Accessibility links

იქცევა თუ არა მისაღებ გამოცდად „სამოქალაქო განათლება“


გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, „სამოქალაქო განათლება“ მისაღები გამოცდების ნუსხას არჩევით გამოცდად უნდა დაემატოს. მაია მიმინოშვილის მოსაზრებით, ამ საგნისთვის გამოცდის სტატუსის მინიჭება უმაღლეს სასწავლებლებზე იქნება დამოკიდებული. „სამოქალაქო განათლებისთვის“ მისაღები გამოცდის სტატუსის მინიჭებას არ ეთანხმებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. უნდა იყოს თუ არა „სამოქალაქო განათლება“ მისაღებ გამოცდათა ნუსხაში? როგორ ისწავლება დღეს სამოქალაქო განათლება და რამდენად სერიოზულად აღიქმება ეს საგანი სკოლებში?

პროფესიით ფსიქოლოგი რუსუდან მინაშვილი მე-60 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებს უკვე ერთი წელია ასწავლის. დღეს მათი გაკვეთილის თემაა ოჯახი. როგორც რუსუდანი გვეუბნება, ამ თემას ის მოსწავლეებთან ერთად უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ოჯახური ძალადობის ფაქტების ფონზე განიხილავს. ამბობს, რომ მოსწავლეები დისკუსიის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი:

„გვაქვს სიტუაციური ამოცანები და მეცადინეობა მიმდინარეობს ჯგუფურად. თითო ჯგუფში ერთიანდება ოთხი-ხუთი ბავშვი. ისინი ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს უზიარებენ, ვაჯამებთ ამ თემებს, ვის როგორ მიაჩნია არსებული პრობლემიდან გამოსავლის გზა, თუნდაც ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, და ა.შ.. აზრთა სხვადასხვაობით მივდივართ კონკრეტულ საკითხებამდე“.

როცა საქმე სამოქალაქო განათლებას ეხება, აქ ფაქტების ცოდნაზე მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლის უნარები და კომპეტენციები და, ამდენად, გამოცდის დაწესება, მგონია, რომ გამოიწვევს ვექტორის შეცვლას...

საგანი, სახელწოდებით „სამოქალაქო განათლება“, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2006 წლიდან ისწავლება. სკოლის საწყის საფეხურზე მას ინტეგრირებული ხასიათი აქვს და საკითხები გადანაწილებულია როგორც ისტორიის, ისე გეოგრაფიის საგნებში. მეცხრე და მეათეკლასელებისთვის სამოქალაქო განათლება სავალდებულო საგანს წარმოადგენს და ის კვირაში ორჯერ ისწავლება. რაც შეეხება დამამთავრებელ მე-11 და მე-12 კლასებს იქ სამოქალაქო განათლება არჩევითი საგნის ხასიათს იძენს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გამოდის ინიციატივით, რომ სამოქალაქო განათლება მისაღებ გამოცდებზე ერთ-ერთ არჩევით გამოცდად იქცეს. მისი სიტყვებით, ამ შემთხვევაში არჩევანი უმაღლეს სასწავლებლებზეა:

„უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა მიიღოს, პირველ რიგში, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, სჭირდება თუ არა მას კონკრეტულ ფაკულტეტზე სავალდებულო გამოცდად გამოაცხადოს ეს საგანი. მხოლოდ ამის შემდეგ მოუწევთ იმ აბიტურიენტებს იმ გამოცდის ჩაბარება, თუ ეს კონკრეტული ფაკულტეტი აირჩიეს“.

დემოკრატიული საზოგადოების შენების პროცესში სამოქალაქო განათლების საკითხის დაწინაურებას მიიჩნევს მაია მიმინოშვილი თავისი ინიციატივის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. ის თვლის, რომ სასკოლო საფეხურზე ვერ ექცევა აღნიშნულ საგანს სათანადო ყურადღება და ამბობს, რომ ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. მაია მიმინოშვილის აზრს, რომ სამოქალაქო განათლება ე.წ. მეორეხარისხოვან საგნად ითვლება სკოლებში, ეთანხმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ექსპერტი ნიკო სილაგაძე. ის ამბობს, რომ, სამწუხაროდ, სკოლებში ამ საგანს ხშირად საათების შესავსებად იყენებენ, თუმცა, მისი თქმით, ახალ სასწავლო გეგმაში, რომელიც სწორედ ახლა იწერება, სამოქალაქო განათლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საგნად მოიაზრება და იგეგმება, რომ მას სავალდებულო საგნის სტატუსი სკოლის დაბალ საფეხურზეც მიენიჭოს:

„საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება დაიწყება მესამე კლასიდან და არა მეხუთედან. თემები, როგორიც არის ოჯახი, სკოლა, ძალადობა, საზოგადოება და ა.შ... საგანს მიეცემა სახელწოდება „მე და საზოგადოება“. მესამე-მეექვსე კლასში ეს საგნები იქნება ინტეგრირებული სხვა საზოგადოებრივ საგნებთან და შემდეგ კი, მეშვიდე კლასიდან, ძალიან გვინდა, რომ ეს საგანი იქცეს სავალდებულო საგნად, მაღალი კლასების ჩათვლით“.

რაც შეეხება მისაღებ გამოცდებზე სამოქალაქო განათლების არჩევით გამოცდად დაწესებას, ნიკო სილაგაძე გამოცდების ეროვნული ცენტრის ამ ინიციატივას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. მას ასეთი არგუმენტი აქვს:

„ეს გამოიწვევს აქცენტის გადატანას ფაქტოლოგიურ ცოდნაზე, კანონებიდან რაღაც მუხლების დაზეპირებას, ანუ ისეთ ცოდნაზე, რომელიც შეიძლება, რომ ტესტების სახით გაიზომოს და შემოწმდეს. რეალურად კი ეს ძალიან არასასურველია, რადგან, როცა საქმე სამოქალაქო განათლებას ეხება, აქ ფაქტების ცოდნაზე მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლის უნარები და კომპეტენციები და, ამდენად, გამოცდის დაწესება, მგონია, რომ გამოიწვევს ვექტორის შეცვლას“.

თამარ მოსიაშვილი

თამარ მოსიაშვილი

სამოქალაქო განათლებისთვის მისაღები გამოცდის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი. მისი თქმით, ე.წ. სახალისო აქტივობებს, რომელიც სკოლებში სამოქალაქო განათლების ფარგლებში მიმდინარეობს, ჩაანაცვლებს ტესტებზე ორიენტირებული სწავლება, რაც, მისი თქმით, არ არის მისაღები:

„სამოქალაქო განათლება არის თავისებური საგანი, რომელსაც თავისებური მიდგომა უნდა, ამ საგნის სწავლებას, და სამოქალაქო განათლების ტესტებთან დაკავშირება, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა ღიმილის მომგვრელია“.

2010 წლის შემოდგომაზე სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სამოქალაქო განათლების საჭიროებათა პირველი მასშტაბური გამოკვლევა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1600-ზე მეტმა რესპონდენტმა საქართველოს 10 რეგიონიდან. რესპონდენტებს შორის იყვნენ მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები. გამოკვლევის მიხედვით, ყველა კატეგორიის რესპონდენტები თანხმდებოდნენ, რომ სამოქალაქო განათლების საგნის არსებობა სკოლის სასწავლო პროგრამაში საჭიროა და აუცილებელიც კია შექმნილ სოციალურ და კულტურულ გარემოში. გამოკითხულ მოსწავლეთა 79%-მა დადებითად შეაფასა სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების საჭიროება, მათგან 50%-ის აზრით, საგნის სწავლება აუცილებელია. ამასთან, შედარებით ნაკლები ენთუზიაზმი შეინიშნებოდა ამ საკითხის მიმართ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებში. მაშინ გამოკითხული რესპონდენტები მიუთითებდნენ პედაგოგთა ნაკლებკვალიფიციურობაზე. როგორც ჩანს, ეს პრობლემა ოთხი წლის თავზეც არ ამოწურულა ბოლომდე. ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ნიკო სილაგაძეც. მისი თქმით, დღესდღეობით სამოქალაქო განათლების სფეროში სერტიფიცირებული პედაგოგების სიმცირეა. რაც შეეხება სახელმძღვანელოს, რომელსაც 2012 წელს მიენიჭა გრიფი, ის მიიჩნევს, რომ ამ საგანში სახელმძღვანელოს ფაქტორი ნაკლებმნიშვნელოვანია, რადგან, მისი თქმით, ეს ის საგანია, რომელიც სახელმძღვანელოზე დაყრდნობით არ უნდა ისწავლებოდეს და რომელიც პედაგოგის უნარებზე უფროა დამყარებული. სწორედ ამიტომ ნიკო სოლაგაძე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მასწავლებლის შესაძლებლობებს, რათა მან უყურადღებოდ არ დატოვოს სამოქალაქო განათლებისათვის უმთავრესი აქცენტები და ღირებულებები.

XS
SM
MD
LG