Accessibility links

logo-print

„ჩაის პარტია“ – „ანარქისტები“ თუ პრინციპული სიტყვის პატრონები?


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

კრიტიკოსები მათ „ანარქისტებად“ ნათლავენ, მომხრეები კი, პირიქით, „პრინციპულ და სიტყვის პატივისმცემელ პოლიტიკოსებად“ მიიჩნევენ იმ 80 რესპუბლიკელს, რომლებმაც მთავრობის სტრუქტურების დაფინანსების კანონპროექტი ჩააგდეს. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური ფრაქციის ამ ნაწილის მოქმედებამ გააღიზიანა თეთრი სახლი და თავად პარტიის შიგნითაც გზა გაუხსნა დაპირისპირებას. აღსანიშნავია, რომ სამთავრობო უწყებების დახურვას „უსარგებლო“ უწოდა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. იგივე აზრი, ოღონდ უფრო მკაცრი ფორმით, გამოხატა სამშაბათს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ:

„მოვუწოდებ რესპუბლიკურ პარტიას, რომ საშუალება მისცეს მთავრობას განაახლოს საქმიანობა, აღდგეს იმ სამსახურების მუშაობა, რომლებზეც ამერიკელები არიან დამოკიდებულნი და შესაძლებლობა მიეცეს სახლში გაშვებულ საჯარო მოხელეებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რესპუბლიკელები გააცნობიერებენ, რომ დაუშვებელია მთელი ეკონომიკა იდეოლოგიური მოთხოვნების მძევლად იქცეს“.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობამ, რომელსაც კონსერვატიული „ჩაის პარტია“ ედგა სათავეში, შეეცადა ჩაეგდო მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი, რათა შეესუსტებინა საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ ბარაკ ობამას მიერ 2010 წელს შემუშავებული კანონპროექტი, ე.წ. „ობამაკერი“, რაც ყველა ამერიკელისაგან ითხოვს ჯანდაცვის დაზღვევის შეძენას, რასაც რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან.
მათ სწამთ, რომ ბოლო ათწლეულში ამერიკის მთავრობასა თუ საზოგადოებაში მომხდარი ყველა ცვლილება არასწორი გზით მიდის და ისინი მოწოდებულნი არიან, ნებისმიერი საშუალებით შეცვალონ ეს კურსი...

უილიამ გალსტონი, მმართველობის საკითხების ექსპერტი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან, ასე განმარტავს „ჩაის პარტიის“ სახელმძღვანელო პრინციპებს:

„ეს არის რესპუბლიკელების ძალიან კონსერვატიული ჯგუფი, რომელიც მეტისმეტად ამრეზით ეკიდება მთავრობის მიერ ხარჯებისა თუ ძალაუფლების ზრდას, რომელიც დარწმუნებულია, რომ შეზღუდული მმართველობა არა მხოლოდ ეკონომიკისთვის არის კარგი, არამედ პიროვნების თავისუფლებისათვის; მათ სწამთ, რომ ბოლო ათწლეულში ამერიკის მთავრობასა თუ საზოგადოებაში მომხდარი ყველა ცვლილება არასწორი გზით მიდის და ისინი მოწოდებულნი არიან, ნებისმიერი საშუალებით შეცვალონ ეს კურსი“.

კომპრომისი არ არის იდეა, რომლის მიღებაც „ჩაის პარტიას“ იოლად შეუძლია. არადა, კომპრომისის გარეშე შეუძლებელია შეიცვალოს ის პოლიტიკური კურსი, რომელსაც პარტია ეწინააღმდეგებაო, - აცხადებს გალსტონი.

მსოფლმხედველობრივ განხეთქილებას რესპუბლიკური პარტიის შიგნით ზოგიერთი ექსპერტი პარტიის სახის შენარჩუნებისათვის ბრძოლად მიიჩნევს.

ამ ბრძოლაში ერთ მხარეს არის რესპუბლიკური პარტიის წამყვანი პოლიტიკოსი მაკკეინი, რომელმაც უკომპრომისო თანაპარტიელებს ოდესღაც „შეშლილი ფრინველები“ უწოდა, მეორე მხარეს კი - სენატორი რენდ პოლი კენტუკიდან, რომლის აზრითაც, „რესპუბლიკური პარტია ფასეულობათა გარეშე მხოლოდ ცარიელი ჭურჭელია“.

რესპუბლიკური პარტიის ამ კონსერვატიული ფრთის უმრავლესობა 2010 ან 2012 წელს აირჩიეს. ისინი არიან კონსერვატიულ სოციალურ ფასეულობათა და ანტისამთავრობო პოლიტიკის მკაცრი მიმდევრები. თითქმის ყველა წარმოადგენს ე.წ. შუა დასავლეთის შტატებს, რომლებმაც 2012 წლის არჩევნებში მიტ რომნის მისცეს ხმა და, სავარაუდოდ, მათი წარმატების უმთავრესი ფაქტორი იყო დაპირება, რომ გააუქმებდნენ „ობამაკერს“, რაც, კონსერვატორი რესპუბლიკელების რწმენით, საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და პიროვნების თავისუფლებას.
ეროვნული პოლიტიკის თვალსაზრისით, ნებისმიერი ასეთი მიდრეკილება სინამდვილეში მარცხისთვისაა განწირული...

ჟურნალმა „ნიუ-იორკერმა“ კონსერვატორი რესპუბლიკელები, მათი არასტანდარტული პოლიტიკური ტაქტიკის გამო, „თვითმკვლელ პარტიულ უჯრედს“ შეადარა:

„რესპუბლიკური პარტიის ეს 80 წევრი წარმოადგენს ამერიკას, სადაც მოსახლეობაში თეთრკანიანები მატულობენ, სადაც მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ქალაქია, სადაც ობამა კატასტროფულად დამარცხდა არჩევნებში და სადაც რესპუბლიკური პარტია უფრო გავლენიანი და უფრო პოპულარული ხდება. ამავდროულად, ეროვნული პოლიტიკის თვალსაზრისით, ნებისმიერი ასეთი მიდრეკილება სინამდვილეში მარცხისთვისაა განწირული“.

აღსანიშნავია, რომ სამთავრობო უწყებების დახურვის წინააღმდეგ 12-მა რესპუბლიკელმა მისცა ხმა, დანარჩენებმა კი ბოლომდე დაიცვეს საკუთარი პოზიცია. მოწინააღმდეგეთა შორის, როგორც ზემოთ ითქვა, სენატორი ჯონ მაკკეინიც იყო, რომელმაც სამთავრობო უწყებების დახურვას "არაფრის მომცემი" უწოდა.

და როდესაც ანდრეა მიჩელმა, MSNBS-ის წამყვანმა, სენატორ ჯეისონ ჩეიფიცს იუტას შტატიდან, სენატორ მაკკეინის კომენტარზე ჰკითხა აზრი, ჩეიფიცმა აშკარად ვერ დამალა გაღიზიანება. „არ მაინტერესებს, რას ფიქრობს მაკკეინი, ანდრეა, არ მაინტერესებსო“, - მიუგო გაბრაზებულმა სენატორმა.

ასეთი სახის აღშფოთება სიამოვნებას ჰგვრის ამომრჩეველს, რომელმაც ჩეიფიცის მსგავსი კანონმდებლები აირჩია, თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ასეთი პოზიცია დააზიანებს რესპუბლიკურ პარტიას. ანალიტიკოსები იხსენებენ 1990-იან წლებს, როდესაც სამთავრობო უწყებების მიერ მუშაობის შეწყვეტა რესპუბლიკელებს დაბრალდათ, დემოკრატი ბილ კლინტონი კი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.
XS
SM
MD
LG