Accessibility links

აზერბაიჯანი: არჩევნები, მოსალოდნელი შედეგით


ილჰამ ალიევის მხარდამჭერები ბაქოს ქუჩებში

ილჰამ ალიევის მხარდამჭერები ბაქოს ქუჩებში

აზერბაიჯანში გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგიც ამ ქვეყნის პრეზიდენტს გამოავლენს. ეგზიტპოლები ეჭვს არ ტოვებს, რომ დიდი უპირატესობით იმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

9 ოქტომბერს გამართული კენჭისყრის რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგებით, ილჰამ ალიევს ხმების 81-84% ერგო. ის დიდი უპირატესობით უსწრებს მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, ოპოზიციონერ ჯამილ ჰასანლის, რომელმაც, ასევე ეგზიტპოლის შედეგებით, სულ რვამდე პროცენტი მოაგროვა. არჩევნებში 10 კანდიდატი მონაწილეობდა.
ბევრი მოხალისე ჟურნალისტი გვიგზავნის ვიდეომასალას, ჩვენი კორესპონდენტები იღებენ დარღვევებს და აგროვებენ ინფორმაციას მათ შესახებ...

ჯამილ ჰასანლიმ ოთხშაბათს, საღამო ხანს, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხელისუფლებას ადანაშაულებს არჩევნების „ტოტალურ ფალსიფიკაციაში“. მანამდე ჰასანლიმ ეს ბრალდება ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურთან საუბარშიც ახსენა. „ინფორმაცია, რომელსაც მე ვიღებ ჩვენი მეთვალყურეებისაგან ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, ადასტურებს მასობრივ გაყალბებას. როგორ უნდა ილაპარაკო არჩევნებზე იქ, სადაც ოფიციალური შედეგი უკვე განსაზღვრულია კენჭისყრის წინა დღეს?“ - უთხრა ჩვენს რადიოს ჰასანლიმ. მან ოპოზიციის მეთვალყურეები ახსენა. ერთ-ერთმა მათგანმა ბაქოდან 260-მდე კილომეტრში მდებარე ბეილაგანში უთხრა ჩვენს კორესპონდენტს, რომ სცემეს, როცა ჰასანლის დავალებით მივიდა საარჩევნო უბანში სამეთვალყურეოდ.

აზერბაიჯანში საგამოძიებო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი, ჩვენი რადიოს თანამშრომელი ხადიჯა ისმაილოვა ადასტურებს, რომ მიღებული აქვს საარჩევნო უბნებზე დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა: „ბევრი მოხალისე ჟურნალისტი გვიგზავნის ვიდეომასალას, ჩვენი კორესპონდენტები იღებენ დარღვევებს და აგროვებენ ინფორმაციას მათ შესახებ. ამდენად, ნათელია, რომ სრული მასშტაბით მიმდინარეობს ორგანიზებული ძალისხმევა არჩევნების შედეგების გასაყალბებლად და ცხადია, რომ ეს არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი“.
ოპოზიციონერი კანდიდატების მეთვალყურეები და მომხრეები ადგილებზე ცდილობენ საბოტაჟის მოწყობას. რასაკვირველია, ყველა ასეთი მცდელობა აღკვეთილ იქნა, მაგრამ ამ ტიპის ინფორმაცია სულ შემოდის ჩვენს ოფისში. ისინი ცდილობენ შექმნან წარმოდგენა, რომ ხდება მასობრივი გაყალბება...

მეორე მხრივ, აზერბაიჯანის მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ არჩევნების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. ამასთან, მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ პრესმდივანმა ჰუსეინ ფაშაევმა ოპოზიციონერები „საბოტაჟის“ მცდელობაში დაადანაშაულა.

„ოპოზიციონერი კანდიდატების მეთვალყურეები და მომხრეები ადგილებზე ცდილობენ საბოტაჟის მოწყობას. რასაკვირველია, ყველა ასეთი მცდელობა აღკვეთილ იქნა, მაგრამ ამ ტიპის ინფორმაცია სულ შემოდის ჩვენს ოფისში. ისინი ცდილობენ შექმნან წარმოდგენა, რომ ხდება მასობრივი გაყალბება. ამას აკეთებენ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებით. ისინი ასეთ რაღაცებს უფრო აქტიურად აკეთებენ, როცა ხედავენ, რომ საარჩევნო უბნებზე უცხოელი მეთვალყურეები მოდიან“, - განაცხადა ოთხშაბათს აზერბაიჯანის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი დროით 17 საათზე, ანუ საარჩევნო უბნების დახურვამდე, კენჭისყრაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ელექტორატის 67%-ს.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე ბევრს არ ეპარებოდა ეჭვი მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვებაში. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ილჰამ ალიევი მესამე ვადით რჩება პრეზიდენტის პოსტზე, რომელიც უკავია 2003 წლიდან - მამამისის, ყოფილ პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის, გარდაცვალების შემდეგ.

ილჰამ ალიევის მმართველობის ამ ათწლიან პერიოდში, აზერბაიჯანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა - უმეტესწილად, ნავთობისა და გაზის ექსპორტის ხარჯზე. შესაბამისად, გაუმჯობესდა მოსახლეობის ცხოვრების დონე.

მაგრამ ალიევის რეჟიმს კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. აქტივისტები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, ფალსიფიცირებული ბრალდებების საფუძველზე, დაპატიმრებული იქნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრავალი ოპონენტი.
XS
SM
MD
LG