Accessibility links

logo-print

28 აპრილი, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე, საპროტესტო აქციით აღნიშნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, რომლის წევრები ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და შრომის ინსპექციის აღდგენა და უსაფრთხო შრომის გარემოს შექმნა მოითხოვეს. პროფკავშირების მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 41 ადამიანი, ხოლო 66 დაშავდა. რა პირობებში უწევთ შრომა საქართველოში და როგორ აპირებს ვითარების შეცვლას პროფკავშირების გაერთიანება?

ნიკოლოზ დათებაშვილს, თბილისის მეტროპოლიტენის ესკალატორების დისტანციის თანამშრომელს, მძიმე პირობებში უწევს შრომა. მას და მისი კოლეგების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის ძლიერი ხმაური და ვიბრაცია:

„ესაა საშინელი, ადამიანის ორგანიზმისათვის დამანგრეველი პირობები, რომელიც ჯანმრთელობაზე მოქმედებს! ასევე არის სინესტე, რომელიც აჩენს რევმატიზმებს - მუხლებისა და სახსრების ტკივილს“.

ყოველთვე საშუალოდ 4 ადამიანი იღუპება და 7 ადამიანი სახიჩრდება სამუშაო ადგილზე. 4 მლნ-იანი ქვეყნისათვის ეს არის ძალიან ცუდი სტატისტიკა, იმიტომ რომ 300 მლნ-იან ამერიკაში 30 ადამიანი იღუპება წელიწადში...

გაცილებთი მძიმე პირობებში უწევთ შრომა ენერგეტიკის, სამთო მოპოვების, მეტალურგიის, რკინიგზის, მშენებლობისა და ტრანსპორტის სფეროებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც სასიკვდილო რისკის ფასად არჩენენ ოჯახებს. როგორც მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, 2007 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში სამუშაო ადგილზე დაიღუპა 314, ხოლო მძიმედ დაშავდა 562 ადამიანი:

„ყოველთვე საშუალოდ 4 ადამიანი იღუპება და 7 ადამიანი სახიჩრდება სამუშაო ადგილზე. 4 მლნ-იანი ქვეყნისათვის ეს არის ძალიან ცუდი სტატისტიკა, იმიტომ რომ 300 მლნ-იან ამერიკაში 30 ადამიანი იღუპება წელიწადში, 1-მილიარდიან ინდოეთში კი - 40-მდე ადამიანი. მოვითხოვთ, ქვეყანაში შეიქმნას შრომის დაცვის ინსპექცია, რომელიც გააკონტროლებს როგორც სამუშაო ადგილებზე ტექნიკურ მდგომარეობას, ასევე შრომით სამართლებრივ მდგომარეობას“.

სულ ბოლოს, 18 აპრილს, სამუშაო ადგილზე ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდახულოს რაიონში ჰესის მშენებლობაზე, სადაც დამხმარე შენობა-ნაგებობის მოშლის დროს ამწის ხიდი გადატყდა და სიმაღლიდან ხარაჩო ჩამოვარდა. 28 აპრილს ეკონომიკის სამინისტროსთან შეკრებილმა პროფკავშირების თანამშრომლებმა ხელისუფლების ყველა შტოს შეახსენეს, რომ სწორედ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაღუპულ და დასახიჩრებულ ადამიანებზე და რომ 28 აპრილი არის მათი გაფრთხილების დღე:

ამ ქაღალდშივე არ არის გაწერილი მექანიზმი, თუ როგორ უნდა იმუშაოს. უნდა იყოს სამმხრივი, რომ გარიგება არ მოხდეს მეწარმესა და შრომის ინსპექტორს შორის და ა.შ. ანუ მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა ზედამხედველობაში...

„28 აპრილი ეს არის პროტესტის და ყურადღების გამახვილების დღე მავანი და მავანისათვის: ეს იქნება სახელმწიფო, ეს იქნება აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანოები, რომ მათ შეძლონ შექმნან ისეთი პირობები, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების სიცოცხლის დაცვას“.

საქართველოს პარლამენტმა 2013 წელს საქართველოს შრომის კოდექსიდან ამოიღო, პროფკავშირების აზრით, განსაკუთრებით ოდიოზური, ტოტალურად დისკრიმინაციული ნორმები, 2015 წლის 21 აპრილს კი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის ინსპექცია, რომლის მოქმედების ფორმატი მოიცავს როგორც გარემოს უსაფრთხოებას, ასევე დამცავი საშუალებებით აღჭურვას, ინსპექტორები კი შეფასებისთვის გამოიყენებენ საერთაშორისო სტანდარტის Health Safety and Environment პროტოკოლს, თუმცა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ქაღალდზე დაწერილი ამგვარი სიახლე ვერ უზრუნველყოფს რეალური, ქმედითი ინსტიტუტების შექმნას:

„იმიტომ, რომ ამ ქაღალდშივე არ არის გაწერილი მექანიზმი, თუ როგორ უნდა იმუშაოს. უნდა იყოს სამმხრივი, რომ გარიგება არ მოხდეს მეწარმესა და შრომის ინსპექტორს შორის და ა.შ. ანუ მნიშვნელოვანია ჩვენი ჩართულობა ზედამხედველობაში. ეს ერთი და, მეორე, სანქციები... ის, რომ, მაგალითად, ზეგანაკვეთური შრომისას არ გიხდიან ან რომელიმე საკანონმდებლო ნორმა არ არის დასაქმებულზე ასახული შრომის კონტრაქტში... ვინ უნდა გაუწიოს ამას მონიტორინგი? ცხადია, შრომის ინსპექციამ, მაგრამ მას ეს დებულებაში არ აქვს და რადგანაც არ აქვს, ამას არც ახორციელებს!“

ირაკლი პეტრიაშვილი და პროფკავშირების გაერთიანება ქმედითი შრომის ინსპექციის მოთხოვნით კვლავ აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას. შესაბამისად, მთავრობის წარმომადგენლები კიდევ არაერთხელ იხილავენ 28 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს წინ გაშლილ ტრანსპარანტებს, შემდეგი წარწერებით: „მოვითხოვთ კანონს შრომის უსაფრთხროების შესახებ“ და „მოვითხოვთ რატიფიცირებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 155-ე კონვენციისა - უსაფრთხოება და ჰიგიენა სამუშაო ადგილებზე“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG