Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პრემიერი და ახალი მთავრობა - ახალი წლისათვის


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ვინ შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს, მოესწრება თუ არა ახალ წლამდე ახალი მთავრობის დაკომპლექტება და რა პროცედურებია ამისათვის საჭირო, რატომ დატოვა პოსტი პრემიერმა სწორედ ახლა და იყო თუ არა ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილება - ეს კითხვები ისმის პრემიერის გადადგომიდან მეორე დღეს თბილისში. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი, შესაძლოა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალოს. საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ კვირიკაშვილის კანდიდატურა მართლაც განიხილება, თუმცა წინ არის შვიდდღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა შევიტყოთ, თუ რეალურად ვის შესთავაზებს პარლამენტი პრეზიდენტს პრემიერის ვაკანტურ პოსტზე.

რა ხდება მაშინ, თუ ქვეყანაში პრემიერი თანამდებობიდან გადადგა? საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ამ დროს უფლებამოსილება ავტომატურად უჩერდება მთავრობის დანარჩენ წევრებს. ამ ეტაპზე, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, მთავრობას დროებით აქვს დაკისრებული მმართველობის უფლება. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტა საგანგებო ბრიფინგზე, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე სწორედ ძველი მთავრობა განაგრძობს ჩვეულებრივ საქმიანობას:

„საქართველოს პრეზიდენტმა თავისი განკარგულებით საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დააკისრა მთავრობის მოვალეობის შესრულება ახალი შემადგენლობის შექმნამდე. ასევე კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა ახლა პრეზიდენტს წარუდგენს ახალი პრემიერის კანდიდატურას და დღევანდელი დღიდან შვიდი დღის ვადაში პრეზიდენტი უკვე ოფიციალურად დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატურას და წარუდგენს პარლამენტს“.

წინასწარი ვარაუდით, ეს საკითხი მომავალი წლის დასაწყისში, ახალ წლამდე უნდა გადაწყდეს. პარასკევს შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და იმედი მაქვს, მოვახერხებთ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას...
დავით უსუფაშვილი

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე კი განმარტავს, რომ უმრავლესობის მიერ არჩეულ კანდიდატურას პრეზიდენტი ისევ პარლამენტს წარუდგენს და ის, ახალი სამთავრობო პროგრამითა და ასევე ახლად დაკომპლექტებული მთავრობით, წარდგება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

საპარლამენტო უმრავლესობა ახალი პრემიერის კანდიდატის შესარჩევად პარასკევს უნდა შეიკრიბოს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მედიასთან საუბარშიც შენიშნა, რომ კოალიციის წევრები ერთად გადაწყვეტენ, თუ ვის კანდიდატურას წარუდგენენ პრეზიდენტს:

„წინასწარი ვარაუდით, ეს საკითხი მომავალი წლის დასაწყისში, ახალ წლამდე უნდა გადაწყდეს. პარასკევს შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და იმედი მაქვს, მოვახერხებთ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას“.

დავით უსუფაშვილმა 24 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში მოვლენები ვითარდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში, დროებითი მთავრობა კი საქმიანობას ჩვეულებრივ აგრძელებს.

მედიაში ამ დრომდე რამდენიმე თანამდებობის პირის სახელი გაისმა, ვინც, შესაძლოა, ღარიბაშვილი შეცვალოს. მათ შორის ყველაზე აქტიურად ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სახელდება. უმრავლესობაში მას დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ მას დიდი შანსი აქვს გახდეს პრემიერ-მინისტრი:

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

„ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ვიცე-პრემიერი, პრემიერ-მინისტრის პოსტზე შემდეგი კანდიდატი ყოფილიყო და, რამდენადაც ვიცი, მისი კანდიდატურა მართლაც განიხილება უმრავლესობაში და დიდი შანსიც აქვს. თუ სწორედ ის დასახელდა, მინისტრთა კაბინეტსაც ის დააკომპლექტებს და წარმოგვიდგენს“, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.

მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ საკადრო ცვლილებები შესაძლოა ძირითადად მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეეხოს, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა. პოლიტიკურ თუ ექსპერტთა წრეებში კი გრძელდება მსჯელობა იმის შესახებ, თუ რატომ წავიდა ღარიბაშვილი პოსტიდან და იყო თუ არა ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. პოლიტიკური ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პრემიერის უარი პოსტზე ფორმალური მმართველობის შედეგია და ამ ნაბიჯის უკან ბიძინა ივანიშვილის მითითება იმალება. ასე ფიქრობს, მაგალითად, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი პაატა დავითაია:

„ცოტა სასაცილო მგონია ღარიბაშვილის მხრიდან თავისი თავის მოხსნა მაშინ, როდესაც ის თავს აფასებდა როგორც წარმატებულ მმართველს და მოიხსენიებდა როგორც წარმატებულ მთავრობას. ცალსახად ჩანს, რომ ეს მართული პროცესია, რომლის უკანაც ბატონი ივანიშვილი დგას. აშკარაა, რომ მნიშვნელობა არა აქვს საქართველოში პრემიერ-მინისტრის პოსტს თუ მინისტრის პოსტს. სანამ ეს ფარული მმართველობა იქნება ქვეყანაში, ყველა იქნება მარიონეტი“.

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

პოლიტოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა პოსტიდან წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ აშკარად დაცემულმა რეიტინგმა გამოიწვია. ამ აზრზე დგას, მაგალითად, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია:

„მე მგონია, რომ ეს არის მზადება იმისათვის, რომ მოახერხონ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენა არჩევნებამდე, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ილუზორული და კოსმეტიკური ცვლილებები, რადგან მთავარი, ვინც აქამდეც მართავდა ქვეყანას და ახლაც განაგრძობს მართვას, ვინც არის პასუხისმგებელი პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი“.

როგორც ცნობილი გახდა, უმრავლესობის გაფართოებული შეხვედრა პარასკევს, 25 დეკემბერს, თბილისში გაიმართება, სადაც მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე შეჯერდებიან, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ სად გააგრძელებს ყოფილი პრემიერი მოღვაწეობას, თავად ღარიბაშვილს ამის თაობაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG