Accessibility links

logo-print

საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ დაზიანებულია ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერები


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 3 საათში დასრულდა. ბოლო დროს ასეთი ხანმოკლე შეხვედრა თვითონ მოლაპარაკების მონაწილეებსაც არ ახსენდებათ და ამას იმით ხსნიან, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი ბევრი არ იყო ხოლმე. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია და ამაზე მხარეებს აღარ უმსჯელიათ, თუმცა ქართულმა მხარემ საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი დააყენა, ვინც სასჯელს ცხინვალის ციხეში იხდის. გარდა ამისა, ქართული მხარე ყველა შეხვედრაზე, ტრადიციულად, საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესს აპროტესტებს. ოსური მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ შეხვედრაზე პროტესტი გამოთქვა ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერების დაზიანების გამო. მისი თქმით, სოფელ ღოღეთთან ერთი ასეთი ბანერი იარაღით არის დაცხრილული, ხოლო სოფელ ოტრევთან ბანერის დემონტაჟის მცდელობას ჰქონდა ადგილი. გაგლოითი ქართულ მხარეს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს, რათა ასეთ ადგილებზე პროვოკაციები თავიდან იქნეს აცილებული. დღესვე ქართულმა მხარემ სოფელ ხურვალეთში მცხოვრები დავით ვანიშვილის დაკავება გააპროტესტა. ვანიშვილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მავთულხლართებს მიღმა მდებარეობს. მოხუცი პენსიის ასაღებად ხურველეთში გადმოდის ხოლმე. ბოლო გადმოსვლისას იგი რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ხოხ გაგლოითი აღნიშნავს, რომ ვანიშვილი ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევაში არაერთხელ არის შემჩნეული. მიუხედავად ამისა, ის არ დაუკავებიათ და მხოლოდ გააფრთხილეს. ქართულმა მხარემ დღესვე ახალგორის მიმართულებით ახალი საშვთა სისტემის ამოქმედების თაობაზე განმარტება მოითხოვა. როგორც ცნობილია, ახალგორის მოსახლეობის ნაწილს საშვს დღემდე არ აძლევენ, ეს საშვები კი მათი გადაადგილებისთვის აუცილებელია. გაგლოითის განმარტებით, საშვების გაცემის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

ახალგორისა და პერევის მიმართულებით გადაადგილება ახლაც შეწყვეტილია. როგორც ცნობილია, ცხინვალში დღეიდან ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის დღეების აღნიშვნა დაიწყო და ეს პროცესი 21 სექტემბრამდე გაგრძელდება. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, ახალგორისა და პერევის მიმართულებით ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გადაადგილება აიკრძალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა რატიანი აცხადებს, რომ დღეს ოსურმა მხარემ საშვთა გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა, რაც, მისი აზრით, მისასალმებელია.

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების აღდგენის საკითხებზეც იმსჯელეს. ამ საკითხზე საუბარი მომავალ შეხვედრაზეც გაგრძელდება, რომელიც ერგნეთში 21 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG