Accessibility links

logo-print

მოსკოვში ოპოზიციონერი აქტივისტები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ დემონსტრაციაზე, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა. 20 სექტემბერს გამართული აქცია იყო მრავალი თვის შემდეგ პირველი საჯარო საპროტესტო გამოსვლა რუსეთის პრეზიდენტისა და მისი მთავრობის გასაკრიტიკებლად, თუმცა შეიკრიბა გაცილებით ნაკლები ადამიანი, ვიდრე ორგანიზატორები იმედოვნებდნენ - სხვადასხვა წყაროს ცნობით, ორიდან ოთხი ათასამდე დემონსტრანტი.

საპროტესტო აქცია მოსკოვის ცენტრიდან მოშორებით, სამხრეთში მდებარე რაიონში, გაიმართა და თავი მოუყარა რუსეთში შევიწროებული და დაქუცმაცებული ოპოზიციის მრავალ წარმომადგენელს. დემონსტრანტები რუსეთისა და კოალიცია „პარნასის“ დროშებს აფრიალებდნენ. ბევრი იყო ტრანსპარანტი, რომელზეც წელს თებერვალში მოკლული ოპოზიციონერი ლიდერის, ბორის ნემცოვის, გვარს წაიკითხავდით ან კორუფციის საწინააღმდეგო ლოზუნგებს. მთავარი ლოზუნგით კი დემონსტრანტები მოითხოვენ, საერთოდ, შესაძლებელი იყოს რუსეთშიხელისუფლების შეცვლა.

გამომსვლელებს შორის იყო აქტივისტი ილია იაშინი: „მოდით, ერთმანეთთან გულახდილი ვიყოთ! მე და თქვენ სულ ორი ალტერნატივა გვაქვს. შეგვიძლია ჩემოდნების ჩალაგება, თვითმფრინავში, მატარებელში ჩასხდომა და რუსეთიდან გამგზავრება და ქვეყნის საჯიჯგნად დატოვება მთელი ამ თაღლითებისთვის, ქურდებისთვის, შარახვეტიებისათვის, რომლებიც უკვე მრავალი წელია ყველაფერს პარავენ ქვეყანას საკუთარ ჯიბეებში ჩასადებად. არსებობს სხვა ალტერნატივაც: რუსეთში დარჩენა, საკუთარი პოზიციის დაცვა და წინააღმდეგობის გაწევის გაგრძელება“.

ისევე როგორც ილია იაშინმა, დემონსტრანტებს პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისაკენ მოუწოდა ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმაც: „შეგიძლიათ მიხვიდეთ ნებისმიერ პოლიციელთან, რომელიც მიტინგს იცავს, და შეეკითხოთ: „მოგწონს, რომ რუსეთის ეროვნული სიმდიდრის 84 %-ს 10 ოჯახი აკონტროლებს?” და პოლიციელი გეტყვით: „რასაკვირველია, არ მომწონს, მაგრამ ხომ შეუძლებელია რამე შევცვალოთ!“ შესაძლებელია! და შევცვლით!“

ნავალნიმ, რომელმაც სახელი გაითქვა ინტერნეტში კორუფციის მამხილებელი პუბლიკაციებით, დასცინა მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“ გასულ კვირას, 13 სექტემბერს, ჩატარებული რეგიონალური არჩევნების შედეგების გამო, იმ მაღალი პროცენტული მაჩვენებლების გამო, რომლებითაც გამოიხატა მმართველი პარტიის კანდიდატებისადმი მხარდაჭერა.

როცა გვესმის რა პროცენტებით იღებენ მხარდაჭერას თურქმენეთსა და ზიმბაბვეში, გვეცინება. ეს სასაცილოა! ასე იქნება ჩვენთანაც - ჩვენი შვილები დაგვცინებენ დღევანდელი მთავრობის მიმართ მხარდაჭერის ამ მაღალი პროცენტების გამოო, თქვა ნავალნიმ.

აქ უნდა ითქვას, რომ ოპოზიციას რუსეთის არც ერთ რეგიონში არ მისცემია ადგილობრივ არჩევნებში თავისი კანდიდატების ჩართვის შესაძლებლობა, კოსტრომის გარდა. მაგრამ „ერთიანმა რუსეთმა“ იქაც დამაჯერებლად გაიმარჯვა. არჩევნების მეთვალყურე დამოუკიდებელ ორგანიზაცია „გოლოსის“ განცხადებით, რომელიც 13 სექტემბრის არჩევნების შემდეგ გავრცელდა, არჩევნებს აკლდა შეჯიბრებითობა და ცხადი იყო მთავრობის კონტროლი კენჭისყრის შედეგებზე.

მაშ, როგორც აპირებს ოპოზიცია პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას? მოსკოვში 20 სექტემბრის დემონსტრაციაზე გამოსვლისას ალექსეი ნავალნიმ ასე განმარტა თავისი გეგმა: „თუ არსებობენ პოლიტპატიმრები, ჩემი გეგმა ის არის, რომ მათ მიმართ სოლიდარობა გამოვხატო. თუ არსებობს ცენზურა, ჩემი გეგმაა, უბრალოდ, იმაზე საუბარი, რომ ცენზურის წინააღმდეგი ვარ და (ჩემი გეგმაა) იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საჭიროდ მიმაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც წესიერი ადამიანის, მოვალეობა. იზიარებთ თუ არა ჩემს გეგმას?“

ნავალნის ამ შეკითხვას აღტაცებული შეძახილები მოჰყვა. მომავალ წელს რუსეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, 2018 წელს - საპრეზიდენტო არჩევნები. ძნელი სათქმელია, როგორ გაუწევს რუსეთის შევიწროებული და დაქუცმაცებული ოპოზიცია წინააღმდეგობას მმართველ ძალას და მის ლიდერს, პრეზიდენტ პუტინს, რომლის მხარდაჭერაც, ზოგი გამოკითხვის შედეგებით, 80%-ს აღემატება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG