Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დსთ სახიფათოდ მიიჩნევს ავღანეთში შექმნილ „კრიტიკულ“ ვითარებას


დსთ-ს სამიტის მონაწილეები
დსთ-ს სამიტის მონაწილეები

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 2020 წლამდე სამხედრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. ასტანის სამიტზე აკრედიტებული ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომლის ბრძანებითაც რუსეთის ავიაცია 30 სექტემბრიდანა ახორციელებს სადავოდქცეულ საავიაციო იერიშებს სირიაში, რის გამოც მოსკოვს მკაცრად აკრიტიკებენ დასავლეთის სახელმწიფოები.თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა მიაღწია პროგრესს სირიასა და სხვა ქვეყნებში ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ფართო კოალიციის შექმნის მიმართულებით. ასტანაში პრესკონფერენციაზე საუბრის დროს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში რუსეთმა კონტაქტები დაამყარა საუდის არაბეთის, გაერთიანებულ არაბთა საამიროს, იორდანიისა და ისრაელის ხელისუფლებასთან და მათთან ერთად განიხილავს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. პუტინმა მოუწოდა ამ ქვეყანებს მონაწილეობა მიიღონ ბაღდადში არსებულ საინფორმაციო ცენტრში, რომელიც რუსეთის, სირიის, ერაყისა და ირანის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა და აგროვებს ინფორმაციებს ექსტრემისტების შესახებ:

„სხვადასხვა შეფასებით, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე უკვე იბრძვის რუსეთისა და დსთ-ს სხვადასხვა სახელმწიფოს 5-დან 7 ათასამდე წარმომადგენელი. და ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ სირიაში დღეს მიღებული გამოცდილება მოგვიანებით მათ ჩვენთან სახლში გამოიყენონ“.

16 ოქტომბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ყაზახეთის დედაქალაქში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 2020 წლამდე სამხედრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თანამეგობრობის ქვეყნებს შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა აუცილებელია ავღანეთში შექმნილი რთული ვითარების გამო:

„ავღანეთში ვითარება კრიტიკულს უახლოვდება. სხვადასხვა ჯურის ტერორისტები სულ უფრო მეტ გავლენას აღწევენ და არ მალავენ თავიანთ მიზნებს, რომელთაგან ერთ-ერთი ცენტრალური აზიის რეგიონში გაჭრაა“.

დსთ-ის სამიტში, რომელიც 16 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა, თანამეგობრობაში შემავალი ყველა ქვეყნის - ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, რუსეთის, ბელორუსიისა და აზერბაიჯანის - ლიდერები მონაწილეობდნენ. მოსკოვის ლიდერობით შექმნილი დსთ-ს უმაღლესი დონის შეხვედრას დამკვირვებლების სახით ესწრებოდნენ მოლდავეთის, თურქმენეთისა და, მათ შორის, უკრაინის წარმომადგენლები, რაც ძალიან ნიშანდობლივია იმ ფონზე, როდესაც უკრაინა მწვავედ აკრიტიკებს რუსეთს მისი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ფინანსური და საბრძოლო დახმარების გამო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG