Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონირება შეჩერებულია


ავტორი: ირინა გურული

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მორიგი გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატების კრიტიკის სამიზნე ხდება. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ხმაურიანი ისტორია ამჯერად სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მონაწილეობით გრძელდება. 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ,სააგენტოს არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ შესული სარჩელის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უწყების მუშაობა შეაჩერა. სარჩელს საპარლამენტო უმცირესობის - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ - წარმომადგენელი 39 დეპუტატი აწერდა ხელს.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან ეროვნული ბანკის კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია გამოეყო და ჩამოყალიბდა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. როგორც გახსოვთ, აღნიშნულმა ცვლილებამ საქართველოში საკმაოდ სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. თავდაპირველად პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ვეტო 81 ხმით დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა და სააგენტო უფლებამოსილი გახდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თხოვნის გათვალისწინებით, სააგენტოს მუშაობის გარდამავალი პერიოდი, რაც სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივ მუშაობას მოიაზრებს,4 თვით განისაზღვრა.

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო მალევე დაკომპლექტდა შვიდი წევრით. რაც შეეხება საბჭოს ხელმძღვანელს, ეს პოზიცია დაიკავა ირაკლი კოვზანაძემ,ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი კი, 7 წლის ვადით, კოტე სულამანიძე გახდა.

რამდენიმე დღის წინ, 10 ოქტომბერს, დახურულ რეჟიმშიგაიმართა საბჭოს პირველი სხდომ, რომელზეც საორგანიზაციო საკითხები იქნა განიხილული, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბჭოს მუშაობა შეჩერდა.

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი - „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ზურაბ აბაშიძე, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე და სხვები, სულ 39 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის რიგ საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას, რის შედეგადაც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო“ და დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რომლებიც სადავო ნორმების ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.

მოსარჩელეთა განმარტებით, სააგენტოსთვის გადაცემულ იქნა ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირებისათვის და რომლებიც, საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციას მიეკუთვნება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების მოქმედებას შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა არა მხოლოდ ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორის მდგრადობა, არამედ გამოეწვია კონკრეტული პირების (საბანკო ურთიერთობის მონაწილეების, ინვესტორების, მეანაბრეების) უფლებებისა და ინტერესებისთვის გამოუსწორებელი შედეგი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 12 ოქტომბრის N3/6/668 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა ახალი საბჭოს მუშაობა და დაადგინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „ზედამხედველობის სააგენტოს" ფუნქციებს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკი".

ჯერჯერობით ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და როგორი იქნება სააგენტოს სამომავლო პერსპექტივა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG