Accessibility links

logo-print

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავება გრძელდება. შაბათ დილით სოფელ ბერშუეთის მცხოვრები მამა-შვილი როინ და გიორგი ზაუტაშვილები სოფლის საძოვარზე პირუტყვს მწყემსავდნენ. მოულოდნელად მათთან რუსეთის მესაზღვრეები მივიდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. სოფლის განაპირას ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებია დამონტაჟებული, მაგრამ, ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ზაუტაშვილები ბანერებს არ მიახლოებიან და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თვითონ იყვნენ შემოსულები სოფლის საძოვარზე. ბერშუეთელები დახმარებას და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვენ. დაკავებულის მეუღლე ლელა აკოფაშვილი აცხადებს, რომ ოჯახს დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესატყობინებლად ჯერ არავინ დაჰკავშირებია.

ბერშუეთში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელ დავით ცერცვაძის თქმით, საძოვარზე, სადაც ზაუტაშვილები დააკავეს, სოფლის ნახირს მუდმივად მწყემსავენ. იგი ადასტურებს ინფორმაციას, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულები. ცერცვაძის განცხადებით, სოფელს ეს ერთი საძოვარი აქვს და მწყემსებს იქ უკვე საკუთარი რისკის ფასად გაჰყავთ პირუტყვი.

ბერშუეთში მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ჩავიდა, რომელიც დაკავებულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. მისი ინფორმაციით, ზაუტაშვილები უკვე გადაიყვანეს ცხინვალის იზოლატორში და ეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისთვისაც ცნობილია. საოკუპაციო ხაზთან წინა დღეებში დაკავებულები უკვე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.

2 დღის წინ, ასევე საქონლის მწყემსვისას, სოფელ აძვიდან 63 წლის ვახტანგ მჭედლიშვილი, ხოლო სოფელ ფლავისმანიდან 28 წლის გიორგი სოხატერი დააკავეს. ისინი პარასკევ საღამოს გაათავისუფლეს, რისთვისაც 2 000-რუბლიანი ჯარიმა გადაიხადეს. ბოლო დროს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები გახშირდა. დღე ისე არ გავა, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა რომელიმე სოფლიდან ადგილობრივი მცხოვრები ცხინვალის იზოლატორში არ წაიყვანონ. ქართული მხარე ამ ფაქტებს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გააპროტესტებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG