Accessibility links

logo-print

ცხინვალში სანაკოევის ადმინისტრაციის მიმართ დევნა იწყება


ცხინვალი

ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ, რომელიც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისთვის შეიქმნა, მუშაობა დაასრულა. კომისიამ, რომელშიც დე ფაქტო რესპუბლიკის დეპუტატები, მინისტრები, იურისტები და ისტორიკოსები შედიოდნენ, შეიმუშავა დადგენილების პროექტი, რომელიც პარლამენტის სხდომაზე განიხილება. დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის შემფასებელი კომისია თებერვალში შეიქმნა და მას შემდეგ 5-ჯერ შეიკრიბა. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ტასოევი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია, დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით, 2008 წლის აგვისტოს ომის თანამონაწილეა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ტასოევი ჩვენი რადიოს რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში სანაკოევის ადმინისტრაციას ომის დანაშაულებისა და ოსი ხალხის გენოციდის თანამონაწილეობაში სდებს ბრალს და ფიქრობს, რომ მისი წევრები საერთაშორისო სამართლის პრინციპებით უნდა გასამართლდნენ.

ოსი პოლიტიკოსი როლანდ ქელეხსაევი დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. მისი აზრით, სანაკოევის პროქართული ადმინისტრაცია უნდა დაისაჯოს, ხოლო სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა დროა გენოციდის შესახებ კანონიც მიიღოს.

ცხინვალში სანაკოევის ადმინისტრაციის წევრების დევნა უკვე მიმდინარეობს. გასული წლის ზაფხულში დააკავეს ძმები ფუხაევები, რომლებსაც სახელმწიფო ღალატისა და გადატრიალების მცდელობის ბრალდება წაუყენეს. ამ დაკავებასთან დაკავშირებით დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა, რომ ფუხაევების საქმიანობა ჰუმანიტარული ხასიათის იყო და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ჯანდაცვის სერვისებით დე ფაქტო რესპუბლიკის მაღალჩინოსნების, მათ შორის, დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის ნათესავებიც სარგებლობენ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი აცხადებს, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება შეშფოთებულია იმით, რომ ცხინვალელების დიდი ნაწილი სამკურნალოდ თბილისში დადის და პარლამენტში აღნიშნული კომისია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად შეიქმნა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ დადგენილების განხილვის შემდეგ საქმეში უკვე სამართალდამცავები ჩაერთვებიან და მოპოვებულ მასალებს სასამართლოს გადაუგზავნიან. თიბილოვის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა, პირველ რიგში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიმართ უნდა დაიწყოს. დიმიტრი ტასოევი ამბობს, რომ გენოციდის შესახებ კანონპროექტიც უკვე მზადების პროცესშია და საკანონმდებლო ორგანო მას ახლო მომავალში მიიღებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG