Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო ცვლილებების კვირა


ირაკლი ღარიბაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე
ირაკლი ღარიბაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე
ახლად შეწყალებულმა, თუმცა კვლავაც პატიმარმა და ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბაჩანა ახალაიამ არ დაახანა და გასული კვირა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერილის გამოქვეყნებით დაიწყო. მოკლედ გეტყვით, რომ მან ბიძინა ივანიშვილის სახელისუფლებო გუნდი, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის მიმართ ინერტულობის გამო, ტერიტორიული მთლიანობის ”აბუჩად აგდებაში” დაადანაშაულა. ის ფიქრობს, რომ ახალი ხელისუფლება ”მწვანე შუქს უნთებს” რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოში. სხვა კიდევ არაერთ ბრალდებასთან ერთად, მან ხელისუფლება კრიმინალური სამყაროს ”რეინკარნაციაშიც” დაადანაშაულა.

ბაჩანა ახალაიას წერილი სავსეა ახალი ხელისუფლების მისამართით გამოთქმული სხვადასხვა სახის ბრალდებით, თუმცა ტექსტში ბევრისთვის საყურადღებოდ სულ სხვა აქცენტები იქცა - კერძოდ, ამ წერილში გამოხატული მხარდაჭერა ვანო მერაბიშვილისა და, საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიმართ, ანუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომლისგანაც ერთგვარად გარიყული იყო ერთი წლის წინ დაპატიმრებული ბაჩანა ახალაია და, შეიძლება ითქვას, რომ მისი დაპატიმრების გამო სერიოზული პროტესტი არასოდეს გამოუხატავს ”ნაციონალურ მოძრაობას”.

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას მხრიდან ყოფილი თანაგუნდელების მიმართ სიმპათიებით აღსავსე, მხარდამჭერ შეფასებებს წინ უსწრებდა შეწყალების აქტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა 3 ნოემბერს მოაწერა ხელი. საუბარია ციხის ბუნტის საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც ახალაიას 3 წელიწადი და 9 თვე ჰქონდა შეფარდებული.

პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ბაჩანა ახალაია, რომელიც დამატებით კიდევ ორ საქმეზე გაამართლა სასამართლომ, საპატიმროს ვერ დატოვებს, რადგანაც მას ამ ეტაპზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული სანდრო გირგვლიანის საქმეზე, სადაც მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროს. ამ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა 19 დეკემბერს არის დანიშნული.

”ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას და თუკი ვინმე გადაიყოლებს ამ ხელისუფლებას, ეს იქნება ბაჩანა ახალაია”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე, რომელიც პირველივე დღეებიდან გამოირჩეოდა პატიმრის მიმართ საგანგებო მხარდაჭერით. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რით შეიძლება იყოს განპირობებული ბაჩანა ახალაიას ბევრისთვის მოულოდნელი დადებითი შეფასებები ყოფილი თანაგუნდელების და, მათ შორის, განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილისა, თეა თუთბერიძეს ასეთი პასუხი აქვს:

”ძაღლებმაც კი იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა ხედავენ მგელს. ვიდრე არის საერთო მტერი, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალებით მოხდეს ამ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლა. რაც შეეხება დანარჩენს, ეს არის სხვა საკითხი, სხვა დროს გასარჩევი და, შესაბამისად, ამის დრო ამწუთას არ არის“.
მსხვილი ქალაქები ცალკე ადგილობრივ თვითმმართველობებად გამოიყოფა. სოფლები თემებში გაერთიანდება და თემებიც იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობები, რითაც ადგილობრივი მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლება უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს...
დავით ნარმანია

კითხვა, მოშლის თუ არა თვითმმართველობის ახალი კოდექსი ვერტიკალური მართვის სისტემას, განსაკუთრებით მკაფიოდ გასული კვირის დასაწყისში გაისმა. ისე კი, კოდექსი მთავრობამ 30 ოქტომბერს დაამტკიცა და განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადასცა. 5 ნოემბერს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თვითმმართველობის ახალი კოდექსი წარუდგინა. მთავრობის მიზანია წლების განმავლობაში არსებული სუსტი თვითმმართველობის შეცვლა რეალური თვითმმართველობით, რისი პოლიტიკური ვალდებულებაც მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე აიღო, - განაცხადა 5 ნოემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ შეხვედრაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. დეცენტრალიზაცია რეფორმის ამოსავალი წერტილია, რაც შემდეგში გამოიხატება:

„მსხვილი ქალაქები ცალკე ადგილობრივ თვითმმართველობებად გამოიყოფა. სოფლები თემებში გაერთიანდება და თემებიც იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობები, რითაც ადგილობრივი მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლება უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს. გარდა ამისა, პრობლემებს მოაგვარებენ ადგილზევე და არა ისე, როგორც დღესაა - დღეს ჩვენ მოგვმართავენ და მთელი თვეები გრძელდება პროექტების განხილვა, დამტკიცება და სამუშაოების დაწყება“.

ჯერჯერობით გუბერნატორს მთავრობა დანიშნავს, თუმცა ის ვეღარ იქნება უკონტროლო. მის პარალელურად შეიქმნება წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის წევრებიც იქნებიან ცალკეული საკრებულოები. ამ საბჭოს ფუნქციებში შევა ცალკეული პროექტების დამტკიცება, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება, ცალკეული წინადადებები, რაც რეგიონის განვითარებას შეეხება. ამით სისტემა გახდება უფრო მოქნილი და ადგილობრივების პრობლემებზე იმსჯელებენ და, რაც მთავარია, გადაწყვეტილებას მიიღებენ არა თბილისელი ჩინოვნიკები, არამედ ადგილობრივი ხალხი.

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის წარმომადგენელი დავით ლოსაბერიძე, რომელიც წლებია თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტსა და ექსპერტების მიერ მომზადებულ ვარიანტს შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს, თუ არ დავასახელებთ იმას, რომ ცვლილებები არა ერთიანად, არამედ ეტაპობრივად განხორციელდება. მისი აზრით, სამინისტროს ხედვა მეტად არის შეჯერებული დანარჩენი სამინისტროების პოზიციებთან. სწორედ ამიტომ, თვითმმართველობის წარმოდგენილ კოდექსს დავით ლოსაბერიძე კომპრომისულ ვარიანტად მიიჩნევს.
არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

ხმაურითა და მოულოდნელობით ვერ გადაფარავს გასული კვირის ვერც ერთი მოვლენა მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის უეცარ გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების თაობაზე. ეს განცხადება არჩილ კბილაშვილმა 7 ნოემბერს, დღის 12 საათზე, საგანგებოდ დაგეგმილ ბრიფინგზე გააკეთა. მთავარმა პროკურორმა, პრემიერ-მინისტრის მსგავსად, სამოქალაქო სექტორში გადანაცვლება გადაწყვიტა.

არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას განმარტებებიც მოაყოლა. მისი თქმით, თანამდებობიდან მისი წასვლა არ უკავშირდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას. მთავარი პროკურორის თქმით, მას და მომავალ პრემიერ-მინისტრს, მართალია, განსხვავებული შეხედულებები აქვთ გამოწვევებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველივე ეს ერთ გუნდში მყოფი საერთო მიზნის მქონე თანამებრძოლების განსხვავებული შეხედულებებია და სხვა არაფერი. არჩილ კბილაშვილის თქმით, განსხვავებული იყო მისი და ბიძინა ივანიშვილის ხედვაც საქართველოში ევროპული ტიპის პროკურატურის შექმნის ვადებთან დაკავშირებით:

„ოღონდ მე შედარებით სწრაფი მოქმედებების მომხრე ვარ. ვნახოთ, დრო აჩვენებს, რამდენად ვცდებოდი. იმის გამო, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, მთავარ პროკურორს ევალება პრემიერის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას მისდიოს“.

არჩილ კბილაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, მთავარმა პროკურომა თანამდებობაზე ყოფნის ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. განსხვავებული აზრი გამოთქვა არჩილ კბილაშვილთან დაკავშირებით უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ: „პროკურატურა იყო ისეთი, როგორიც არის არჩილ კბილაშვილი - არც აქეთ, არც იქით, გაურკვეველი რიტორიკით“.

მართალია, არჩილ კბილაშვილი თანამდებობას 17 ნოემბრამდე, ანუ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, ინარჩუნებს, მაგრამ უკვე დასახელდა მისი შემცვლელის ვინაობაც. მის შესახებ ინფორმაცია 8 ნოემბერს გავრცელდა და ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი ოთარ ფარცხალაძეა. მომავალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებს ასევე მომავალ მთავარ პროკურორზე:

”მე მჯერა, რომ ის იქნება ძალიან ეფექტური ახალი პროკური. მას ეყოლება ძალიან კარგი, ეფექტური გუნდი, დაკომპლექტებული ახალგაზრდებით, გამოცდილი პროკურორებით... და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური პროკურორი იქნება”.
მან საათივით ააწყო და გამართა სისტემა კახეთის სამმართველოში. გაზაფხულზე გადმოვიყვანე თბილისში და მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა მთავარი სამმართველო. ლექსომ რამდენიმე თვეში ასევე საათივით ააწყო და გამართა თბილისის სამმართველო...
ირაკლი ღარიბაშვილ

შეიძლება ითქვას, რომ სამომავლო მთავარ პროკურორად დასახელებულ 37 წლის ოთარ ფარცხალაძეზე ამ ეტაპზე ბევრი არაფერია ცნობილი. მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები მას წარმატებულ მენეჯერად მოიხსენიებენ, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მასზე არცთუ სახარბიელო წარმოდგენა აქვთ.

”ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ საკადრო ცვლილების შემდეგ მთავარი პროკურატურა კიდევ უფრო დაექვემდებარება ”ქართული ოცნების” პოლიტიკურ ზეგავლენებს და გაგრძელდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა. თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების ერთ ნაწილს უჩნდება იმედი, რომ საკადრო ცვლილებას შესაძლოა სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარება და უფრო ხელშესახები შედეგებიც მოჰყვეს.

შედეგების შესახებ ჯერ არაფერს ამბობს, მაგრამ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ არჩილ კბილაშვილისთვის შემცვლელის გამოძებნა საზოგადოებრივი დაკვეთის შესაბამისი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც ხალხს სამართლიანობის აღდგენა სწყურია და ამ მხრივ მოთმინების ფიალაც აივსო.

კვირის ბოლოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, ამჯერად უკვე თავისი შემცვლელი, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრი წარადგინა. ის თბილისის სამმართველოს უფროსი, 28 წლის ალექსანდრე ჭიკაიძეა. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული მინისტრი იქნება, განაცხადა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა:

„ლექსომ ჩვენს სამინისტროში რამდენიმე წლის წინ დაიწყო მუშაობა და ყველა ეტაპი ძალიან წარმატებით გაიარა - იყო დამწყები ოპერატიული თანამშრომელი, შემდეგ კი გახდა გამომძიებელი. ამის მერე თბილისში პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად გადავიდა, შემდეგ კი მე დავნიშნე კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად და ბრწინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. მან საათივით ააწყო და გამართა სისტემა კახეთის სამმართველოში. გაზაფხულზე გადმოვიყვანე თბილისში და მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა მთავარი სამმართველო. ლექსომ რამდენიმე თვეში ასევე საათივით ააწყო და გამართა თბილისის სამმართველო".

ალექსანდრე ჭიკაიძემ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ყველაფერს იღონებს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული საქმის ღირსეულად გასაგრძელებლად.
XS
SM
MD
LG