Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მრავალეროვანი სამხედრო სწავლება იმართება


დასავლეთ უკრაინაში დაიწყო სამხედრო სწავლება, რომელშიც 15 ქვეყნის 1 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის ქართველი სამხედრო მოსამსახურეები. აღმოსავლეთ უკრაინიდან კი ვრცელდება ინფორმაცია ძალადობის მორიგი მსხვერპლის შესახებ.

სამხედრო სწავლება, სახელწოდებით „სწრაფი სამკაპი“, დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის ოლქში მდებარე იავორივის სამხედრო ბაზაზე ტარდება. მასში 200-მდე ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს, ისევე როგორც კანადის, გერმანიის, ბრიტანეთის, პოლონეთის, ლატვიის, საქართველოს - სულ 15 ქვეყნის წარმომადგენლები. ყოველწლიური მანევრების ფონს ქმნის ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა უკრაინაში მოსკოვის ნაბიჯების გამო. რუსეთის მიერ მარტში ყირიმის ანექსიის შემდეგ პირველად, ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სამხედრო სწავლება, რომელიც 26 სექტემბრამდე გასტანს, ნატოს განცხადებით, სამხედრო ძალების თავსებადობას გააუმჯობესებს.

იმის თობაზე, თუ რა გეგმები უკავშირდება დასავლეთ უკრაინაში მრავალეროვან სამხედრო სწავლებას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ისაუბრა ჩვენს კორესპონდენტთან 4 სექტემბერს, უელსში ნატოს სამიტის დროს:

„ტრადიციულად იმართება ხოლმე ლვოვში ეს საშტაბო წვრთნები. ამ შემთხვევაში ოცეულიც მიიღებს მონაწილეობას. ეს არის მრავალეროვნული. ჩართულები იქნებიან ევროპელი და ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებიც. მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოლექტიურ თავდაცვაზე ფიქრი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე იყოს თავსებადობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების და ნატოს წევრი ქვეყნების, სამხედრო კუთხით. და ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ ხელს შეუწყობს სტაბილურობის განმტკიცებას ჩვენს რეგიონში, სტაბილურობას, რომელსაც ძალიან დიდი საფრთხე დაატყდა თავს რუსეთის აგრესიის ფონზე“.

ცეცხლი გაგვიხსნეს ქალაქ კიროვსკოედან ცოტა ჩრდილოეთით და სამ-ნახევარი საათი დავყავით ჩვენს ავტომანქანებში. სულ ცოტა, 40 ჭურვის აფეთქება დავთვალეთ უშუალოდ ჩვენს მანქანებთან, რომელთაგან ერთ-ერთი სერიოზულად დაზიანდა...
ალექსანდერ ჰუგი

მრავალეროვანი სამხედრო სწავლება „სწრაფი სამკაპი“, როგორც უკვე ითქვა, დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის ოლქში იმართება. ამ დროს კი აღმოსავლეთ უკრაინიდან, დონეცკიდან, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, ადგილობრივი ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ 14 სექტემბერს ექვსი ადამიანი დაიღუპა. ეს იყო ერთ დღეში ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი 10 დღის წინ ზავზე ხელმოწერის შემდეგ.

აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებულმა მხარეებმა 5 სექტემბერს მოაწერეს ხელი ზავს, რომელიც ძალაში რჩება, ძალადობის არაერთი ფაქტის მიუხედავად. ზავის დარღვევაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. უკრაინის სამხედრო პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ 15 სექტემბერს კიევში განაცხადა, რომ შაბათ-კვირას რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მას დეტალებზე არ უსაუბრია.

14 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შესახებ უკრაინაში ეუთოს მეთვალყურეები იუწყებიან. ამ ინციდენტზე ეუთოს საგანგებო სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდერ ჰუგმა დონეცკში უამბო სააგენტო „როიტერსს“.

„ცეცხლი გაგვიხსნეს ქალაქ კიროვსკოედან ცოტა ჩრდილოეთით და სამ-ნახევარი საათი დავყავით ჩვენს ავტომანქანებში. სულ ცოტა, 40 ჭურვის აფეთქება დავთვალეთ უშუალოდ ჩვენს მანქანებთან, რომელთაგან ერთ-ერთი სერიოზულად დაზიანდა. შემდეგ ყველას მოგვიწია ერთ მანქანაში გადასვლა და კიროვსკოეს გავლით დაბრუნება მთავარი გზისაკენ. სულ რამდენიმე წუთის წინ ჩამოვედით აქ, უსაფრთხოდ და კარგად“,

ალექსანდერ ჰუგის განმარტებით, კონფლიქტი არ არის მოდებული მთელ აღმოსავლეთ უკრაინას, ის ფრაგმენტულია და 15 სექტემბერს იყო ვითარება, როცა ეუთოს საგანგებო მისიის წევრები ორი დაპირისპირებული მხარის პოზიციებს შორის აღმოჩნდნენ.

XS
SM
MD
LG