Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპოლიციო კონტროლი გორში და იურისტების განმარტებები


ყოველ ღამით გორის ქუჩებში სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება. სამართალდამცავები აჩერებენ როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე სატრანსპორტო საშუალებებს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მაღაზიებთან ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისთვის მოქალაქეები დააჯარიმეს. გორელების ნაწილი კონტროლის გამკაცრებას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ პოლიციელები უფლებამოსილებას აჭარბებენ და მოქალაქეების უფლებებს არღვევენ, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი დანაშაულის პრევენციისთვის და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კეთდება. გორში რამდენიმე თვის განმავლობაში ცენტრალურ ქუჩებზე არსებული მაღაზიები იძარცვებოდა. ბოლო ხანებში ქურდობის ფაქტებმა იკლო.

საზოგადოებაში სპეციალურ საპოლიციო კონტროლს რეიდებს უწოდებენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, პოლიციელები კანონის შესაბამისად მოქმედებენ, მოქალაქეები კი არ ფლობენ ინფორმაციას პოლიციელთა კანონიერი უფლებების შესახებ. მისი თქმით, საპოლიციო ღონისძიებები საზოგადოების შეკვეთაა და მოქალაქეთა დაცვის მიზნით დანაშაულის პრევენციას ემსახურება.

იურისტები განმარტავენ იმ უფლებებს, რომლებიც საპოლიციო კონტროლის ფარგლებში პოლიციელებს და მოქალაქეებს აქვთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რევაზ რევაზაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავებს მოქალაქეების მხოლოდ ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება ევალებათ და საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ჩხრეკის ჩატარება დაუშვებელია.

რევაზ რევაზაშვილის აზრით, აუცილებელია მოქალაქეებმა საკუთარი უფლებების შესახებ მეტი იცოდნენ და, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, კარგად დააკვირდნენ პოლიციელების მოქმედებასა და ქცევას. მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან დაუშვებელია მოქალაქეების პატივისა და ღირსების შემლახავი მოქმედებები.

ადგილობრივი სამართალდამცავები არაფერს ამბობენ იმაზე, თუ როდემდე გაგრძელდება სპეციალური საპოლიციო კონტროლი, გორში მოქალაქეების ერთი ნაწილი კი აცხადებს, რომ ღამით გარეთ გასვლისაგან თავს იკავებს.

XS
SM
MD
LG