Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნების სტარტი მიცემულია


პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე
საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია რამდენიმე კითხვის ნიშნით დაიწყო. ჯერ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ითქვა, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო არჩევნების დღედ 27 ოქტომბრის დასახელება და, საბოლოოდ, არჩევნები 31 ოქტომბერს ჩაინიშნა. შემდეგ კი იურისტებს შორის საკამათო გახდა კვირის სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვის საკითხი. ვარაუდები გამოითქმის არჩევნების ოქტომბრის ბოლო დღეს გამოცხადებასთან დაკავშირებითაც. ითქვა, რომ ამით პრეზიდენტი ცდილობს ბოლო მომენტამდე შეინარჩუნოს პოსტი. როგორ აფასებენ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას და როგორია წინასაარჩევნოდ კანდიდატთა გადანაწილება?

ორი დღეა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მსჯელობა არ ცხრება. თავდაპირველად, როცა პრეზიდენტის პრესსპიკერმა არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერი გამოაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ იხუმრა კიდეც, რომ უკვირს, როგორ მოიკლო პრეზიდენტობის 4 დღე მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა, მისივე სიტყვებით, ყველაფერი ნათელი გახდა, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ტექნიკური ხარვეზი უწოდა საპრეზიდენტო არჩევნების 27 ოქტომბერს დანიშვნას და განაცხადა, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. საქმე ისაა, რომ სწორედ ოქტომბრის ბოლოს ეწურება მოქმედ პრეზიდენტს ვადა.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 27 ოქტომბრის გამოცხადების მიმართ პრეტენზიები არ ჰქონიათ იურისტებს, რადგან ეს კვირა დღეა, 31 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნამ კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ეს კვირის სამუშაო დღეა და, როგორც „საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი ამბობს, ხუთშაბათს არჩევნების დანიშვნა კანონდარღვევაა. კახიშვილი საარჩევნო კანონმდებლობის მე-6 მუხლს იშველიებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის განკარგულება არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით უნდა გასაჩივრდეს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, "მორიგი არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა".

სამართლებრივად პრეზიდენტის გადაწყვეტილება კანონიერი იყო. სხვა საკითხია, რამდენად მიზანშეწონილია ეს, რამდენად მართლაც ტექნკურ შეცდომას ჰქონდა ადგილი...
კახა კოჟორიძე
თუმცა კანონის სწორედ ეს ბუნდოვანი ჩანაწერი აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, საპრეზიდენტო არჩევნები კვირის ნებისმიერ დღეს დანიშნოს, ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე. მისი სიტყვებით, ადრე კანონმდებლობაში იყო ჩანაწერი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს კვირას, მაგრამ შემდეგ ეს ჩანაწერი შეიცვალა. ასე რომ, ხუთშაბათს არჩევნების ჩატარების რაიმე ამკრძალავი დებულება - რომ საპრეზიდენტო აჩევნების ჩატარება არ შეიძლება კვირის ნებისმიერ დღეს - კანონმდებლობაში არ არსებობს, მაგრამ კანონში არც ის წერია, თუ კვირის რომელ დღეს შეიძლება ის ჩატარდეს. მთავარია, რომ ეს დღე იყოს უქმე. ეს კი იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ პრეზიდენტს კვირის ნებისმიერი დღე, როცა არჩევნები დაინიშნება, შეუძლია გამოაცხადოს უქმედ და ეს გამოცხადებული უქმე დღე შეიძლება იყოს ხუთშაბათიც, ამბობს კახა კოჟორიძე:

„სამართლებრივად პრეზიდენტის გადაწყვეტილება კანონიერი იყო. სხვა საკითხია, რამდენად მიზანშეწონილია ეს, რამდენად მართლაც ტექნკურ შეცდომას ჰქონდა ადგილი და ის, რომ მაინცდამაინც ბოლო დღეს დანიშნა, რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ეს. ამაზე მე არ ვაკეთებ კომენტარს. მსგავსი შეფასებები გააკეთონ პოლიტიკოსებმა, მაგრამ, წმინდა სამართლებრივი შეფასებით, პრეზიდენტს ახლა უკანონო გადაწყვეტილება არ მიუღია“.

აღასანიშნავია, რომ გასული საპარლამენტო არჩევნებიც კვირის სამუშაო დღეს ჩატარდა, რასაც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ. ანალოგიურად ფიქრობენ ახლაც და ამბობენ, რომ სამუშაო დღის გამო ისინი საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ მოახერხებენ.

პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კანდიდატმა გამოიყენოს მაქსიმალური დრო საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, რომლის დაცემასაც ჰქონდა ადგილი ბოლო თვეების განმავლობაში, კვლავ გაუმჯობესდეს...
ნიკა ჩიტაძე
რაც შეეხება თავად საპრეზიდენტო არჩევნების დღედ ოქტომბრის ბოლო დღის შერჩევას, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს საპრეზიდენტო პოსტზე იყოს ბოლო დღემდე, რაც ძალაუფლებისადმი მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ლაგაზიძის ვარაუდით, პრეზიდენტს სურს დაესწროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტს, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება:

„თუ იქ მიიღება საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები, ის ამას ჩაითვლის თავისი კარიერის ბოლო გამარჯვებად, ხოლო თუ გადაწყვეტილება არ იქნება ჩვენთვის სასარგებლო, ის შეეცდება ამ შემთხვევაშიც წავიდეს როგორც ტრიუმფატორი, მისი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, რომ აი, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო და ვერ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენთვის სანუკვარი ევროკავშირისკენ და მასთან დაახლოებისკენ. და ის, როგორც ეს მის სტილშია, ეცდება მოგებიდანაც და წაგებიდანაც გამარჯვებული გამოვიდეს“.

ხათუნა ლაგაზიძის ამ ვარაუდს იზიარებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, მით უმეტეს, რომ, მისი სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური საპრეზიდენტო ვადა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან 21-ე დღეს ამოიწურება, ანუ როცა ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდება. შესაბამისად, ნიკა ჩიტაძის სიტყვებით, პრეზიდენტის გამოსვლა ვილნიუსის სამიტზე უადგილო არ იქნება მისი „ორატორული ნიჭიდან გამომდინარე“. ამასთან, ნიკა ჩიტაძის აზრით, შესაძლოა, პრეზიდენტი საკუთარ გუნდს წინასაარჩევნო კამპანიის გახანგრძლივების საშუალებასაც აძლევდეს, ვინაიდან რეალურად საპრეზიდენტო მარათონი ზაფხულის პოლიტიკურად პასიური პერიოდის დასრულების შემდეგ, ანუ სექტემბრიდან, დაიწყება:

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კანდიდატმა გამოიყენოს მაქსიმალური დრო საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, რომლის დაცემასაც ჰქონდა ადგილი ბოლო თვეების განმავლობაში, კვლავ გაუმჯობესდეს და, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ღირსეულად წარდგეს საზოგადოების წინაშე“.

ამ დროისათვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 5 პოლიტიკურ სუბიექტს აქვს გამოთქმული. „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო კანდიდატს 4 კანდიდატს შორის პრაიმერიზის გზით გამოავლენს ივლისის ბოლოს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG