Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსგავსებები და განსხვავებები სამხრეთკავკასიურ კონფლიქტებს შორის


სოფელი იუხარიუსუზლი ტოვუზის რაიონში მდებარეობს. სოფლის ახლოს, მთაზე, აზერბაიჯანული არმიის საგუშაგო მოჩანს. იქიდან არც ისე შორს უკვე სომხეთის საზღვარია. იქაც ჯარისკაცები დგანან. სოფელი ხშირად იბომბება, მაგრამ აქაურები ცხოვრებას მაინც განაგრძობენ და მშვიდობაზე ფიქრობენ. ჩვენი მასპინძელი ტარიელ აბასოვია. იგი სოფელში არსებულ ვითარებაზე გვიყვება. იუხარიუსუზლის დენი, გაზი და ინტერნეტი შეუფერხებლად აქვს, გზაც გაჰყავთ, მაგრამ მთავარი პრობლემა აქ მაინც დაუცველობის შეგრძნება და უმუშევრობაა. ამ სოფელში ყველაზე მეტად მშვიდობა უნდათ, მაგრამ უფრო ხშირად აქ იარაღის სროლა ისმის.

მსგავსება და განსხვავება ქართულ-ოსურ-აფხაზურ და აზერბაიჯანულ-სომხურ კონფლიქტებს შორის - ამ თემებს განიხილავდნენ აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურში ჩასული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლები და ჟურნალისტები აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. 2016 წლის აპრილში კონფლიქტის ყველაზე ცხელი ფაზა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით, ტერტერის და აგდამის რაიონებში იყო, სადაც სროლას ნგრევა მოჰყვა, დაიჭრნენ და დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. მოსახლეობის ნაწილი დევნილად იქცა.

მინგეჩაური
მინგეჩაური

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ავაზ გასანოვი ამბობს, რომ ამ მცირეხნიანმა ომმა დაამსხვრია მითი აზერბაიჯანის სტაბილურობის შესახებ, მაგრამ, ამავე დროს, გააჩინა იმედიც, რომ აზერბაიჯანული არმია ის აღარ არის, რაც რამდენიმე წლის წინ იყო. ყარაბაღის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა დაიკავეს. აზერბაიჯანელმა და ქართველმა კოლეგებმა კონფლიქტის ზონებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს თითქმის იდენტური პრობლემები აქვთ - მაგალითად, უმუშევრობა, უსაფრთხოების არარსებობა, სოციალური პრობლემები, გართულებული წვდომა საკუთარი მიწის ნაკვეთებზე და იქიდან მოსავლის გამოტანის პრობლემები, სასმელი და სარწყავი წყალი. საქართველოშიც, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც კონფლიქტის ზონის მცხოვრებლები მსგავს პრობლემებს აწყდებიან. ერგნეთის მკვიდრმა ლია ჩლაჩიძემ ტოვუზის რაიონი საკუთარი თვალით ნახა. მისი დაკვირვებით, აქ მეორე მხარის შეიარაღებული ძალები უფრო მოშორებით დგანან, ერგნეთში კი საოკუპაციო ხაზი მის სახლიდან რამდენიმე მეტრში გადის.

შეხვედრაზე ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა მოქალაქემ გულისტკივილით თქვა, საქართველოში ერთ მხარეს მაინც უნდა კონფლიქტის მოგვარება, აქ კი ამის ნება არავის გააჩნიაო. ადამიანები მშვიდობაზე ლაპარაკობენ, დაიღალნენ გამუდმებული სროლებით, მაგრამ მაღლიდან ვერ გრძნობენ კონფლიქტის გადაჭრის სურვილს. საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანში სამოქალაქო სექტორი სუსტია. ადამიანებს ხშირად აზრის გამოთქმასაც უკრძალავენ, ადგილობრივ მედიაში კონფლიქტების გაშუქება მხოლოდ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ხდება. ჟურნალისტებმა კი, ვიდრე საზღვრისკენ წავლენ, აკრედიტაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში უნდა გაიარონ, კონფლიქტის ზონაში მათი გადაადგილება დამოუკიდებლად შეუძლებელია. „დაუმორჩილებელ“ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს სჯიან - ემუქრებიან, ფიზიკურად უსწორდებიან ან მოგონილი ბრალდებებით ციხეში უშვებენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სეიმურ კაზიმოვი ამბობს, რომ კონფლიქტის ზონაში მოქალაქეების ცხოვრება ძალიან მძიმეა, რადგან ომის სისასტიკე ყველაზე მეტად სწორედ მათ ეხებათ.

შეხვედრის მონაწილეეები
შეხვედრის მონაწილეეები

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის ავაზ გასანოვის აზრით, კონფლიქტების მოგვარებას ხელს ბევრი ფაქტორი უშლის. მისი თქმით, კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობის დეფიციტი, პროპაგანდა და მისი გავლენა ადამიანებზე, სტერეოტიპები და პოლიტიკური ნების უქონლობა კონფლიქტების მოგვარებას აჭიანურებს. გასანოვის დაკვირვებით, საქართველოში, არსებული კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, მეტი პროგრესი შეინიშნება, ვიდრე აზერბაიჯანსა და სომხეთში, ამიტომ, მისი აზრით, კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებულ ადამიანებს შორის გამოცდილების გაცვლა მნიშვნელოვანია.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, შეხვედრის ორგანიზება საერთაშორისო ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიომ“ (Saferworld) უზრუნველყო. ორგანიზაციის კავკასიის პროექტების მენეჯერი ნათია ნადირაძე ამბობს, რომ ასეთი კავშირებით ადამიანები ერთმანეთის შესახებ ბევრ საინტერესოს იგებენ, ცვლიან ინფორმაციას, გამოცდილებას და, რაც ყველაზე მთავარია, გამოხატავენ მზადყოფნას მონაწილეობა მიიღონ მშვიდობის მშენებლობაში.

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, სოფელ იუხარიუსუზლის მთაზე, ადგილობრივი მცხოვრებლები კიდევ დიდხანს ნახავენ შეიარაღებულ პირებს, ხშირად გაიგონებენ სროლის ხმას და კიდევ დიდხანს იოცნებებენ მშვიდობაზე...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG