Accessibility links

logo-print

საქართველოში დაიწყო სამოქალაქო კამპანია „შეწყვიტე“, რომელიც ქალთა მკვლელობებს უკავშირდება. არასამთავრობო სექტორის გარდა, ქალების მკვლელობებს და, ზოგადად, ოჯახში ძალადობას ეხმაურება ხელისუფლებაც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უახლოეს დღეებში ხელისუფლება სამთავრობო ხედვასაც წარმოადგენს.

23 მოკლული ქალი ერთი წლის განმავლობაში - ასეთია მშრალი და, სამოქალაქო სექტორის შეფასებით, საგანგაშო სტატისტიკა. ქალთა მიმართ ძალადობის შესაკავებლად საზოგადოებრივი კამპანია „შეწყვიტე“ მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ძალადობის პრევენციას. კამპანიაში ერთიანდებიან ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები. ხელისუფლება კი თავის ხედვას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში წარმოადგენს:

„ამ დღეებში აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ჩამოყალიბებული, რომელზეც გვსურს ვისაუბროთ და შევთავაზოთ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, არის დასაგმობი და ყოვლად მიუღებელი ის, რაც ხდება, და ამის თაობაზე ჩვენ უახლოეს დღეებში წარვუდგენთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას“.

მე დღესაც ვარ უკმაყოფილო იმით, რომ ჩემი თანამშრომლის სოფო ზურაბიანის საქმე არ მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და მიმდინარეობს სასამართლოში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით...

ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ამ ხედვასთან დაკავშირებით უფრო მეტი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა და მედიასთან საუბარში ქალთა მკვლელობების საქმის გამოძიების თაობაზეც გამოხატა უკმაყოფილება:

„მაგალითად, მე დღესაც ვარ უკმაყოფილო იმით, რომ ჩემი თანამშრომლის სოფო ზურაბიანის საქმე არ მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და მიმდინარეობს სასამართლოში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით. არადა, ჩემი, როგორც ქალის გადასახედიდან, სახეზეა მკვლელობა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივ სამთავრობო ხედვაზე, თუ როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პრევენციის, არამედ რეპრესიის მექანიზმიც. ქმრები, რომლებიც ხედავენ, რომ ქალის კვლა კვალიფიცირდება ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით, რა თქმა უნდა, ამგვარ კვალიფიკაციას არ აქვს გადამარწმუნებელი ეფექტი. ამიტომ მკვლელობას უნდა დაერქვას მკვლელობა და მე ამ პრობლემის შესახებ თვეებია ვსაუბრობ“.

ფემიციდის თაობაზე თავისი დამოკიდებულება გამოხატა პრეზიდენტმაც. გიორგი მარგველაშვილმა ამ თემაზე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ ილაპარაკა:

„იყო ასეთი იდეა, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რომ 2015 წელი გამოცხადდეს ქალის წლად, როდესაც ამ ძალიან მძიმე პრობლემას ჩვენ დავუპირისპირდებით ერთობლივად. ჩვენ შეხვედრა დავიწყეთ იმით, რომ ჩვენ ავიღეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რაც სახელმწიფოს გააჩნია, მაგრამ მერე მოხდა იმის გააზრება, რომ მარტო სახელმწიფო ამას ვერ დაძლევს და ჩვენ ყველას გვჭირდება ერთად დგომა“.

ტელევიზიით ჩვენ ვხედავთ ჩვენი მაღალი თანამდებობის პირებს მეუღლეებთან ერთად, ცალკეული გამონაკლისის - გამონაკლისის და არა გამონაკლისების - გარდა, ეკლესიაში და გასვენებაში. სხვა ფუნქცია ქალს არ აქვს და საზოგადოებამაც ჩათვალა, რომ ეს ასე უნდა იყოს და მოსწონთ...

როგორც პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ მანანა ნაჭყებიამ აღნიშნა პრესკონფერენციაზე, ფემიციდი, რომლის წინაშეც ახლა საზოგადოება აღმოჩნდა, დიდწილად განპირობებულია არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მიზეზებით, არამედ საზოგადოების მენტალური დამოკიდებულებით და ამაში კი თავისი წვლილი მიუძღვით პოლიტიკოსებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ ქალის ხატს:

„დააკვირდით რა ხდება. ტელევიზიით ჩვენ ვხედავთ ჩვენი მაღალი თანამდებობის პირებს მეუღლეებთან ერთად, ცალკეული გამონაკლისის - გამონაკლისის და არა გამონაკლისების - გარდა, ეკლესიაში და გასვენებაში. სხვა ფუნქცია ქალს არ აქვს და საზოგადოებამაც ჩათვალა, რომ ეს ასე უნდა იყოს და მოსწონთ, რომ ქართველი ქალი უნდა იყოს ასეთი კდემამოსილი, მარტო უნდა იყოს ეკლესიაში, სამზარეულოში და გასვენებებში“.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი გენდერული თანასწორობის თაობაზე და პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო ცვლილებები კანონში „ოჯახში ძალადობის შესახებ“, რომლითაც ქორწინების იძულების კრიმინალიზაცია მოხდა და ცვლილება შევიდა ბევრ სხვა მუხლშიც, დეპუტატი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ კანონების მიზნები და რეალური შედეგები ერთმანეთთან კორელაციაში ვერ მოდის. მისი თქმით, შესაძლოა სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის მუხლის გამოყოფაც კი იყოს საჭირო. ამასთან, საკუთრების უფლებებშიც უნდა შევიდეს ცვლილებები ქალთა უფლებრივი მდგომაროების გასაუმჯობესებლად:

25 ნოემბერს იწყება 16-დღიანი კამპანია, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრისკენ არის მიმართული და სწორედ ამ დღეს ვაპირებთ, რომ გავმართოთ ფართომასშტაბიანი სახალხო აქცია...

„სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდი ცალკე დანაშაული უნდა გახდეს და ამაზე უნდა დავიწყოთ უფრო კომპეტენტური და ღრმა მსჯელობა პარლამენტში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ქალის საკუთრების უფლება და მივადექი სწორედ იმ საკითხს, როდესაც, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, არსებობს თანასწორი შესაძლებლობები, მაგრამ არ არსებობს თანასწორი შედეგები. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ქალი არის ისეთივე თანაბარი მემკვიდრე, როგორიც კაცი, მაგრამ ძირითად შემთხვევებში ქონებას უტოვებენ ვაჟებს. შესაბამისად, ქალი ყოველგვარი ქონებრივი და ეკონომიკური გარანტიების გარეშე სრულიად დაუცველი რჩება. საბავშვო ბაღებიდან უნდა დაიწყოს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, ოჯახში ძალადობის მავნე შედეგებთან დაკავშირებით ბავშვების აღზრდა და განათლება“.

თავის მხრივ, დამოუკიდებელი ფემინისტები ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც კავშირ „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ აღნიშნა, აქცია მასშტაბური იქნება და ის მხოლოდ ერთდღიანი პროტესტით არ შემოიფარგლება:

„25 ნოემბერს იწყება 16-დღიანი კამპანია, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრისკენ არის მიმართული და სწორედ ამ დღეს ვაპირებთ, რომ გავმართოთ ფართომასშტაბიანი სახალხო აქცია, საქართველოს ყველა რეგიონის ჩართულობით, რომელიც ხელისუფლებას დაანახვებს საზოგადოების მობილიზაციას ამ თემასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ადამიანს აწუხებს რეალურად ეს პრობლემა და იქნება კონკრეტული მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ“.

XS
SM
MD
LG