Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონის მხარდაჭერით სანდერსმა საკუთარი მომხრეები გააბრაზა


ბერნი სანდერსი

ბერნი სანდერსი

დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სენატორმა ბერნი სანდერსმა მგზნებარედ დაუჭირა მხარი თავის პოლიტიკურ მეტოქეს, პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონს. „იგი შეერთებული შტატების მომდევნო პრეზიდენტი უნდა გახდეს“, - მტკიცედ განაცხადა ბერნი სანდერსმა, რომელსაც საკუთარმა მომხრეებმა სტვენა აუტეხეს. მოგვიანებით სანდერსს სარკასტული პოსტი ერგო პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპისაგან, რომელმაც სენატორს „ჰილარი კლინტონისათვის მიყიდული“ უწოდა.

ფილადელფიაში, სადაც დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა იმართება, შეკრების პირველ დღეს ხმაური ატყდა, როცა კლინტონის დასახელებას უკმაყოფილების გამომხატველი შეძახილებით შეხვდნენ ბერნი სანდერსის მხარდამჭერები. მაგრამ სანდერსმა გამოთქვა რწმენა, რომ ჰილარი კლინტონი საუცხოო პრეზიდენტი იქნება.

„ჰილარი კლინტონი შესანიშნავი პრეზიდენტი იქნება და მოხარული ვარ, რომ ამ საღამოს მის გვერდით ვარ“, - მიმართა სანდერსმა დემოკრატიული პარტიის დელეგატებისაგან შემდგარ 5 000-კაციან ყრილობას, სადაც დემოკრატთა ლიდერები ცდილობენ ერთიანი ფრონტით წარდგნენ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

ჩვენი ქვეყნისათვის ამ რთულ დროში ამ არჩევნებმა ხალხი უნდა გააერთიანოს, არ უნდა გახლიჩოს. მაშინ, როცა დონალდ ტრამპი შეურაცხყოფითა და სხვადასხვა ჯგუფის ერთმანეთთან დაპირისპირებით არის დაკავებული, ჰილარი კლინტონს ესმის, რომ მრავალფეროვნებაა ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი ძალა...

თუმცა ეს ერთიანობა პირველ დღეს ილუზორული ჩანდა. ფილადელფიაში, ყრილობის დარბაზში, მთელი ღამის განმავლობაში ძირითადად სანდერსის მომხრეების სტვენა და დამცინავი შეძახილები ისმოდა, რაც ექოდ გასდევდა მთელ არენას იმ დროს, როდესაც თავად სანდერსმა მთელი თავისი პოლიტიკური კაპიტალით მხარდაჭერა აღუთქვა ჰილარი კლინტონს.

74 წლის სანდერსმა, პრაიმერიზის ბაზაში ფიცხელი ბრძოლა გაუმართა ჰილარი კლინტონს, რათა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო და ამ ბრძოლაში სენატორმა სანდერსმა, რომელიც მოსახლეობას პროგრესულ იდეებს, მათ შორის, „უოლ- სტრიტის“ საქმიანობაზე კონტროლის დაწესებას, პოლიტიკაში ფულის როლის შემცირებას, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უფრო მეტ ხელმისაწვდომობას ჰპირდებოდა, ათეულ ათასობით ერთგული მომხრე შეიძინა.

და ეს მომხრეები სანდერსს ენერგიულად მხარს უჭერენ მას შემდეგ, რაც მათმა ფავორიტმა მხარი ოფიციალურად ჰილარი კლინტონს დაუჭირა. კლინტონის მიმართ სანდერსის მომხრეების მტრული დამოკიდებულება კიდევ უფრო გააძლიერა გასულ კვირაში მომხდარმა სკანდალმა, დემოკრატიული პარტიის ელექტრონული მიმოწერის გასაჯაროებამ, რომელმაც ცხადყო, რომ პირად მიმოწერაში დემოკრატიული პარტიის ვითომ ნეიტრალური ხელმძღვანელი პირები სანდერსის წინააღმდეგ მხარს კლინტონის კამპანიას უჭერდნენ.

მას შემდეგ, რაც ვიკილიკსმა 22 ივლისს 19 ათასზე მეტი მესიჯი გამოაქვეყნა, პოსტიდან გადადგა დემოკრატთა ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე დები ვასერმან შულცი, ხოლო კომიტეტმა ოფიციალურად მოუხადა ბოდიში სანდერსს ელექტრონულ მიმოწერაში დაშვებულ „მიუღებელ“ რემარკებზე.

სანდერსის პასუხი ამ სკანდალზე თავაზიანი იყო. ჰილარი კლინტონის ყოფილ მეტოქეს არც კი უხსენებია ეს ფარული მიმოწერა, ხოლო საკუთარ მომხრეებს მოუწოდა, არ ჩაეშალათ ყრილობა და მხარი ჰილარი კლინტონისათვის დაეჭირათ.

„ჩვენი ქვეყნისათვის ამ რთულ დროში ამ არჩევნებმა ხალხი უნდა გააერთიანოს, არ უნდა გახლიჩოს. მაშინ, როცა დონალდ ტრამპი შეურაცხყოფითა და სხვადასხვა ჯგუფის ერთმანეთთან დაპირისპირებით არის დაკავებული, ჰილარი კლინტონს ესმის, რომ მრავალფეროვნებაა ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი ძალა“, - განაცხადა ბერნი სანდერსმა დემოკრატების ოთხდღიანი ყრილობის პირველ დღეს.

თუმცა, ამ მოწოდების მიუხედავად, ფილადელფიის პოლიციამ 25 ივლისს 50-ზე მეტი კაცი დააკავა, რომლებმაც, პარტიის ლიდერების მხრიდან სანდერსის მიმართ გამოჩენილი ასეთი დამოკიდებულებით გაბრაზებულებმა, ყრილობის დარბაზის წინ ბარიკადების აგებაც კი სცადეს.

მედიაში გაჟონილი იმეილებით ირკვევა, რომ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობა ცდილობდა ძირი გამოეთხარა სანდერსის წინასაარჩევნო კამპანიისათვის, მის ათეისტობაზე ყურადღების გადატანით და პოლიტიკოსის ებრაული მემკვიდრეობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით.

25 ივლისს გამოქვეყნდა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დაიწყო დემოკრატიული პარტიის კომიტეტის სერვერზე ჰაკერული თავდასხმის გამოძიება. ამას წინ უძღოდა ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერის განცხადება. რობი მუკის მტკიცებით, ჰაკერული თავდასხმის მიზანი ისაა, რომ გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარონ რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპს, რომელმაც განაცხადა, ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოსკოვთან ურთიერთობას გავაუმჯობესებო.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი დონალდ ტრამპი სანდერსს ხშირად უწოდებდა ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ მოქმედი „გაყალბებული“ სისტემის მსხვერპლს. 25 ივლისს კი ტრამპმა დამოკიდებულება შეცვალა და სანდერსი კლინტონისადმი „დათმობაში“ დაადანაშაულა. „ბერნი სანდერსი ბოლომდე მიეყიდა თაღლით ჰილარი კლინტონსო“, - დაწერა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დონალდ ტრამპმა.

მიშელ ობამა

მიშელ ობამა

ბერნი სანდერსს ტრამპის კრიტიკაზე პასუხი არ გაუცია, თუმცა რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი „სიძულვილის ენით“ მეტყველებაში დაადანაშაულა აშშ-ის პირველმა ლედიმ, რომელიც 25 ივლისს სანდერსამდე გამოვიდა ყრილობაზე და დელეგატებს ჰილარი კლინტონის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. „როდესაც სასტიკი ვინმე ხულიგანივით იქცევა, ჩვენ არ უნდა დავეშვათ მის დონემდეო“, - განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. ჯერჯერობით ძირითად პრეტენდენტებს - ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს - თანაბარი შანსები აქვთ.

ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ დაკვეთით რეიტინგების კვლევის მსოფლიო ლიდერი კომპანია ORC-ის მერ ჩატარებული გამოკითხვით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დონალდ ტრამპი ლიდერობს ხმათა 48 %-ით, ჰილარი კლინტონს კი მხარს უჭერს გამოკითხულთა 45 %.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG