Accessibility links

logo-print

მთავრობამ განვითარების საფინანსო კორპორაციის შექმნა გადაიფიქრა. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ინფორმაციით, ეკონომიკურ საბჭოზე გადაწყდა, ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის - „საპარტნიორო ფონდის“ ბაზაზე.

შეგახსენებთ, რომ სულ 3 წელია, რაც"საპარტნიორო ფონდი" არსებობს და ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მთავრობამ 3-ჯერ განიზრახა მისი სხვადასხვა სტრუქტურად რეორგანიზაცია. პირველი ვარიანტით "საპარტნიორო ფონდის" "სუვერენულ ფონდად" გარდაქმნა იყო გათვალისწინებული, მაგრამ მთავრობამ თავისივე საკანონმდებლო ინიციატივა უკან გაიწვია. საპარტნიორო ბანკის შექმნის იდეაც გაჟღერდა. აგვისტოში თითქოს უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ახალი ორგანიზაცია „საპარტნიორო ფონდის“ ბაზაზე შეიქმნებოდა და, საქართველოს განვითარების ბანკის ნაცვლად, განვითარების ფინანსური კორპორაცია დაერქმეოდა.

ამჯერად კი, როგორც უკვე ვთქვით, მთავრობამ გადაწყვიტა „საპარტნიორო ფონდის“ არსებული სტრუქტურა შეინარჩუნოს.

აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი "BB-", რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.

„საპარტნიორო ფონდი" შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება, საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).

„საპარტნიორო ფონდის" საქმიანობა ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით:

1. აქტივების მართვა - ფონდის მართვაში არსებული აქტივების ჯამურმა ბრუნვამ 2012 წელს 750 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ფონდის აქტივების პორტფელი შედგება შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან: საქართველოს რკინიგზა - 100% წილი; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი; საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 100% წილი; ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 100% წილი; სს თელასი - 24.5% წილი.

საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია „საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების მთავარი წყაროა.

ფონდის მეორე მიმართულება კი საინვესტიციო საქმიანობაა: ამჟამად ფონდის პორტფელშია რამდენიმე პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 1 მილიარდ აშშ დოლარს. ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ საქართველოში და მისი სტრატეგია მიმართულია კერძო ინვესტორების მოზიდვასა და მხარდაჭერაზე. ფონდისთვის მნიშვნელოვანია კომერციულად მომგებიანი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებში, რომლებიც გამოირჩევა განვითარების დიდი პოტენციალით, მათ შორის, შემდეგ სექტორებში: ენერგეტიკა, აგრობიზნესი, წარმოება, უძრავი ქონება და ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა.

დაფინანსებისთვის განიხილება მხოლოდ კომერციულად მიზანშეწონილი პროექტები, რომლებსაც გამოცდილი პარტნიორები ან დაქირავებული სპეციალიზებული ოპერატორები მართავენ.

9 ოქტომბერს ფონდმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ფონდის 2013 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში გააცნო. როგორც შეხვედრაზე ფონდის დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მონაცემები, წინა (2012) წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია. მისი თქმით, 2013 წელს ფონდის მოგებამ შეადგინა 73 მილიონ 569 ათასი ლარი, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 979 მილიონი ლარი. რაც შეეხება ჯამურ აქტივებს, იგი 3%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ფონდის ხელძღვანელის ინფორმაციით, მთლიანი საინვესტიციო მოცულობა იმ პროექტებისა, რომლებზეც ფონდი მუშაობს, 2 მლრდ ამერიკულ დოლარამდეა გაზრდილი.

XS
SM
MD
LG