Accessibility links

logo-print

ხარკოვიდან დაწყებული მძლავრი სამოქალაქო მოხალისეობრივი მოძრაობა


ომის ფოტოების გამოფენა ხარკოვის ცენტრში

ომის ფოტოების გამოფენა ხარკოვის ცენტრში

„ფრონტისპირა და ფეთქებადსაშიში“ -ასეთად მიიჩნევენ ხარკოველები საკუთარ ქალაქს. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, უკრაინელებიც და სხვა ერების წარმომადგენლებიც, ძირითადად რუსულად საუბრობენ. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრამდე 30 კილომეტრია. სწორედ ამის გამო იყო, რომ დონბასში დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების დროს ხარკოველებიც ელოდნენ მათ ქალაქში რუსეთიდან გადმოსული სამხედრო ფორმირებების შეჭრას. ქალაქში აფეთქებები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხდება. უკრაინელებმა ბოლშევიკთა და საბჭოთა ლიდერთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყეს. ქარხნის ტერიტორიიდან ერთ-ერთი მათგანის, სერგო ორჯონიკიძის, ძეგლიც აიღეს. ეს ამბავი ძირითადად ღამით ხდება და ქალაქის მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა. ადგილობრივი ანალიტიკოსები გვეუბნებიან, რომ მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი რუსეთის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი და მათ ანტიმოედნელებს უწოდებენ. დარჩენილი 40 პროცენტი თავს პატრიოტს უწოდებს. მოსახლეობის ეს ნაწილი ძალიან აქტიურია. რამდენიმე თვის წინ, ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებამდე, ხარკოვში ხელისუფლება ხელიდან ხელში გადადიოდა. ანტიმოედნელებმა 2-ჯერ ჩაიგდეს ხელში ადმინისტრაციული შენობები, მაგრამ საბოლოოდ ხარკოვის მერიისა და სამხარეო საბჭოს თავზე ისევ უკრაინის დროშა აფრიალდა. ახლა ადმინისტრაციული შენობის წინ უკრაინის დროშის ფერებში კარავია გაშლილი და იქ მყოფი ადამიანები არმიისთვის შემწეობას აგროვებენ. არმიის გარდა შემწეობა იძულებით გადაადგილებულ პირებსაც სჭირდებათ. მათ დასახმარებლად ხარკოვში არაერთი სამოქალაქო მოძრაობა შეიქმნა. მოხალისეობრივი ორგანიზაცია „სტანცია ხარკოვი“ პრაქტიკულად სოციალური ქსელებიდან აგორდა. ახალგაზრდა აქტივისტები დონბასიდან გამოსულ დევნილებს სადგურში ხვდებოდნენ და ეხმარებოდნენ. მოგვიანებით ქალაქში რამდენიმე ოფისი გაიხსნა, ახლა იძულებით გადაადგილებული პირები ყველა საჭიროებისთვის მათ მიმართავენ. მოხალისეები გულისტკივილით ამბობენ, რომ მთავრობა დევნილებს არაფრით ეხმარება და კონფლიქტის ზონიდან გამოსულები ისევ შემოწირულებების იმედად რჩებიან. იულია პიმენოვას მეტსახელად „პჩიოლკას“ ეძახიან. გასული წლის პირველი ივნისიდან მოყოლებული, ის ყოველდღე ფუტკარივით დაუღალავად შრომობს დევნილთათვის გახსნილ ცენტრებში. მისი თქმით, ამ ადამიანებს განსახლებისა და საჭირო ნივთების მოძიების გარდა სამუშაოს მოძებნაშიც ეხმარებიან.

ინა ტარანენკო ლუგანსკიდან 2 შვილთან ერთად გამოვიდა. დაბომბვისას მისი სახლი დაინგრა. ხარკოვში ჩასულმა, პირველი დახმარება ორგანიზაცია „სტანცია ხარკოვის“ მოხალისეებისგან მიიღო. მოგვიანებით თვითონაც ამ ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა და ახლა კონფლიქტის ზონიდან გამოსულ სხვა იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხმარება.

„მშვიდობა და წესრიგი“ - ასე ჰქვია საქველმოქმედო ფონდს, რომელიც, დევნილების გარდა, არმიას ეშველება. ორგანიზაცია პირდაპირ კონტაქტზე გადის კონფლიქტის ზონაში მყოფ ოფიცრებთან, იგებენ საჭიროებებს და ტვირთს ადგილზე გზავნიან. ორგანიზაციის მოხალისეები არ თანამშრომლობენ თავდაცვის სამინისტროსთან, რადგან ამ უწყების მიმართ ნდობა ნაკლებია. ისინი პრიორიტეტს ომში მყოფ ბატალიონებს ანიჭებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარია ანდრეასი ამბობს, რომ ამ საქმიანობამ მთელ უკრაინაში უამრავ ადამიანთან დაამეგობრა, ომმა კი უკრაინელების დიდი ნაწილი გააერთიანა.

უკრაინელები ასეთ საქველმოქმედო მოხალისეობრივ ორგანიზაციებსაც არაერთგვაროვნად აფასებენ. უფრო რადიკალები დონბასიდან გამოსულ დევნილებს მოღალეტეებად მიიჩნევენ, რადგან თავის დროზე ისინი იქ შესულ დაჯგუფებებს პუტინის სურათებითა და დროშებით ხვდებოდნენ. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, დახმარება უნდა აღმოუჩინონ. ჰუმანიტარული მისია „პროლისკა“ (ენძელა) კონფლიქტის ზონაში დარჩენილ მოქალაქეებს ეხმარება. ადგილზე ჩააქვთ ტვირთები და ვისი გამოყვანაც აუცილებელია, მათ ევაკუაციას ახორციელებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელს ევგენი კაპლინს თავიდან პრობლემები ჰქონდა. დონეცკის სეპარატისტული მთავრობა მას კონფლიქტის ზონიდან ადამიანების გატაცებაში ადანაშაულებდა, უკრაინელი მემარჯვენეები კი სეპარატისტული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გამო აკრიტიკებდნენ.

ჰუმანიტარულ-მოხალისეობრივი მოძრაობა ხარკოვიდან მთელ უკრაინაში გავრცელდა. ხარკოვის ოლქში, ბოლო მონაცემებით, ნახევარ მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი შევიდა და მათ დახმარებას სწორედ მოხალისეთა ორგანიზაციები უწევენ. ისინი მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ეს ორგანიზაციები შემოწირულებებს, უკრაინის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ.

უკრაინის ქალაქებში ქართველი და უკრაინელი ექსპერტების შეხვედრები მიმდინარეობს. „კავკასიური სახლისა“ და „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული დისკუსიების დროს ანალიტიკოსები კონფლიქტებისა და რეფორმების მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG