Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ვიცე-პრემიერი დემონსტრანტებს შეხვდა


საპროტეტსო აქცია თურქეთში
საპროტეტსო აქცია თურქეთში
თურქეთში დემონსტრანტები რამდენიმე ოფიციალური პირის გადაყენებას მოითხოვენ. ამ და სხვა მოთხოვნების შემცველი სია დემონსტრანტების წარმომადგენლებმა გადასცეს თურქეთის ვიცე-პრემიერს ბულენტ არინჩს ოთხშაბათს ანკარაში გამართულ შეხვედრაზე. ამასობაში საპროტესტო აქციები გრძელდება.

პოლიციამ წყლის ჭავლი და კვამლის ბომბები გამოიყენა სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო აქციების დასაშლელად. 5 ივნისი დემონსტრაციების მეექვსე დღე იყო.

იმის გამო, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი უცხოეთშია, დემონსტრანტებთან მოლაპარაკება ვიცე-პრემიერმა ბულენტ არინჩმა ითავა. სამშაბათს მან ბოდიში მოიხადა დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებისათვის, ოთხშაბათს კი შეხვდა იმ პირველი საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, რომელსაც ყველა დანარჩენი დემონსტრაცია მოჰყვა. ხსენებული პირველი აქცია გასულ პარასკევს გაიმართა და მიზნად ისახავდა არ დაეშვა სტამბოლის ცენტრალურ ტაქსიმის მოედანზე ხეების მოჭრა.
გვსურს, ბოლო მოეღოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და ვფიქრობთ, რომ მთავრობამ ყური უნდა დაუგდოს დემონსტრანტებს, მოუსმინოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას, რომელიც ქვეყანაში გამოითქმის 27 მაისის შემდეგ...
ეიუპ მუჰჩუმი

ჯგუფ „ტაქსიმის სოლიდარობის“ განცხადებით, 5 ივნისს მან ვიცე-პრემიერს გადასცა მოთხოვნები, რომელთა შორისაც არის: გაუქმდეს ტაქსიმის მოედანზე პარკის ადგილას მასშტაბური სამშენებლო პროექტის განხორციელების გეგმა, გათავისუფლდეს აქციებზე დაკავებული ყველა პირი და ბოლო მოეღოს ცრემლმდენი გაზის გამოყენებას. მთავრობას მოუწოდებენ ასევე, თანამდებობებიდან გადააყენოს მერები და პოლიციის უფროსები ქალაქებში, სადაც პოლიციამ ძალა გამოიყენა საპროტესტო აქციების დასაშლელად.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯგუფ „ტაქსიმის სოლიდარობის“ წევრმა ეიუპ მუჰჩუმ უთხრა:

„გვსურს, ბოლო მოეღოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და ვფიქრობთ, რომ მთავრობამ ყური უნდა დაუგდოს დემონსტრანტებს, მოუსმინოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას, რომელიც ქვეყანაში გამოითქმის 27 მაისის შემდეგ. ამ ინციდენტებისთვის „ექსტრემიზმის“ დარქმევა ჩვენი მოთხოვნების იგნორირებას ნიშნავს“.

სტამბოლში იმყოფება რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი გლენ კეიტსი. აი, რას ამბობს ის დემონსტრანტების განწყობაზე:

„საპროტესტო აქციის მონაწილეებმა - უმეტესწილად, ახალგაზრდებმა - როგორც მითხრეს, მათ ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ მთავრობამ უღალატა, რადგან მათი ინტერესების იგნორირებას ახდენს. ისინი ამბობენ, რომ არ დაკმაყოფილდებიან, სანამ პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი არ აღიარებს მათ უფლებას, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ დისკუსიებში“.

სტამბოლიდან ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ტაქსიმის მოედანზე შეკრებილებს შორის პროფკავშირების წარმომადგენლები არიან:

„მასწავლებელთა ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, ზღუდავენ მათი პროფკავშირის უფლებებს. თურქეთის ავიახაზების ბორტგამცილებელმა თქვა, რომ სამსახური დაკარგა იმის გამო, რომ გააპროტესტა ავიაკომპანიის მცდელობა, ბოლო მოუღოს პროფკავშირის მოქმედებას“.
საპროტესტო აქცია თურქეთში
საპროტესტო აქცია თურქეთში

პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანსა და მის, ისლამიზმიდან აღმოცენებულ, პოლიტიკურ ორგანიზაციას - „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ - თურქეთში ბევრი უყენებს ბრალად იმას, რომ თანდათან იზრდება ისლამიზმის გავლენა ამ სეკულარულ სახელმწიფოში. მაგალითად მოჰყავთ ალკოჰოლის გაყიდვაზე ბოლოხანს დაწესებული შეზღუდვები და ალკოჰოლის რეკლამის აკრძალვა. რეჯეპ ტაიპ ერდოანი ხვალ ბრუნდება სამშობლოში - ჩრდილოეთ აფრიკაში - რამდენიმედღიანი ტურნეს შემდეგ.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში პარასკევს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ასობით ადამიანი.
XS
SM
MD
LG