Accessibility links

პრეზიდენტი: აბა, რა თემები გვაქვს დღეისთვის?

პრემიერ-მინისტრი: ბოლო დროინდელ მიტინგებზე მისულ ხალხთა მოხილვა-შესწავლა.

პრეზიდენტი: მოხსენების სახით წარმოადგენთ თუ რეპლიკებით?

პრემიერ-მინისტრი: ზოგს მოხსენება აქვს მომზადებული, ზოგს რეპლიკები.

პრეზიდენტი: რა ჰქვია თქვენს მოხსენებას?

პრემიერ-მინისტრი: "ანაქრონიზმი თუ ახალი დროის გამოწვევა - ნათესავის ფენომენი ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე".

პრეზიდენტი: არ მინდა თეორიული განსჯა. კონკრეტულად რა გაქვთ?

შინაგან საქმეთა მინისტრი: 27 მაისის მიტინგი.

პრეზიდენტი: პოპულაცია? რას ამბობს BBC?

პრემიერ-მინისტრი: ოთხმოციდან ასი ათასამდე. ორასი ათასიც თქვეს.

პრეზიდენტი: ოჰ, ამას რუსული სექცია იტყოდა...

უშიშროების საბჭოს მდივანი: კი, რუსული სექციაა...

უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი: რუსული სექციაა, აბა რა! (იცინის)

პრეზიდენტი: CNN-ზეც ყავთ თავისი ხალხი.

ელდარ კვერნაძე: ეს სულ ერთი ბრიაშკაა, ბატონო პრეზიდენტო!

პრეზიდენტი: რა ხალხი იყო მიტინგზე?

იუსტიციის მინისტრი: სულ ყოფილი პოლიციელები.

პარლამენტის ვიცე-სპიკერები: (ერთხმად) ყოფილი პოლიციელები და მაია მიმინოშვილის ნათესავები.

პრეზიდენტი: რეალურად ეს უკვე ერთი და იგივეა. მაგრამ მაინც გასაკვირია, რამდენი პოლიციელი ყოლია ამ პატარა ქვეყანას!

ელდარ კვერნაძე: ან მაია მიმინოშვილს - ნათესავი!

პრეზიდენტი: ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს უკვე ერთი ქსელია: BBC-CNN-ყოფილი პოლიციელები-მაია მიმინოშვილის ნათესავები...

განათლების მინისტრი: აქტიური გვარია საკმაოდ...

პრეზიდენტი: აპ-აპ-აპ, აქტიურები ჩვენ უნდა ვიყოთ ახლა. როგორც მითხრეს, სამსახურშიც ჰყოლია ნათესავები...

განათლების მინისტრი: კიახ, ოთხმოცი სული...

უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი: "კიახ" კი არა, "დიახ". (იცინის)

პრეზიდენტი: არა უშავს, არ არი პრობლემა. გააგრძელე, დიმა.

განათლების მინისტრი: ხო... ესე იგი... და გაყვნენ მაგას.

პრეზიდენტი: ნუ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გაყვებოდნენ, აბა რას იზამდნენ; ჩვენთან ხომ დღემდე აქტუალურია კლანურ-ნათესაური აზროვნება... მთავარია, დროულად დაინიშნონ შემცვლელები! ვინ ჩაატარებს გამოცდებს?

განათლების მინისტრი: უნარების გამოცდებს ყოფილი ბადრაგები ჩაიბარებენ.

პრეზიდენტი: საინტერესოა... რეალურად ეს გამოწვევაა, არა? ეს უკვე რეფორმაა... მერე!

განათლების მინისტრი: ბადრაგებივე გავლენ გამოცდებზეც.

პრეზიდენტი: აბიტურიენტების მაგივრად?

განათლების მინისტრი: დიახ, ასე გადავწყვიტეთ...

პრეზიდენტი: ბოდიში, რატომ?

განათლების მინისტრი: უფრო მეტი წესრიგი იქნება ორივე მხრიდან... ნაკლები სანერვიულო...

პრეზიდენტი: ლოგიკურია. რეზონანსისთვისაც უკეთესია. ოღონდ მშობლები მაინც მიიყვანეთ გამოცდებზე... მეტი დამაჯერებლობისთვის... მზის ქვეშ დადგნენ, როგორც წესი და რიგია... ხომ გვყავს მშობლების სპეცდანიშნულების რაზმი?

შინაგან საქმეთა მინისტრი: კი, საკმაოდ მოტივირებული ჯგუფია.

პრეზიდენტი: ხოდა დადგნენ... ქოლგებით! ხომ გვაქვს ახალი ქოლგები? ქოლგა-ხელკეტები!

პარლამენტის თავმჯდომარე: ფიწლებსაც მივცემთ.

პრეზიდენტი: უკაცრავად, ეს ის ხალხი ხომ არაა, რეგიონებში რომ მხვდება?

შინაგან საქმეთა მინისტრი: დიახ, ბატონო პრეზიდენტო.

პრეზიდენტი: ხოდა, ნუ, რეალურად ესაა საქართველო. ყოჩაღ ამ ხალხს! ოღონდ უთხარით, აღარ მკოცნონ. ცხელა და ბაქტერიებია გააქტიურებული. ალერგიული გამონაყარი პრეზიდენტის სახეზე კიდევ ოცი ათას კაცს გამოიყვანს ქუჩაში. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემზე ისედაც ალერგია აქვთ...

ელდარ კვერნაძე: ვაიმე, როგორ გეკადრებათ, მაგას როგორ ამბობთ, ბატონო პრეზიდენტო...

უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი: ნამდვილად არ არის ასე. (იცინის)

პრეზიდენტი: ვხუმრობ, ვხუმრობ... ეს მე მაქვს მათზე ალერგია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG