Accessibility links

logo-print

ანექსიის მიზანი: სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა სახელს იცვლის


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა სახელის გამოსაცვლელად ემზადება. ე. წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 6 თებერვალს, საღამოს, ხელი მოაწერა განკარგულებას შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. გადაწყვეტილია, რომ რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდეს. სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც ჩრდილოეთ ოსეთში, სამომავლოდ ალანიის გაერთიანებული რესპუბლიკის დაარსებას რუსეთის შემადგენლობაში ერთობლივად დამკვიდრების პერსპექტივად განიხილავენ. ოკუპირებული რეგიონისთვის სახელის გადარქმევის განზრახვას აპროტესტებენ თბილისში და მას რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად მიიჩნევენ. რამდენად სიცოცხლისუნარიანია ცხინვალის განზრახვა?

როდესაც განკარგულებას აწერდა ხელს, ლეონიდ თიბილოვის განმარტებით, ის ხელმძღვანელობდა ოსი ხალხის ისტორიული მეხსიერებითა და ძალიან დიდი ხნის სურვილით - დაებრუნებინათ ალანიის სახელმწიფო. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ უკვდავ სახელს - ალანიას - ისინი რუსეთის ფედერაციაში შემავალ ძმურ რესპუბლიკასთან - ჩრდილოეთ ოსეთთან - ძმურად იზიარებენ და როგორც 1994 წლის შემდეგ გაჩნდა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, ასევე დაარსდება აპრილის რეფერენდუმის შედეგად სამხრეთ ოსეთი-ალანია.

ახლო პერსპექტივაში გარდაუვალია ორი ოსეთის გაერთიანება. ამიტომ, გაუგებარი სიტუაციების თავიდან ასაშორებლად, სახელი ოსეთის სამხრეთ ნაწილსაც უნდა გადაერქვას და მისი სახელი უნდა იყოს სამხრეთ ოსეთი-ალანია...

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი, ჟანა თარხანოვა, იუწყება, ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებას ზოგიერთები წინასაარჩევნო პიარსვლადაც მიიჩნევენ, თუმცა თავად ამ იდეას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში. ეს იდეა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დამკვიდრების სამომავლო პერსპექტივად განიხილება და სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები საზოგადო მოღვაწე ტამერლან ცომაევი:

„ახლო პერსპექტივაში გარდაუვალია ორი ოსეთის გაერთიანება. ამიტომ, გაუგებარი სიტუაციების თავიდან ასაშორებლად, სახელი ოსეთის სამხრეთ ნაწილსაც უნდა გადაერქვას და მისი სახელი უნდა იყოს სამხრეთ ოსეთი-ალანია. ასეთ შემთხვევაში ყველა შეკითხვა გაქრება. რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანებული ოსეთი უნდა იყოს. მას, უბრალოდ, უნდა ერქვას რესპუბლიკა ოსეთი-ალანია“.

ცხინვალის განზრახვის უკან ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯსა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიზნებს ხედავს თბილისი. 7 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 9 აპრილისთვის დანიშნულ რეფერენდუმს სრულიად უკანონოდ მიიჩნევს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას „გამოიჩინოს პრინციპულობა რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების მიმართ, მიიღოს სათანადო ზომები, რათა არ დაუშვას საქართველოს ცხინვალის რეგიონში ვითარების ესკალაცია და ყველა ღონე იხმაროს ევროპაში უკანონო ანექსიის კიდევ ერთი მაგალითის გამეორების შესაჩერებლად“.

„რუსეთის საოკუპაციო ძალამ განიზრახა საქართველოს ძირძველ რეგიონს უწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“, „ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას“ ანალოგიურად, რათა მოამზადოს საფუძველი ოკუპირებული რეგიონის უკანონო ანექსიისთვის. რუსეთის ფედერაციამ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევით,ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენციის შემდეგ აღიარა ცხინვალის რეგიონის ე. წ. დამოუკიდებლობა, რის შემდეგაც ეწევა ოკუპირებული ტერიტორიის ფაქტობრივ ანექსიას. საქართველოს ოკუპირებული რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭებით მოსკოვი იწყებს დარჩენილი ინსტრუმენტების ამოქმედებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის აუცილებლობაა ხაზგასმული ასევე წერილობით განცხადებაში, რომელიც სამშაბათს (7 თებერვალს) საქართველოს პრეზიდენტის სახელით გამოქვეყნდა. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ „პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას, ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გვევლინება რუსეთის ფედერაცია“. პრეზიდენტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია:

მე ყურით მოთრეული მგონია თვითონ შიდა ოსური დისკუსიისთვის ამ თემის წამოწევა. ეს ემსახურება გარკვეულ პოლიტიკურ მანიპულაციებს გარკვეული პოლიტიკური ელიტის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ან ხელისუფლებაში მეტი ხნით დარჩენისათვის...

„ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი ანექსიისაკენ“.

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესების ხელყოფის შემთხვევაში საერთაშორისო დონის განგაში რომ უნდა ატეხოს, ეს ბუნებრივ აუცილებლობად მიაჩნია ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარეს, ნინო კალანდარიშვილს, რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია სახელის შეცვლა ცხინვალის რეგიონისთვის, თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ალანიის გაერთიანებული რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში დამკვიდრების იდეა სიცოცხლისუნარიანი არ არის და მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოხვეჭის მიზნებს ემსახურება. ანალიტიკოსის თქმით, ასეთი პერსპექტივის გარშემო არანაირი კონკრეტული კონცეფცია არ არსებობს და საკითხი აბსოლუტურად დაუმუშავებელია:

„მე ყურით მოთრეული მგონია თვითონ შიდა ოსური დისკუსიისთვის ამ თემის წამოწევა. ეს ემსახურება გარკვეულ პოლიტიკურ მანიპულაციებს გარკვეული პოლიტიკური ელიტის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ან ხელისუფლებაში მეტი ხნით დარჩენისათვის. აქ მეორე საკითხიც არის, რამდენად უნდათ ჩრდილოეთელ ოსებს სამხრეთ ოსეთის მიერთება და ერთ ქოთანში მოხარშვა ყველა იმ ეკონომიკური და სოციალური პრობლემის, რაც შეიძლება ამ გაერთიანებას მოჰყვეს“.

ნინო კალანდარიშვილის თქმით, სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის მკვიდრთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა მათ ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობას მოუტანს, რაც, თავისთავად, მცდარი მოსაზრებაა. კონფლიქტოლოგის აზრით, სავიზო ლიბერალიზაციის სიკეთეების სწორად და ფრთხილად შეთავაზება თბილისს შესაძლებლობას მისცემს ნელ-ნელა შეცვალოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა პოზიცია და მათი ხედვა სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG