Accessibility links

logo-print

ქართველი სამხედროების 22-ე ბატალიონი ავღანეთში გააცილეს


22-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი

22-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი

30 სექტემბერს ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში "მტკიცე მხარდაჭერის" საერთაშორისო მისიაში ჩართვისთვის ქართული კონტინგენტის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ამჯერად ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ეროვნული გვარდიის ოცეული ჩაანაცვლებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, 23-ე ბატალიონის ალფა ასეული და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობის დაქვემდებარებაში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს. ავღანეთში სამხედროების გაცილების ცერემონია ვაზიანში დილაადრიან გაიმართა.

ქართველ სამხედროებს გაცილების ცერემონიაზე სიტყვით მიმართა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. მან სამშვიდობოებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართეს ასევე თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

22-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი

22-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი

დავით ებრალიძის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს საქართველო საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ქართველი სამხედროები მისიაში 2016 წლამდე იქნებიან ჩართულნი.

"ჯერჯერობით, როგორც ცნობილია, ჩვენ ამ მისიაში მონაწილეობის მიღებას 2016 წლამდე გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ქართველ სამხედროებს შეუძლიათ სხვა მისიებშიც მიიღონ მონაწილეობა. მათი პროფესიონალიზმი უდავოა, მაგრამ ეს დამოკიდებულია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყანა და პოლიტიკური ხელმძღვანელობა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

„საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ თავგანწირვით, რომელსაც მისი შვილები ავლენენ“, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ვაზიანში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალის დასრულების შემდეგ და კიდევ ერთხელ მწუხარება გამოხატაგასულ კვირას ავღანეთში სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველი ჯარისკაცის, ვასილ ყულჯანიშვილის, დაღუპვის გამო.

"თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის და შეიარაღებული ძალების სარდლობის წყალობით, დღეს აქ ყოფნის და ცერემონიალში მონაწილეობის პატივი მერგო. მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იამაყონ იმ სამსახურით, რომელსაც მუდმივად ადასტურებენ ამ ქვეყნის სამხედროები, ასევეიმ წვლილით, რომელიც მათ საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობის საქმეში შეაქვთ. საქართველოს ასევე შეუძლია იამაყოს თავგანწირვით, რომელსაც მისი შვილები ავლენენ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს გახლდათ რიგითი ყულჯანიშვილი. ვამაყობ ასევე ჩვენი ამერიკელი საზღვაო ქვეითებით, რომლებიც წვრთნებს გადიოდნენ ქართველების მხარდამხარ და წლების განმავლობაში ავღანეთის მისიაში ერთად მონაწილეობენ", - განაცხადა კელიმ.

ჩვენი სამხედროები შეაფასეს როგორც ამერიკელმა, ისე ჩვენმა გამოცდილმა ინსტრუქტორებმა. ამ ეტაპზე ბატალიონს სრული მზადყოფნა აქვს მის წინაშე დასმული ამოცანების მაღალხარისხიანად შესასრულებლად...

როგორც ჟურნალისტებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ განუცხადა,იმ სამხედროებს, რომლებიც ავღანეთში მიემგზავრებიან, აბსოლუტურად მაღალი მოტივაცია აქვთ და მზად არიან შეასრულონ მათთვის დაკისრებული მისია. პოლკოვნიკის თქმით, ქართველი სამხედროები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება:

„22-ე ბატალიონი, 23-ე ბატალიონის ნაკრები ასეული და გვარდიის ოცეული მზად არიან შეასრულონ ის მისია, რაც ჩვენს ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ ავღანეთში. ეს არის სრული სპექტრის ოპერაციები ავღანეთში, რომელსაც ჩვენი ქვედანაყოფები აწარმოებენ. ეს არის ძირითადად პატრულირება, ბაზის დაცვა“.

ვიცე-პოლკოვნიკ მანუჩარ ბარბაქაძის განცხადებით, ბატალიონმა საგანგებო მომზადება აპრილში დაიწყო და მათი მომზადების დონე გერმანიაში შეფასდა:

„ჩვენი სამხედროები შეაფასეს როგორც ამერიკელმა, ისე ჩვენმა გამოცდილმა ინსტრუქტორებმა. ამ ეტაპზე ბატალიონს სრული მზადყოფნა აქვს მის წინაშე დასმული ამოცანების მაღალხარისხიანად შესასრულებლად“.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში 900-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ერთი კვირის წინ ავღანეთში მისიის შესრულებისას რიგით 31-ე ქართველი სამხედრო, 21 წლის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი დაიღუპა, რომელიც მშობლიურ ქალაქ რუსთავში 29 სექტემბერსსამხედრო პატივით დაკრძალეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG