Accessibility links

logo-print

კიევში, საპროტესტო გამოსვლების შტაბბინაში, მეგობრული და სოლიდარული განწყობა სუფევს


საპროტესტო აქცია კიევში

საპროტესტო აქცია კიევში

კიევის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან, დიდწილად, გაქრნენ პოლიციელები. ქალაქის საბჭოს შენობასა და რამდენიმე ცენტრალურ ქუჩას ოპოზიციაა დაპატრონებული. მერის ოფისი ამჟამად ფუნქციონირებს როგორც ოპოზიციის შტაბბინა, ღამის გასათევი ადგილი და სპონტანური საავადმყოფო.

კიევში დასავლეთ უკრაინის ქალაქ ტერნოპილიდან ჩასულ მიხაილოს გრძელი, დამღლელი და, ამასთან, საკმაოდ უჩვეულო დღე აქვს.

26 წლის მიხაილო, რომელიც მედიკოსის პროფესიას ეუფლება, კიევში ორშაბათს, 2 დეკემბერს, ჩაიყვანეს ავტობუსით, რომლის საფასურიც შემოწირულებებით იყო დაფარული. დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ მიხაილო ქალაქის საბჭოს შენობაში მიიყვანეს და ადგილი მიუჩინეს მაგიდასთან, რომელსაც ყინვისა და დაღლილობის გამო შეუძლოდ გამხდარი დემონსტრანტები აკითხავენ.
მიტინგზე წავალ. უბრალოდ, ახლა ჩემი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან იქ. მათ შესცივდებათ და აქ მოვლენ გასათბობად, მედპუნქტში დარჩებიან. მაიდანზე კი მე წავალ...

მიხაილომ კიევში ექიმად მოხალისედ წასვლა მას მერე გადაწყვიტა, რაც 30 ნოემბერს, გამთენიისას, პოლიციამ ძალადობრივად დაარბია საპროტესტო აქცია.

„ბერკუტის მიერ ახალგაზრდების - სტუდენტების, გოგონების - სისხლიანი დარბევის შემდეგ მივხვდი, რომ როგორც მედიკოსი, აქ გარკვეული დახმარების გაწევას შევძლებდი“, - ამბობს ის.

კიევში რეგიონებიდან ათასობით უკრაინელი ჩადის. მათი დიდი ნაწილი უერთდება საპროტესტო ტალღას, რომელიც მთავრობის მიერ ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების პერსპექტივის უარყოფამ გამოიწვია. სხვები კი, მიხაილოს მსგავსად, კიევში, უწინარესად, დემონსტრანტების დასახმარებლად ჩადიან. 2004 წლის “ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ უკრაინაში ასეთი მასობრივი საპროტესტო აქციები აღარ ყოფილა.

ქალაქის საბჭოს შენობას ოპოზიცია რამდენიმე დღის წინ დაეპატრონა. მას შემდეგ ამ შენობამ რამდენიმე ფუნქცია შეითავსა: გახდა შტაბბინა, ღამის გასათევი ადგილი და სამედიცინო პუნქტი.

შენობის უსაფრთხოებას ღამით რამდენიმე ოპოზიციონერი მცველი უზრუნველყოფს - ამ სტალინისტური ნეოკლასიციზმის სტილში აგებული სამთავრობო შენობის მაღალჭერიან დარბაზებში კი ასობით დაღლილ დემონსტრანტს სძინავს ხალიჩებზე თუ საძილე ტომრებში.

დღისით შენობაში მოხალისეთა ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც აგროვებენ შემოწირულებებს, დემონსტრანტებს ურიგებენ თბილ ტანსაცმელს, ცხელ ჩაის, ყავას, ბუტერბროდებს და სამედიცინო დახმარებასაც უწევენ. მიხაილო ამბობს, რომ დემონსტრანტები ძირითადად მაღალ სიცხეს და ყელის ტკივილს უჩივიან.

კიევი

კიევი

მიხაილო თავის თავს დასავლეთ უკრაინელ „ნაციონალისტს“ უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას, კონკრეტულად, მხარს არ უჭერს. აქციებზე მოხალისე ექიმისა და დემონსტრანტის ფუნქციებს ერთმანეთს ვუთავსებო, უთხრა მან ჩვენს კორესპონდენტს:

„მიტინგზე წავალ. უბრალოდ, ახლა ჩემი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან იქ. მათ შესცივდებათ და აქ მოვლენ გასათბობად, მედპუნქტში დარჩებიან. მაიდანზე კი მე წავალ“.

დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც ცხრა წლის წინ „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დრამატული მოვლენები განვითარდა, ოპოზიციას ბარიკადები აქვს აღმართული.

ოპოზიციას ასევე დაკავებული აქვს ქალაქის ცენტრის რამდენიმე ქუჩა. კიევის ცენტრის ზოგიერთ რაიონში პოლიცია არსად ჩანს. ცენტრალურ ქუჩებში უკრაინის დროშებში გახვეული დემონსტრანტები დადიან და სკანდირებენ, „გამარჯვება უკრაინასო“.
XS
SM
MD
LG