Accessibility links

logo-print

სახელმწიფომ საპენსიო რეფორმის მოდელი მოამზადა და მის აპრობირებას უახლოეს ხანებში აპირებს. საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო საპენსიო ფონდში ყოველთვიურად ორ-ორ პროცენტს შეიტანენ.

საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის ოთარ ძიძიკაშვილის განმარტებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული საპენსიო რეფორმის კონცეფცია ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული: სისტემაში მხოლოდ მსურველები გაწევრიანდებიან და საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დამატებით ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ. არ გაუქმდება და ისევ იარსებებს დღეს არსებული სოციალური პენსიის მოდელი, რომელიც ყველა პენსიონერზე გავრცელდება.

„თუ დასაქმებული, რომელიც მიიღებს მონაწილეობას და შენატანის სახით განახორციელებს 2 %-იან კონტრიბუციას საპენსიო ფონდში, დამსაქმებელიც და სახელმწიფოც დამატებით განახორციელებენ ორ-ორპროცენტიან შენატანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ყოველთვიური გადარიცხული თანახა საპენსიო ფონდში შეადგენს 6 %-ს. შემდეგ მოხდება ამ თანხის ინვესტირება სხვადასხვა აქტივებში და მოგების სახით დაემატება პენსიონერს. ეს არის დაგროვებითი პენსიის პრინციპი, რომელიც დასაქმებულ ადამიანზეა მორგებული და ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს, სადაც არის სოლიდარობის პრინციპი, სადაც შენატანებს ახორციელებს დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო“, – განმარტავენ ორგანიზატორები.

მათივე განმარტებით, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს, სურვილის შემთხვევაში, 2 %-ზე მეტი შენატანის შესაძლებლობაც ექნება, თუმცა დამსაქმებლისა და ბიზნესის შენატანი ისევ 2 % დარჩება. საპენსიო რეფორმის სამსახურში ფიქრობენ, რომ, ჯამში, 6 %-იანი კონტრიბუცია საწყის ეტაპზე საკმარისი იქნება, თუმცა მომავალში ამ ციფრის გაზრდას არ გამორიცხავენ.

აქვე უნდა ითქვას, რომ „ნებაყოფლობით საფუძველზე“ საპენსიო დანამატის გაკეთების საშუალება საქართველოს მოქალაქეებს დღემდეც ჰქონდათ, თუმცა ამ შემთხვევაში არა სახელმწიფოს, არამედ კერძო სადაზღვევო კომპანიისთვის შეეძლოთ გადაეხადათ. ეს კომპანია, თავის მხრივ, ამ თანხების ინვესტირებას ისევე მოახდენდა, როგორც ამას, სავარაუდოდ, სახელმწიფო ფონდი გეგმავს. კერძო საპენსიო დაზღვევა საქართველოში 2001 წლიდან შესთავაზეს კომპანიებმა დასაქმებულებს და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა ამ პროდუქტზე არ დაფიქსირებულა.

საქართველოში არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის პროდუქტს მოსახლეობას მხოლოდ რამდენიმე სადაზღვევო კომპანია სთავაზობს. 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან (საქართველოს ეროვნული ბანკი) საპენსიო დაზღვევა ჰქონდა შემდეგ კომპანიებს: „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „ალდაგი ბისიაი“ (2013 წლამდე კერძო საპენსიო დაზღვევას ახორციელებდა აგრეთვე სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“). ოფიციალურად, საქართველოს კანონმდებლობით, ქალებისთვის საპენსიო ასაკი განსაზღვრულია 60 წლის ასაკიდან, მამაკაცებისთვის კი 64 წლიდან. მომხმარებელს არ აქვს უფლება ამ ასაკზე უფრო ადრე დაინიშნოს პენსია, თუმცა აქვთ შესაძლებლობა პენსიის დანიშვნის ვადა გადასწიოს, მაგალითად, პენსია მიიღოს არა 64 წლიდან, არამედ 68 წლის ასაკიდან. 2012 წლის მდგომარეობით, საქართველოში კერძო საპენსიო დაზღვევის სისტემით დაზღვეულთა რაოდენობა შეადგენდა 17 935 პირს (საქართველოს ეროვნული ბანკი, 2012). სქემის მონაწილეები არიან როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციის თანამშრომლები.

ცხადია, ეს ციფრი საკმაოდ მოკრძალებულია და, ძირითადად, იმას მოწმობს, რომ საქართველოში საპენსიო დაგროვების კულტურა ჯერჯერობით არ არსებობს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები გრძელვადიანი ნდობის არარსებობას ასახელებენ. ერთ-ერთი მიზეზი თავად დასაქმებულთა საკმაოდ დაბალი შემოსავლებიცაა. შედარებით მაღალი შემოსავლის მქონენი კი საპენსიო დანაზოგების გაკეთებას დანაზოგის უძრავ ქონებაში ჩადებას და სიბერის ასე უზრუნველყოფას ამჯობინებენ.

შესაბამისად, რამდენად წარმატებული იქნება ქართული საპენსიო რეფორმა, ამაზე დღეს პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთული გახლავთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG