Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რაჭველი ვარ და ჩემს სოფელსა და ხვანჭკარას ვიცავ“


სოფელი ხვანჭკარა
სოფელი ხვანჭკარა

20 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში, რომლის ცენტრში შეკრებილმა მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებმა და თბილისიდან ჩასულმა გარემოს დამცველმა აქტივისტებმა ხელისუფლებასა და ენერგეტიკის სამინისტროს მოუწოდეს უარი თქვან მდინარე რიონზე 70 და 150 მეგავატი სიმძლავრის ალპანა და სადმელი ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე, რომლის განხორციელებაზეც ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე გაფორმდა ენერგეტიკის სამინისტროსა და თურქულ კომპანია „Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S“ შორის. საპროტესტო აქციის მონაწილენი მიიჩნევენ, რომ ჰესების აშენება სავალალო შედეგს მოუტანს როგორც რაიონს, ასევ მთელ მხარეს, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროსა და სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თურქული კომპანია ჯერ მხოლოდ კვლევით სამუშაოს ატარებს და რაიონისა და მხარის საზიანოდ არაფერი გაკეთდება.

ჰესების აშენებას იწყებენ ისე, რომ არავისთვის არაფერი უკითხავთ. პრემიერ-მინისტრი უარყოფს და ამბობს, არაფერი არ ხდებაო, მისი მოადგილე რაჭაში ჩამოდის და გეგმებზე გველაპარაკება... მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ვაპროტესტებთ რაჭის დატბორვას...
ირაკლი სარდანაშვილი

ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში საგანგებოდ თბილისიდან ჩავიდა სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მხატვარი კოტე ჯინჭარაძე, რომლის მშობლიური სოფელი ჭყვიში შეკრების ადგილიდან ორიოდე კილომეტრში მდებარეობს:

„აქ არის სადმელი, ორივე ტოლა, ჭრებალო, ხვანჭკარა, ჭყვიში, ქვიშარი... დღეს გამოვიდა თითქმის მთელი რაჭა, რადგანაც ეს არის ადგილობრივების სატკივარი. აქ არ შეიძლება ჰესის მშენებლობა, იმიტომ რომ ეს კატასტროფას გამოიწვევს, ხალხიც ამის გამო დგას ძალიან მტკიცედ. თუ ეს არ შეჩერდა, ხალხი ყოველდღე იდგება აქ და თავისი სიცოცხლის ფასად არ მისცემს ჰესის აშენების უფლებას“.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ რაიონში ორი ჰიდროელექტროსადგურის აშენებით მნიშვნელოვნად შეიცვლება მიკროკლიმატი, მით უფრო, რომ 150 მეგავატი სიმძლავრის „სადმელჰესის“ პროექტი ითვალისწინებს კაშხლის მშენებლობასა და 120 ჰექტარამდე ზედაპირის მქონე წყალსაცავის გაჩენას, რაც, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სოფელ ხვანჭკარის მკვიდრის ირაკლი სარდანაშვილის თქმით, გამოიწვევს ხვანჭკარის საღვინე ვაზის ჯიშების გადაშენებას, ზვავ-საშიშროების ამაღლებას, ჭარბტენიანობასა და რიონის დონის აწევას. გაიჩეხება შარეულას ტერიტორია და განადგურდება უნიკალური ხეების მნიშვნელოვანი ნაწილი.

„ჰესების აშენებას იწყებენ ისე, რომ არავისთვის არაფერი უკითხავთ. პრემიერ-მინისტრი უარყოფს და ამბობს, არაფერი არ ხდებაო, მისი მოადგილე რაჭაში ჩამოდის და გეგმებზე გველაპარაკება... მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ვაპროტესტებთ რაჭის დატბორვას. ორ ჰესზეა საუბარი. ეს არის „სადმელიჰესი“ და „ალპანაჰესი“, რომლებიც, პირველ რიგში, ვენახებს უქმნის საფრთხეს. გარდა ამისა, სეისმურად რაჭა აქტიური ზონაა... ერთი სიტყვით, ძალიან ცუდი რამე მოჰყვება ამ ამბავს. ვაპროტესტებთ სრულიად აპოლიტიკური ხალხი. რაჭველი ვარ და ჩემს სოფელს, კულტურასა და ხვანჭკარას ვიცავ“, უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი სარდანაშვილმა.

ირაკლი სარდანაშვილის მსგავსად, ხვანჭკარის ბედი აღელვებს „ღვინის კლუბის“ წევრს ალეკო ცქიტიშვილსაც, რომლის თქმითაც, ჰესების მშენებლობამ და ბუნებაში უხეშმა ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და უნიკალური სავენახე ადგილების დატბორვა, რაც ასევე გამოიწვევს კლიმატის ცვლილებას:

„ამას კი მევენახეობაზე ექნება უარყოფით გავლენა და შესაძლოა ის უნიკალური მევენახეობის კერა, რაც არის ხვანჭკარის მიკროზონაში, უბრალოდ, გაქრეს და აღარ იარსებოს. ამ რისკების ანალიზი უნდა იყოს წარმოდგენილი, სპეციალისტების მიერ შესწავლილი და საერთოდაც ფართო დისკუსიები უნდა გაიმართოს ამ თემაზე“.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არსებული საპროექტო წინადადება არ ითვალისწინებს არც დატბორვას და, შესაბამისად, არც სოფლების გადასახლებასა და ვაზის უნიკალური ჯიშებისთვის საფრთხის შექმნას...
კახა კალაძე

ამ მოსაზრების პასუხად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველაძე ამბობს, რომ საკითხი სწორედაც რომ შესწავლის სტადიაშია და მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწვეტილება ღიად და საზოგადოების აქტიური მონაწილეობით იქნება მიღებული:

„აქ საუბარია მხოლოდ კვლევით სამუშაოებზე, რომლის დასრულების შემდეგ, დაახლოებით აპრილში, დაიდება დასკვნა. ამის შემდეგ ჩაერთვება გარემოს დაცვის სამინისტრო. ცხადია, ასევე გათვალისწინებულია მოსახლეობის ჩართვაც. მხოლოდ ამის შემდეგ შეჯერდება, თუ რა სახისა და რა მასშტაბის მშენებლობა უნდა განხორციელდეს. წინასწარ იმის თქმა, რომ იტბორება და იძირება რამდენიმე სოფელი, პრობლემა აქვთ ხვანჭკარის ჯიშებსო, ამაზე წინასწარ საუბარი არის აბსურდი“.

პაპუნა მარგველაძემ საუბრის დროს დაიმოწმა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომლის წარმომადგენელი, მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, ორიოდე დღის წინ მართლაც სტუმრობდა რაჭას. სოფელ ჭრებალოს მცხოვრებლებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ „ალპანჰესზე“ კაშხლის მშენებლობა გათვალისწინებული საერთოდ არ არის, ხოლო „სადმელჰესის“ შემთხვევაში გათვალისწინებულია ერთკილომეტრიანი რადიუსის შეტბორვა, რაც, მისივე თქმით, ძალიან მცირეა. რიონზე ჰესების კასკადის შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებთი განმარტება გააკეთა ენერგეტის მინისტრმა კახა კალაძემაც:

„საქართველოს მთავრობასა და თურქულ კომპანიას შორის დაიდო მემორანდუმი კვლევის შესახებ, რაც მოიცავს 18 თვის განმავლობაში ეკოლოგიურ, ფინანსურ, სოციალურ და ტექნიკურ შესწავლა-შეფასებას და მხოლოდ ამის შემდეგ კანონის სრული დაცვით მოხდება სამშენებლო ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არსებული საპროექტო წინადადება არ ითვალისწინებს არც დატბორვას და, შესაბამისად, არც სოფლების გადასახლებასა და ვაზის უნიკალური ჯიშებისთვის საფრთხის შექმნას“.

კახი კალაძის თქმით, გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური საკითხების შეფასების დროს განხილული იქნება ყველა შესაძლო ალტერნატივა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, კონკრეტულად რომელი პროექტის განხორციელება იქნება გამართლებული, თუმცა მოვლენების ამგვარი თანმიმდევრობით განვითარებაში მანკიერებას ხედავს ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი, რომლის თქმითაც, საქართველოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკა და კონონმდებლობა უკუღმაა აწყობილი.

ირაკლი მაჭარაშვილი
ირაკლი მაჭარაშვილი

„სახელმწიფოს სახელით ენერგეტიკის სამინისტრო დებს ხოლმე მემორანდუმს, რომელშიც განსაზღვრულია უკვე, სად უნდა აშენდეს (ზუსტი წერტილი), სიმძლავრე და დიზაინი. ამის შემდეგ მემორანდუმში, მართალია, კი წერია, რომ უნდა განახორციელოს შესწავლა, მაგრამ ეს შესწავლა ბევრს აღარაფერს იძლევა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა განსაზღვროს, ზოგადად, არის თუ არა შესაძლებელი ამა თუ იმ პროექტის განხორციელება და თუ არის, რა ალტერნატივები უნდა იყოს წარმოდგენილი, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ამ მემორანდუმებში უკვე განსაზღვრულია რამდენი მეგავატი უნდა იყოს, როგორი უნდა იყოს დიზაინი, რამდენი წყლის აღება შეუძლია კომპანიას, ყოველივე ამით, ფაქტობრივად, წინასწარ არის გადაწყვეტილი საკითხი და პრაქტიკულად ხდება მშენებლობის ნებართვისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში „გაპრავება“ იმის, რაზეც უკვე დასტური აქვს მიცემული ენერგეტიკის სამინისტროს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი მაჭარაშვილმა, რომლის თქმითაც, მემორნდუმის კიდევ ერთი ნაკლი ისაა, რომ მის მიხედვით, დაწუნების შემთხვევაში, პროექტზე უარის თქმა შეუძლია კერძო კომპანიას და არ შეუძლია სახელმწიფოს, ენერგეტიკის სამინისტროს სახით. გარდა ამისა, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, პროექტს აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზი ეკოლოგიის თვალსაზრისითაც:

„გარემოსდაცვის თვალისაზრისით, ცუდი პრაქტიკაა ის, რომ მდინარიდან ჰესის საჭიროებისთვის უნდა აიღონ წყლის 90% და დატოვონ მხოლო 10%, რაც ასევე არასწორია! რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რამდენად შეცვლის ჰესების მშენებლობა მიკროკლიმატს და რამდენად იმოქმედებს ხვანჭკარის მიკროზონაზე, ეს, რა თქმა უნდა, კვლევის საგანია. ჯერ უნდა გაიზომოს ფონური კლიმატი, რამდენი იქნება დაგუბება... „სადმელჰესის“ წყალსაცავის სარკის ზედაპირი 119 ჰექტარი იქნება, რაც ნამდვილად არ არის პატარა ამ ტერიტორიისთვის“.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულბა 485 მილიონი დოლარია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG