Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო მუშაობას შეუდგა


საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს პირველი სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. საბჭოს დღის წესრიგში უწყების ბიუჯეტისა და სამოქმედო გეგმის განხილვა და საორგანიზაციო საკითხები იყო შეტანილი. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ეროვნული ბანკისგან ცალკე უწყებად სექტემბერში გამოიყო პარლამენტის გადაწყვეტილებით. ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მაგრამ დაძლეული ვეტოს შემდეგ უწყება ამოქმედდა.

საპარტნიორო ფონდის ოფისში ეროვნული ბანკისგან გამოყოფილი უწყების საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს სხდომა დღის 12 საათზე დახურულ კარს მიღმა დაიწყო და 5 საათს გაგრძელდა. სხდომის დაწყებამდე საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მედიისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა - თქვა მხოლოდ, რომ პირველ შეხვედრაზე საბჭო საორგანიზაციო საკითხებს გაარკვევს, მომდევნო 4 თვის განმავლობაში კი საფინანსო ზედამხედველობას გასწევს ეროვნულ ბანკთან ერთად, ვინაიდან სარეთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან უწყებამ ასეთი მოთხოვნა მიიღო:

„დღის წესრიგში სხვა საკითხებთან ერთად გახლავთ სააგენტოს დებულების დამტკიცება. ჩვენ მას დავამტკიცებთ. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თხოვნას და გარდამავალი პერიოდი სააგენტოს მუშაობისათვის იქნება 4 თვე, რაც გულისხმობს პერიოდს, როდესაც ერთობლივი მუშაობა იქნება ეროვნული ბანკის და ზედამხედველობის სააგენტოსი, ხოლო ოთხი თვის შემდეგ სააგენტო დაიწყებს სრულფასოვან მუშაობას“.

თუმცა 4 თვის შემდეგ ეროვნული ბანკისგან გამოყოფილი ახალი უწყების დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყება შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იყოს დამოკიდებული. 22 სექტემბერს სასამართლოში შევიდა საპარლამენტო უმცირესობის - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ - წარმომადგენელი 30 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი სარჩელი სააგენტოს არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. როგორც სარჩელზე ხელმომწერმა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სასარჩელო განცხადებაში ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე სასამართლომ შეაჩეროს სააგენტოს საქმიანობა.

არც ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება ლარის კურსზე ზემოქმედება, არ გააჩნია საზედამხედველო ორგანოს. ეს არის მონეტარული ინსტრუმენტები, მინიმალური რეზერვები, ფინანსირების განაკვეთი, სადეპოზიტო სერტიფიკატები...
გოჩა თუთბერიძე

საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უკვე მოუსმინეს. ის, თუმცა სააგენტოს საბჭოს წვერია, მისი უწყებიდან გამოყოფილი სააგენტოს პირველ სხდომას არ დასწრებია. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო შვიდი წევრისგან შედგება. საქართველოს მთავრობა პარლამენტს ხუთ წევრს წარუდგენს, ერთ წევრს საბჭო ირჩევს და მეშვიდე წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტია. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მაგრამ საკანონმდებლო ორგანომ ვეტო 81 ხმით დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.

საფინანსო ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს ეკუთვნოდა, მოტივაცია კი იყო გამოერიცხათ ეროვნული ვალუტის - ლარის - კურსის რყევებით სარგებლობის შესაძლებლობა, რასაც, მისი შეხედულებით, ეროვნული ბანკი თავს ვერ ართმევდა.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა ღონისძიებების გატარებას აპირებს ზედამხედველობის სააგენტო ეროვნული ვალუტის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად. ექსპერტი საბანკო სფეროში გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ ზედამხედველობის სააგენტოს ვალუტაზე ზემოქმედების არანაირი საშუალება არა აქვს, ამიტომ გაუგებარია, რას ეყრდნობა ლარის გამყარების მოლოდინი:

„არა, მე არ ვიცი, რას ეყრდნობიან. ეს წარმოუდგენელია. არც ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება ლარის კურსზე ზემოქმედება, არ გააჩნია საზედამხედველო ორგანოს. ეს არის მონეტარული ინსტრუმენტები, მინიმალური რეზერვები, ფინანსირების განაკვეთი, სადეპოზიტო სერტიფიკატები... ყველაფერ ამას ეროვნული ბანკი განკარგავს, ამიტომ რანაირად შეიძლება ზედამხედველობის ორგანომ იმოქმედოს ვალუტის კურსზე? ხშირ შემთხვევაში ეს არის საკითხის უცოდინარობა“.

ორგანიზაცია „მომავლის ინიციატივების“ ხელმძღვანელის ლევან ალაფიშვილის თქმით კი, გადაწყვეტილებას, ეროვნული ბანკისგან გამოყოფილიყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, უფრო პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, ეს არ იყო რეალურად ინფლაციური პროცესების შეჩერებისკენ გადადგმულ ნაბიჯი, ვინაიდან საამისო ინსტრუმენტი ამ უწყებას ვერ ექნება. ამასთან, მისი თქმით, შესაძლოა საფინანსო ინსტიტუტებს პრობლემა შეექმნათ:

„მაკონტროლებელ ორგანოს აქვს კანონისმიერი საშუალება შეაჩეროს ან გააუქმოს მის კონტროლქვეშ მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს პირდაპირ ჩარევას საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაში და ამის უფლებას მოიპოვებს სხვა. დღეს ამის უფლება საბანკო სისტემასთან მიმართებაში არავის არ აქვს და ეს არის კონსტიტუციური, კანონით გათვალისწინებული გარანტია და ხვალ ამის საშუალება გაუჩნდება სხვას“.

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შეხვედრა დახურულ რეჟიმში წარიმართა და, როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა,რომ სააგენტო ჯერჯერობით არ იწყებს მუშაობას და მომავალი 4 თვის განმავლობაში საბანკო ზედამხედველობის ფუნქციას ეროვნული ბანკი გასწევს, პროცესი მაინც ნაჩქარევია. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სხდომას იმ მიზეზით არ ესწრებოდა, რომ ინფორმაცია სხდომის ჩატარების თაობაზე მხოლოდ გუშინ მიიღო.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG