Accessibility links

logo-print

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟი გრძელდება. რუსეთის მესაზღვრეები ამჯერად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენთან გამოჩნდნენ და სოფლის მინდვრებში ახალი ბანერი დაამონტაჟეს. თამარაშნელების განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ძველი ნიშნულიდან დაახლოებით 800 მეტრით სოფლის სიღრმეში გადმოიტანეს ახალი ბანერი, რომლის მიღმა ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთები მოექცა. მათი თქმით, საოკუპაციო ბანერი წუხელ დაამონტაჟეს და მესაზღვრეებმა იქვე პატრულირებაც დაიწყეს. ჟურნალისტებთან საუბრისას ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათთან ხელისუფლებიდან არავინ მისულა.

თამარაშნელებმა საქმის კურსში ჩააყენეს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. სოფელში პოლიციის საპატრულო ეკიპაჟებიც გამოჩნდნენ.

დღესვე რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შემდეგ, საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას და, ზოგადად, ამ მიმართულებას შსს-ს ანალიტიკური სამსახური და მისი ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე აღარ კურირებს. ახლა ამ მიმართულებას რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ვიქტორია კლიმიჩევა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ ვითარებას.

თამარაშნელების თქმით, მათ ჯერ არ იციან ახალი ბანერიდან საოკუპაციო ხაზი რა მიმართულებით გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ მეზობელ სოფელ ღოღეთში ასევე საოკუპაციო მავთულხლართების მიღმა ათეულობით ჰექტარი მიწის ფართობი მოექცა, რომელსაც ადრე ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG