამგანზომილებიან ბეჭდვას შეზღუდვებიც აქვს. ასეთი პრინტერების უმეტესობა ბეჭდვისთვის მხოლოდ ერთი ტიპის მასალას იყენებს. ამიტომაც ვერ დაბეჭდავენ ეს პრინტერები ისეთ კომპლექსურ ნივთებს, როგორიცაა მობილური ტელეფონი. ამასთან ერთად, ბევრი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც სამგანზომილებიანმა ბეჭდვამ შეიძლება შეუქმნას ადამიანებს. შეერთებულ შტატებში კომპანია ”დეფენს დისთრიბიუთედ” უკვე მუშაობს მსოფლიოში პირველი იარაღის შექმნაზე, რომელსაც მთლიანად სამგანზომილებიანი პრინტერი ააწყობს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG