Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძიმე გიორგობა საოკუპაციო გამყოფ ხაზთან


მავთულხლართები საოკუპაციო ხაზზე
მავთულხლართები საოკუპაციო ხაზზე

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მცხოვრები ძმები გიორგი და კონსტანტინე გაბარაევები დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. გაბარაევები რუსეთის მესაზღვრეებმა სოფლის განაპირას დააკავეს და ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე ისინი შეშას აგროვებდნენ. კონსტანტინე გაბარაევი ამბობს, რომ შეშის შეგროვებისას მესაზღვრეები შენიშნა, დაკავების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ საოკუპაციო ხაზი რამდენიმე ნაბიჯით გადაეკვეთა. დაკავებულები ჯერ ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს გადასცეს და ცხინვალის იზოლატორში წაიყვანეს.

გადმოწერა

ოჯახის წევრებმა მომხდარი სამართალდამცავებს აცნობეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კი დაკავებულთა გასათავისუფლებლად ცხელი ხაზი აამოქმედა და ოს სამართალდამცავებთან მოლაპარაკება გამართა. კონსტანტინე გაბარაევის მეუღლის, ნინო ბაციკაძის, თქმით, საქმეში ცხინვალელი ნათესავებიც ჩაერთვნენ და 20 00-რუბლიანი ჯარიმა მათ გადაიხადეს.

დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯარიაშენის, ახალუბნის და აძვის მცხოვრებნი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში ვერ წავიდნენ. ეკლესია საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს, რუსეთის მესაზღვრეები იქ მუდმივად პატრულირებენ, შარშან ამ დროს კი რამდენიმე ადამიანი დააკავეს. სალოცავების გარდა ადგილობრივ მცხოვრებლებს ნათესავების საფლავებზე გასვლაც ეზღუდებათ.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მოქალაქეებს ძირითადად საძოვრებზე საქონლის გადარეკვისას ან სოფლის განაპირას შეშის დამზადებისას აკავებენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები გაზიფიცირებულია, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც შეშის შეგროვებას ანიჭებს უპირატესობას, რადგან ბუნებრივი აირის გადასახადი მაღალია. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს სახნავ-სათეს ფართობებზე წვდომაც შეეზღუდათ. ამ სოფლებში სოციალური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება - უსაფრთხოება გარანტირებული არ არის და ამიტომ დაწყებულია ახალგაზრდების მიგრაცია.

საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფლებში საძოვრების შემცირების გამო მეცხოველეობის განვითარებაც შეუძლებელია. მოსავლიანობაც შემცირებულია, რადგან ხშირად სარწყავი წყლის პრობლემა იქმნება.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეები ხელისუფლებას მეტ ყურადღებას სთხოვენ. მათი აზრით, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სპეციალური პროგრამები თუ არ ამოქმედდა, სოფლები მთლიანად დაიცლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG