Accessibility links

3 ოქტომბერს გაიმართა პირველი სხდომა დროებითი სამთავრობო კომისიისა, რომელიც საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლების მკვიდრთა პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. კომისიას, რომელშიც სამინისტროების გარდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარმომადგენლებიც იმუშავებენ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უხელმძღვანელებენ. პოლიტიკურ ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ ეს პროცესი ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. რა პასუხი აქვს მთავრობას?

საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მცხოვრები ადამიანები დახმარებას უკვე წლებია ელოდებიან. მწვავე პრობლემებს შორის კვლავაც რჩება წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების პრობლემები და სწორედ ამაზე ილაპარაკეს რადიო თავისუფლებასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალებული სოფლის, დვანის მცხოვრებლებმა:

”(კაცი) წყლის სათავეები აღარა გვაქვს, მორჩა, წყალი უკვე მაგათ ხელშია... გაზი არა გვაქვს ჩვენა... ტელეფონები აქ არ იჭერს, დავრბივართ აქეთ-იქეთა, სად ვიპოვოთ ადგილი, რომ დაიჭიროს... გზა გაგვიკეთეს ღვთის წყალობით;
/ (ქალი) სარწყავი სისტემა ძალიან აწუხებს სოფელს, ძირითადად ჩვენი სოფელი მეხილეობით არის... აღვადგენთ ისევ ისე ყველაფერს, თუ წყალი იქნება, თუ გაზი იქნება”.

პრობლემები გადაიჭრება, - ითქვა ახლად შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველ სხდომაზე, რომელსაც 3 ოქტომბერს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მასპინძლობდა. უწყებაში აცხადებენ, რომ კომისიის შექმნის იდეა იმ საჭიროებათა გაანალიზების შედეგად დაიბადა, რაც საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 40-მდე სოფელში შეაგროვა მთავრობის 30 მაისის გადაწყვეტილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა. კომისიის პირველ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები მედიას რეგიონალური განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ გააცნო:

პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება უნდა აკეთებდეს და უნდა აკეთებდეს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ამის გაკეთებას იწყებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ. ჩვენ ხელისუფლებას მოვთხოვთ პასუხს...
”ეს კომისია იმუშავებს არა მხოლოდ მავთულხლართების მიმდებარე ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზეც და ჩვენ შესწავლილი გვაქვს ენგურისპირა სოფლებში არსებული საჭიროებები; მეორე გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, არის ის, რომ თითოეული სამინისტროს მიერ ჩატარებული ღონისძიებები კოორდინირებული იქნება სხვა უწყებებთან და იქნება ერთობლივი ღონისძიებებიც; მესამე გადაწყვეტილება, გაცილებით უფრო კონკრეტული, გაზიფიცირებასთან დაკავშირებული, არის ის, რომ სოფლების ნუსხა გადაეცა ენერგეტიკის სამინისტროს და ეს სამინისტრო მოამზადებს კონკრეტულ ხარჯთაღრიცხვას და მოამზადებს კონკრეტულ გრაფიკს - რომელ სოფელში როდის უნდა ჩატარდეს სამუშაოები”.

მთავრობის ასეთ აქტიურობას მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ეჭვის თვალით უყურებენ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა სერგო რატიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ოკუპანტების მიერ დაზარალებული ადამიანების დახმარება ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ უნდა უკავშირდებოდეს პოლიტიკურ მიზნებს:

”პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება უნდა აკეთებდეს და უნდა აკეთებდეს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ამის გაკეთებას იწყებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ. ჩვენ ხელისუფლებას მოვთხოვთ პასუხს - არა იმიტომ, რომ ახლა აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ მანამდე არ აკეთებდა”.

ამგვარი ეჭვის გასაქარწყლებლად მთავრობის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მცხოვრებთა საჭიროებებზე ორგანიზებული და თანმიმდევრული ზრუნვა ახალმა ხელისუფლებამ არა ახლა, არამედ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანია ამბობს, ამ სოფლებში წყალმომარაგებასთან, გაზიფიცირებასა და გზების მშენებლობასთან დაკავშირებული არაერთი პროექტი ხორციელდება, ხოლო კომისია პრობლემების გადაწყვეტას უფრო მასშტაბურ სახეს მისცემს. მიმდინარე თუ დასრულებული პროექტები დასახელებულია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასში ნათქვამია, რომ, მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტში, სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური არხი გაიხსნა, ხოლო სოფლების ლამისყანის, ახმაჯის, თვაურების ტერიტორიაზე დასასრულს უახლოვდება გზის რეაბილიტაციის პროცესი.

წინასაარჩევნო კამპანიას არა ხელშემწყობ, არამედ ხელშემშლელ ფაქტორად განიხილავს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს, საჭიროა კარგად გააზრება, რადგანაც ოპონენტებმა შეიძლება ზამთრისთვის მოსამზადებელი გადაუდებელი სამუშაოების შესრულება ამ ეტაპზე ამომრჩეველთა მოსყიდვად ჩათვალონ.
XS
SM
MD
LG