Accessibility links

logo-print

საპროტესტი აქცია, სახელწოდებით “ქალების ხმა“, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუკში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ყოფილი ქმრის მიერ კიდევ ერთი ქალის მკვლელობის ფაქტი გახმაურდა. 21 ოქტომბერს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა და 23 ქალის მკვლელობა მთავრობის კანცელარიის წინ თავმოყრილმა ხალხმა პირის აკვრითა და თვალების ახვევით, ჯამ-ჭურჭლის ხმაურის ფონზე გააპროტესტა. „ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას! მედიას! საზოგადოებას! მოდით, რომ მხარში დავუდგეთ, გავაძლიეროთ და დავიცვათ ქალები! ჩარევა აუცილებელია!“ - ასეთი იყო საპროტესტო აქცია-პერფორმანსის მთავარი მესიჯი.

ჯერ ნელა, ქვაბზე კოვზის სუსტი შემორტყმით დაიწყო და თანდათან გაძლიერდა ქვაბებისა და ჯამების ხმა 21 ოქტომბერს მთავრობის კანცელარიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, სახელწოდებით „ქალების ხმა“. აქციის მონაწილეებიდან ზოგს თვალი ჰქონდა ახვეული, ზოგს - პირი აკრული. ამ ფორმით ისინი ქალებზე ძალადობას, უფრო კონკრეტულად კი, მათ გახშირებულ მკვლელობას აპროტესტებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 23 ქალი მოკლეს.

„მითია, რომ ქალები პირაკრულები არ ვართ, რომ ქალების ესმით და რომ ისინი ამ საზოგადოებაში თანაბარი უფლებებით სარგებლობენ“, - გვეუბნება აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სოფიო კილასონია:

„კულტურამ, ფსევდოტრადიციებმა, ფსევდოქრისტიანობამ აღგვზარდა ისე, რომ მაინც გვასწავლიან, რომ ჩვენ, ქალებს, მოთმინება გვმართებს, რომ ჩვენ უნდა გავუგოთ მამაკაცებს და, ისედაც, ყველანაირი პრობლემა გავიგოთ და ავიტანოთ, რაც ქალებს ოჯახებში მარადიულ მოთმინებას ავალდებულებს. და, მართლაც, ჩვენ ვითმენდით იქამდე, ვიდრე ძალადობამ არ მოაღწია დედაქალაქამდე, ვიდრე არ მოაღწია უნივერსიტეტამდე და ვიდრე ძალადობა და მკვლელობა, როგორც შემზარავი პერფორმანსი, სტუდენტების თვალწინ არ ჩაატარეს“.

სოფიო კილასონია, აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად, პასუხს ხელისუფლებას სთხოვს. „ისინი ვერც კი შეშფოთდნენ, - გვეუბნება, - არც ერთმა მათგანმა არ გააკეთა მკვეთრი განცხადება, რომ მკვლელობა დასაგმობია“. გამოხატვის ამ ფორმას კი, თვალებახვეული და პირაკრული ადამიანების ხმაურიან პროტესტს, სოფიო კილასონიას თქმით, ჰქონდა მკაფიო მიზანი:

„ჩვენ ვხმაურობდით იმ ხელსაწყოებით, რაც ერთადერთი რამაა, რასაც გვაძლევენ ამ საზოგადოებაში, და ეს ერთადერთი პოზიციაა სამზარეულოში, რომელსაც არ გვართმევენ და, საბოლოოდ, აქვე დავტოვეთ ეს ყველაფერი, რადგან ჩვენ, საქართველოში მცხოვრები ქალები, უნდა გამოვიდეთ ამ პოზიციიდან და მდგომარეობიდან“.

რა უნდა მოხდეს უფრო მეტი, რომ რეაქცია იყოს უფრო მწვავე? - კითხვას სვამს ქალთა უფლებების დამცველი ეკა აღდგომელაშვილი და თავის ეჭვსაც გვიზიარებს:

"მე მგონია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ბოლო მკვლელობის შემთხვევაში ასე აღაშფოთა საზოგადოება, ის იყო, რომ კაცმაც თავი მოიკლა ყოფილი ცოლის მოკვლის შემდეგ. ამას ის მიზოგენური კონტექსტიც ადასტურებს, რომელშიც ეს მკვლელობები განიხილება - დამნაშავის ტვირთი ისევ ქალს აქვს აკიდებული. კაცია კულტურის სუბიექტი, კაცზე ძალადობა ყველას გამოიყვანს გარეთ ასეთი ტიპის კულტურაში, ქუჩაში, როგორც ეს ციხეში ძალადობის ფაქტების გამო მოხდა. არადა, ქალებზე ძალადობაც სისტემური ხასიათისაა და ამისი დანახვა ჩვენთან არავის სურს."

მეტ სიმკაცრეს მოითხოვს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ნათია გვიანიშვილიც. ნულოვანი ტოლერანტობა ქალთა მკვლელებს, ამბობს ნათია:

ეს ქვაბი და კოვზი, რომლითაც ვხმაურობთ, სამზარეულოს სიმბოლიკაა, ჩაგვრის სიმბოლიკაა, რომელსაც ამ აქციაზე გარდავქმნით ამბოხად...

„დიახ, მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც ძალადობენ ქალებზე, კლავენ ქალებს, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ და ეს სამაგალითოდ უნდა გაშუქდეს კიდეც, იმისთვის რომ ადამიანებმა დაინახონ ეს მიზეზ-შედეგობრიობა, ნახონ, რომ ეს ასე დაუსჯელად არ გაივლის. მხოლოდ ასე შეიძლება ამ პრობლემას ეშველოს“.

თამთა მელაშვილისთვისაც ეს ხმაურიანი აქცია არის ამბოხის გამოხატულება - ამბოხის დაგროვილი ძალადობის წინააღმდეგ:

„ეს ქვაბი და კოვზი, რომლითაც ვხმაურობთ, სამზარეულოს სიმბოლიკაა, ჩაგვრის სიმბოლიკაა, რომელსაც ამ აქციაზე გარდავქმნით ამბოხად“.

საპროტესტო აქციაზე კაცებიც მივიდნენ და თავიანთი ხმა ქალების ხმას მიუერთეს. მათ შორის იყო დავით გორგილაძეც, რომელიც ფიქრობს, რომ ამ პრობლემასთან ორგანიზებული ბრძოლაა საჭირო, რომ შესაძლოა ეს მუხტი, რაც დღეს საზოგადოების პროტესტის შედეგად გაჩნდა, დიდი ბრძოლის დასაწყისიც გახდეს:

„მაინც იმედი მქონდა, რომ მეტ ადამიანს ვნახავდი ამ აქციაზე. ეს ასე არ მოხდა, მაგრამ მგონია, რომ მუხტი არსებობს, ამ პრობლემას ყურადღება მიექცა. ახლა მთავარია, ხალხმაც აღიაროს ეს პრობლემა“.

აქციის ბოლოს მონაწილეებმა აკრული პირი გაითავისუფლეს და თვალებიდან სახვევები მოიხსნენ, ხოლო სამზარეულოს ნივთები კანცელარიის შესასვლელთან დააწყვეს.

21 ოქტომბერს ქალთა მიმართ ძალადობას და ბოლო დროს გახშირებულ მკვლელობებს საგანგებო პრესკონფერენციით გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომელმაც ხელისუფლებას რამდენიმე მკაფიო რეკომენდაციით მიმართა:

„მოვითხოვთ განსაკუთრებული მსჯელობის საგნად იქცეს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის საშიში ტენდენცია და პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი და უახლოეს მომავალში მოიწვიოს საქართველოს მთავრობის წევრები მათგან იმ ანგარიშის მოსასმენად, თუ რას გეგმავენ ამ პრობლემის გადასაჭრელად“.

ცნობილი გახდა ისიც, რომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის მეთაურის უშუალო დაქვემდებარებაში უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის, ოჯახური ძალადობის თემებზე იმუშავებს. ჯგუფი პირველ შეხვედრას 22 ოქტომბერს გამართავს, 24-ში კი საზოგადოებას მთავრობა ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნულ სტრატეგიას წარუდგენს.

XS
SM
MD
LG