Accessibility links

logo-print

„კაბელების საქმის“ პატიმრებისთვის ხელმოწერები შეგროვდება


საპროტესტო აქცია მთავარი პროკურატურის შენობის წინ

საპროტესტო აქცია მთავარი პროკურატურის შენობის წინ

„სამშობლოს სამსახური არ ისჯება“ – ამ სახელწოდების აქცია გაიმართა 21 მაისს მთავარი პროკურატურის შენობის წინ თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომლის პატიმრობის გასაპროტესტებლად.

ე. წ. „კაბელების საქმის“ გამო 16 მაისს დაკავებულ პირებს, რომლებსაც სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვა ედებათ ბრალად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად თვლიან თავისუფალი დემოკრატები და მათი ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია. პატიმრების გათავისუფლების იმედები მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტზე მყარდება. შაბათის აქცია თავისუფალმა დემოკრატებმა დიდი საზოგადოებრივი მოძრაობის დასაწყისად გამოაცხადეს.

ყველა, ვინც აქციაზე გამოვიდა სიტყვით, დარწმუნებით აღნიშნავდა, რომ „კაბელების საქმემ“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბედი უკვე გადაწყვიტა და რომ ხალხი უსამართლობას არ მოითმენს. 21 მაისს მთავარი პროკურატურის შენობის წინ, მცირე ზომის სცენაზე, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ადვოკატები, უფლებადამცველები, დაკავებულთა ოჯახის წევრები და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები. მიკროფონი არ დასთმობიათ სხვა პარტიათა წარმომადგენლებს, თუმცა აქციას შეუერთდნენ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

ადვოკატი ლევან სამუშია ცდილობდა, რომ „კაბელების საქმის“ დეტალები არაიურიდიულ, შეძლებისდაგვარად გასაგებ ენაზე აეხსნა აქციის მონაწილეებისთვის. მან ბევრჯერ გაიმეორა, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი, თუნდაც სულ მცირე, დეტალი, რომელიც დაკავებულთა ბრალეულობას დაადასტურებდა. ჯერ ერთი, საქმეში არ იკვეთება დაკავებულთა მოტივი, რომლის არსებობაც აუცილებელია ბრალის დასამტკიცებლად და, მეორე, მათ ხელი არ მიუწვდებოდათ პროკურატურის მიერ გაფლანგულად დასახელებულ თანხაზე:

„ამ უპატიოსნეს ხალხს დანაშაულის ჩადენა რომც ნდომოდა, ეს ხალხი ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, ვინაიდან თანხა, რომლის გაფლანგვასაც ედავებიან, ერთი წამითაც არ ყოფილა მათ ხელში, არ ყოფილა მათ განკარგვაში. ეს თანხა განკარგვაში იყო ხადურის, ეს თანხა განკარგვაში იყო ღარიბაშვილის.... საოცრება ის არის, რომ, პროკურატურის მასალების თანახმად, თურმე, ხუთმა ადამიანმა შეცდომაში შეიყვანა სრულიად საქართველოს მთავრობა. აი, ეს არის ამათი ბრალდება დღესხუთი უდანაშაულო ადამიანის მიმართ“.

საპროტესტო აქციის მონაწილე

საპროტესტო აქციის მონაწილე

ადვოკატი სამუშია თვლის, და მან ეს 21 მაისის აქციაზეც გაიმეორა, რომ მთავარი პროკურატურა ხალხს მწარედ ატყუებს, როდესაც აცხადებს, რომ, 2013 წელს გამოცხადებული საიდუმლო ტენდერის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელმა პირებმა სახელმწიფო შეცდომაში შეიყვანეს და, ამასთან, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ,,დელტას", უფრო ხელსაყრელი შეთავაზება დაიწუნეს და უპირატესობა მიანიჭეს კომპანია „სილქნეტის" არახელსაყრელ – „ძვირ“ - წინადადებას, რითაც გაიფლანგა 4 მილიონ ლარზე მეტი. პროკურატურაში ფიქრობენ, რომ თავისუფალი დემოკრატები საქმის პოლიტიზებას ცდილობენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომელი 16 მაისის სხდომაზე ცნო დამნაშავედ, პირდაპირ სასამართლოს დარბაზში დააპატიმრა და თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მანამდე იყო წინასწარი პატიმრობის ეტაპიც და ხუთივე დაკავებულმა თითქმის რვა თვე გაატარა საპატიმროში, ვიდრე მათ სასამართლო (2015 წლის 19 ივნისს) გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლებდა. გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე და გიორგი ლობჟანიძე თავდაპირველად ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს დააკავეს. ეს ფაქტი თავისუფალმა დემოკრატებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული საფრთხეების ჭრილში განიხილეს, რასაც თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლება მოჰყვა.

ჩვენს უდანაშაულო ბიჭებს მივმართავ: ძლიერად დადექით, თქვენ საქართველო არ მიგატოვებთ და საქართველო და ქართველი ხალხი გამოგიხსნით იმ ტყვეობიდან, რომელშიც ერთი კაცის ნებით, პოლიტიკური ზეწოლით, ივანიშვილის გადაწყვეტილებით აღმოჩნდით...

„კაბელების საქმის“ გამოძიების მიმართ შეკითხვები აქვთ არასამთავრობო სექტორში. მაგალითად, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, „კაბელების საქმის“ გამო ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ლევან ვეფხვაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულთა ბრალეულობა არანაირად არ დასტურდება. საია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ხელმეორედ დაკავების ფაქტს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „კაბელების საქმეზე“ დაკავებული პირები უდანაშაულონი არიან და „ბრალდების დაუსაბუთებლობას ადასტურებს საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულების და არაერთი მოწმისა და ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენება, ასევე წერილობითი მტკიცებულება“. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედოვნებს, რომ „ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ეყოფა გამბედაობა და საქმის განხილვისას იმსჯელებს მხოლოდ სამართლებრივად და გამოიტანს ერთადერთ სამართლიან განაჩენს და უდანაშაულო პირებს გაამართლებს“.

დავუბრუნდეთ 21 მაისის საპროტესტო აქციას. გამომსვლელთა ემოციურ საუბარსა და მოწოდებებს ასევე ემოციებით ხვდებოდნენ აქციის მონაწილეები, რომელთა რიგებიც, ორგანიზატორების თქმით, რამდენიმე ათას ადამიანს ითვლიდა და მათი ნაწილი საგანგებოდ ჩამოვიდა სხვადასხვა რეგიონიდან. აქციის მონაწილეები განსაკუთრებული ტაშით შეხვდნენ ირაკლი ალასანიას, რომელიც პროფესიონალი და ღირსეული სამხედროების უმიზეზოდ დაკავების უკან პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს:

ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია

„ჩვენს უდანაშაულო ბიჭებს მივმართავ: ძლიერად დადექით, თქვენ საქართველო არ მიგატოვებთ და საქართველო და ქართველი ხალხი გამოგიხსნით იმ ტყვეობიდან, რომელშიც ერთი კაცის ნებით, პოლიტიკური ზეწოლით, ივანიშვილის გადაწყვეტილებით აღმოჩნდით (ისმის ტაში)... მე, როგორც მოქალაქე, როგორც კაცი, როგორც ოფიცერი, როგორც მამა, როგორც მეუღლე, როგორც შვილი, სიცოცხლეს გავწირავ თქვენთან ერთად, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს, გამოვიდნენ, დაუბრუნდნენ საქართველოს და დაუბრუნდნენ თავის ყველაზე მაგარ საქმეს, რომ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას“.

ირაკლი ალასანიამ თავის გამოსვლაში ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ და სხვადასხვა კონტექსტში ახსენა, თუმცა დასკვნა ერთნაირი იყო – რომ ივანიშვილის ხელისუფლება ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება, ის არჩევნების გზით დამარცხდება და რომ ხალხის ნდობასა და სიყვარულს 7 მილიარდით ვერ იყიდი. რაც შეეხება დაკავებულების გათავისუფლების იმედს, ის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს უკავშირდება. ირაკლი ალასანია ხელმოწერების შეგროვების საჭიროებას ხედავს:

„გადავალთ საგანგებო რეჟიმზე და ყველა რაიონში, საქართველოს ყველა რეგიონში დავიწყებთ პეტიციის ხელმოწერას იმისთვის, რომ მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ გაათავისუფლოს ტყვეობიდან და თავისუფლება მისცეს ჩვენს უდანაშაულო თანამოქალაქეებს (ისმის ტაში)“.

ვიდრე ირაკლი ალასანია ამ განცხადებას გააკეთებდა, პრეზიდენტს პატიმრების შეწყალების მოწოდებით სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა მიმართა და ყველაზე ადრე (18 მაისს) ეს „ეროვნულმა ფორუმმა“ გააკეთა. ამ ინიციატივას პრეზიდენტი მარგველაშვილი თავშეკავებული კომენტარით გამოეხმაურა, სადაც იგრძნობა, რომ „კაბელების საქმის“ მიმართ მას შეკითხვები აქვს, მაგრამ აჩქარებას არ აპირებს:

„მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები არ უნდა საუბრობდნენ მიმდინარე სასამართლო პროცესზე. არადა, ამ სასამართლო პროცესზე, კონკრეტულად ამ საქმეზე, არაერთი ზედმეტი კომენტარი მოვისმინე მე პოლიტიკოსებისგან. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ სასამართლო პროცესზე მე განცხადებას არ გავაკეთებ, მაგრამ, ამასთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი კომენტარი იყო პოლიტიკოსებისგან და ზედმეტად ჩახედული იყვნენ ისინი სასამართლოს საქმეში, ბუნებრივია, მე ყურადღებით ვაკვირდები ამ პროცესს“.

ირაკლი ალასანიასაც ესმის, რომ პრეზიდენტი ვერ აჩქარდება და დაუყოვნებლივ ვერ გადადგამს ამ ნაბიჯს, ვიდრე მართლმსაჯულებას ჯერ ისევ არაერთ შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. თუმცა, 21 მაისის აქციაზე გამოცხადებული გეგმის თანახმად, სამართლებრივი პროცესის პარალელურად მუხტს არ დაკარგავს საპროტესტო ტალღა და რომ შემდეგი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მას შემდეგ გაიმართება, რაც „კაბელების საქმის“ განაჩენის სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება. სასამართლოს ამისათვის 2-კვირიანი ვადა აქვს და ის 30 მაისს იწურება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG