Accessibility links

კრემლის მრჩევლის ოჯახი სკანდალში გაეხვია


მოსკოვი

მოსკოვი

აშკარად იკვეთება საპნის ოპერა, ყველა ელემენტით: სიყვარული, ეჭვიანობა, მოკვლით დამუქრება - ეს ყველაფერი პირადად იწვნია ერთმა ემიგრანტმა ქალმა, 31 წლის ფირუზა სავუშკინამ, რომელსაც მდიდარი და გავლენიანი კრემლის მოხელის შვილი, 23 წლის იური გლაზიევი შეუყვარდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტაჯიკეთიდან მოსკოვში ჩასული მარტოხელა დედა დამლაგებლად დაიქირავეს უფროსი გლაზიევის სახლში, სადაც მას და კრემლის მოხელის შვილს ერთმანეთი შეუყვარდათ. ამ ამბის გამჟღავნებას მთელი აურზაური მოჰყვა გლაზიევების ოჯახში.

ჰყვებიან, რომ იური გლაზიევს მაგრად მოხვდა დამლაგებელ ქალთან რომანის გამო, თუმცა, სოციალური სტატუსისა და ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. ინტერნეტში გავრცელდა ნიშნობის კადრები, რომელზეც უმცროსი გლაზიევი 31 წლის ფირუზა სავუშკინას საზეიმო ვითარებაში სამარადისო სიყვარულს ჰპირდება.

თუმცა იურისა და ფირუზას ცხოვრებას დიდი დღე არ ეწერა. 24 სექტემბერს ტაჯიკი მიგრანტის, დილაფუზ მირზოევას მოკვლის მცდელობაში ეჭვმიტანილი ფირუზა სავუშკინა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. დაზარალებული მირზოევას ჩვენებით, სავუშკინა, რომელმაც მასში მეტოქე დაინახა და იეჭვიანა, დანით დაესხა თავს, სახე დაუსერა და მოკვლით დაემუქრა.

თუმცა თავად იური გლაზიევი მომხდარს სხვაგვარად ხსნის და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მისი მშობლების იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც შეყვარებულები ერთმანეთისთვის უნდა დაეშორებინათ. როდესაც იური გლაზიევის მშობლებმა ვერ მოახერხეს არასასურველი სარძლოს სამუდამოდ ტაჯიკეთში დეპორტირება, დედის, ოლგას, დაჟინებული მოთხოვნით, უფრო „მუხანათურ გეგმას“ მიმართეს, - ამბობს იური გლაზიევი.

„მამაჩემი, სერგეი იურის ძე გლაზიევი, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, როდესაც ამ ყველაფერს გეგმავდა, დაუკავშირდა პოლიციის განყოფილებას და მოსთხოვა, მკაცრად მოექეცით მას, გამოკეტეთ და მაქსიმალურად მკაცრი რეპრესიები გაატარეთ მის მიმართო“.

სერგეი გლაზიევი, მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი, აკადემიკოსი, რუსეთის პრეზიდენტის ლიდერობით მოქმედი პარტია „ედინაია როსსიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ტელეკომპანია „რენის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტში ისმის მამა-შვილის სატელეფონო საუბარი, რომელშიც უფროსი გლაზიევი თავისი შვილის საცოლის საპატიმროდან განთავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს:

„საქმეს სერიოზული მიდგომა უნდა, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, არავინ არაფერს აკეთებს, მათ შორის ადვოკატიც. საჭიროა ოფიციალური მიმართვის გაკეთება, შუამდგომლობა, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე“.

პრეზიდენტ პუტინის მრჩეველს და მის ცოლს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ თავიანთი შვილის უცნაურ სიყვარულსა და მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე, მაგრამ სკანდალი, რომელიც კრემლის მთავარი მრჩევლის შვილმა გარეთ გამოიტანა, მომავალში, ჩანს, კიდევ უფრო გაღვივდება. ვიდრე ტაჯიკი ფირუზა სავუშკინა საპატიმროში იმყოფება, მისმა საქმრომ, იური გლაზიევმა, საბოლოოდ ამოიკვეთა ფეხი მშობლების სახლიდან და მთელ დროს თავისი საცოლის ქალიშვილისა და ნათესავების ოჯახში ატარებს.

XS
SM
MD
LG