Accessibility links

logo-print

მოსკოვში საპროტესტო მარშს სამგლოვიარო აქცია ცვლის


მოსკოვის ცენტრში, კრემლის სიახლოვეს, 27 თებერვალს ოპოზიციონერი ლიდერის, ბორის ნემცოვის, მკვლელობას საერთაშორისო ლიდერები ეხმაურებიან. მკვლელობის ადგილას იმპროვიზებულ მემორიალთან ნემცოვის მხარდამჭერები არიან შეკრებილი და ყვავილები მიაქვთ. ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის საგამოძიებო ორგანოები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ: პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით პროვოკაციული მკვლელობა, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედება და ისლამისტურ-ექსტრემისტული ვერსია. განიხილება ასევე ბორის ნემცოვის ბიზნესსაქმიანობასა და პირად მტრობასთან დაკავშირებული ვერსიაც. რუსეთის ოპოზიციონერი ლოდერის მკვლელობას გმობენ საქართველოშიც და უსწრაფესი გამოძიების იმედს გამოთქვამენ.

მოსკოვის ცენტრში, კრემლიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, ხიდზე, სადაც 27 თებერვალს ოპოზიციონერი ლიდერი, ბორის ნემცოვი, რამდენიმე ტყვიით მოკლეს, ხალხის ნაკადი არ წყდება. ოპოზიციონერი ლიდერის თანამოაზრეები მკვლელობაში პირადად რუსეთის პრეზიდენტის,ვლადიმირ პუტინის, პასუხისმგებლობას ხედავენ - პუტინისა, ვისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტიური კრიტიკოსიც იყო ბორის ნემცოვი. 55 წლის პოლიტიკოსი ერთ დროს პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის, მემკვიდრედ განიხილებოდა. მას იცნობდნენ როგორც ეკონომიკის რეფორმატორს იმ პერიოდში, როცა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, ნიჟნი ნოვგოროდის, მმართველი იყო. შემდეგ ის ოპოზიციონერი გახდა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, მწვავე კრიტიკოსად იქცა. ნემცოვი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი საპროტესტო აქციისა, სახელწოდებით „ანტიკრიზისული გაზაფხული“, რომელიც მოსკოვში 1 მარტისთვის იყოდაგეგმილი.

ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას მისთვის პატივის მისაგებად მისული ადამიანის უფლებადამცავი ორგანიზაცია „მემორიალის“ წევრი ოლგა ტრუსევიჩი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს არის პოლიტიკური მეტოქის ჩამოშორება მისი ფიზიკური განადგურებით:

რაღაც ასეთი უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ ის, რაც ხდება დღეს საზოგადოებაში ამ ბოროტების, ძალადობისა და სიძულვილის წარმოუდგენელი პროპაგანდით, ამ სიძულვილის გაღვივებით, აი, ამის შედეგია ეს. ამის დაჯერება შეუძლებელია, მაგრამ ძალიან მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ...

„ის ცდილობდა გაეკეთებინა ყველაფერი, რაც შეეძლო. ის დიდი ხანია აღარ იყო 90-იანი წლების ნემცოვი. ის იქცა ადამიანად, ვინც ახლა ძალიან სჭირდებიდა რუსეთს. მაგრამ ყველაზე პატიოსან და საჭირო ხალხს რუსეთში, ერთმანეთის მიყოლებით, ნელ-ნელა ცხრილავენ. ეს მტკენს გულს და მაწუხებს. ვიცი, რომ როგორც საჭიროა, ისე არ გამოიძიებენ. რიგითი შემსრულებელიც რომ დაიჭირონ, გასაგები იქნება, რომ ის მოქმედებდა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის ესიამოვნებინა, იმისთვის, ვინც გაგიჟდა, უბრალოდ, შეიშალა, ვინც პოლიტიკურ ბრძოლას სამიზნის ხვრელიდან უყურებს“.

რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ამბობს რადიო თავისუფლების ახალგაზრდა თანამოსაუბრე, ბორის ნემცოვის მკვლელობა მოსალოდნელი იყო. ეს არის დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების სახის გამოვლინება:

„რაღაც ასეთი უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ ის, რაც ხდება დღეს საზოგადოებაში ამ ბოროტების, ძალადობისა და სიძულვილის წარმოუდგენელი პროპაგანდით, ამ სიძულვილის გაღვივებით, აი, ამის შედეგია ეს. ამის დაჯერება შეუძლებელია, მაგრამ ძალიან მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ. მე მიზეზებთან დაკავშირებით ეჭვები მაქვს. ყველას ესმის, ხალხის ერთმანეთის მიმართ ზიზღის ასეთი დაგროვებით, ხალხის შეპირისპირებით, იმ პროპაგანდით, რომელსაც ეს ხალხი ეწევა, მომხდარზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაღაც თამაშს თამაშობენ, მაგრამ ისინი თამაშობენ თამაშს, სახელწოდებით ‘სიკვილ-სიცოცხლე’“.

რუსეთის საგამოძიებო ორგანოები მკვლელობის ოფიციალურ ვერსიებს ასახელებენ: პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით პროვიკაციული მკვლელობა, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედება და ისლამისტურ-ექსტრემისტული ვერსია, თუმცა გამოძიებას ამ დროისთვის კონკრეტული ეჭვმიტანილი არ ჰყავს. ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებულ კადრში მხოლოდ თეთრი ფერის ავტომობილი ჩანს, საიდანაც, სავარაუდოდ, ესროლეს ბორის ნემცოვს, რომელიც, გავრცელებული ცნობით, მეგობარ ქალთან ერთად იყოფებოდა ხიდზე მკვლელობის მომენტში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გამომძიებლებს საქმის უსწრაფესად გამოძიების ბრძანება მისცა. მომხდარის სწრაფი და ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერებიც, მათ შორის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ გავრცელებულ განცხადებაში „სასტიკ მკვლელობადაა“ მოხსენიებული მომხდარი. ბარაკ ობამა რუსეთის ხელისუფლებას სწრაფი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს. მსგავსი მოწოდებებით გამოდიან ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტის ლიდერებიც.

ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს და ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, სწრაფად, ადეკვატურად და ამ საზარელ მკვლელობაში ყველა დამნაშავე უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე...

ბორის ნემცოვის მკვლელობას ეხმაურებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც. საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ გიორგი მარგველაშვილი „შეძრწუნებულია მომხდარით. ბორის ნემცოვი იყო პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო ორი ათწლეული დაუღალავად იბრძოდა დემოკრატიული იდეალებისა და თავისუფლების დასაცავად. ეს მკვლელობა არის დარტყმა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის და იგი აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული".

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ბორის ნემცოვი იყო პოლიტიკოსი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე უკეთესი, დემოკრატიული რუსეთისთვის იღვწოდა“.ბორის ნემცოვის მკველელობა დაგმო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციაზე ისაუბრა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ:

„ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს და ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, სწრაფად, ადეკვატურად და ამ საზარელ მკვლელობაში ყველა დამნაშავე უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე“.

გარდა იმისა, რომ დემოკრატიული რუსეთის ასეთი პატარა ნაპერწკალიც ქრება, ბორის ნემცოვი იყო ადამიანი რომელსაც თავისი ხედვებით შეიძლება ეთამაშა გარდამქმნელის როლი, მიაჩნია „ საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელს ელენე ხოსტარიას. მისი ხედვით, ეს პუტინის მხრიდან ხაზგასმული და დემონსტრაციული დაშინების აქტია, ეს არის მუქარის აქტი და გზავნილი არა მხოლოდ შიდა სივრცეში, რუსეთის შიგნით, არამედ იმ ქვეყნების მიმართაც, ვინც რუსეთს მისი პოლიტიკის გამო ეწინაღმდეგება. კითხვას, როგორ უნდა აღიქვას ეს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ, ელენე ხოშტარია პასუხობს, რომ შესაძლოა შიში საქართველოში გაძლიერდეს:

ამგვარი ხიფათის ქვეშ საქართველოა, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად ომის მდგომარეობა გვაქვს რუსეთთან, ხოლო რუსეთი ამ სახიფათო გზით ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს არის ყველა იმ მოვლენის მანიფესტაცია, რაც ამ უზარმაზარ სივრცეზე ხდება...

„ჩვენი პოლიტიკის განმსაზღვრელი, სამწუხაროდ, არის რუსეთის შიში. და ეს დაშინების პოლიტიკა თავის მიზანს აღწევს. ეს შიში ლავროვის განცხადების შემდეგ აბაშიძეს ათქმევინებს, რომ ნატო დღის წესრიგში არ დგას; შიში, რომ შევაფასოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები როგორც დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს ჩაგვრა რუსეთის მხრიდან; შიში რუსეთთან არსებული პრობლემების მკაფიო დაფიქსირების; შიში, რომელიც მერე გვათქმევინებს, რომ რაღაც პოზიტიური დინამიკა გვაქვს კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატში. ეს ფუნდამენტურად თუ არ შეიცვალა ჩვენს დამოკიდებულებებში, მე მგონია, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკას სულ ექნება სერიოზული პრობლემა“.

ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური აზრის კრიზისია, მომხდარი კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, მიაჩნია ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, „სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორს, ირაკლი მენაღარიშვილს. მისი თქმით, რუსეთი სულ უფრო მეტად ემსგავსება ქვეყანას, სადაც პოლიტიკური დავები წყდება მოწინააღმდეგის ფიზიკური განადგურებით:

„ამგვარი ხიფათის ქვეშ საქართველოა, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად ომის მდგომარეობა გვაქვს რუსეთთან, ხოლო რუსეთი ამ სახიფათო გზით ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს არის ყველა იმ მოვლენის მანიფესტაცია, რაც ამ უზარმაზარ სივრცეზე ხდება. ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში პროცესის ყოვლად მიუღებელი განვითარება. ჩვენ, სამწუხაროდ, ნაწილი ვართ ამ სივრცისა. ყველაფერი, რაც ამ პროცესის განმავლობაში ხდება, საქართველოს მომავალს და მის რეალობას უკავშირდება, ამიტომ ეს ტრაგიკული შემთხვევა მეზობელ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ცნობილი და პოპულარული ფიგურის დაღუპვა როდი არის“.

1 მარტსმოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ თავის ტვიტერის გვერდზე წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლეონიდ ვოლკოვი. 1 მარტს მოსკოვში, ბორის ნემცოვის ლიდერობით, უნდა ჩატარებულიყო მარში, სახელწოდებით „ანტიკრიზისული გაზაფხული“. მის ნაცვლად აქციის ორგანიზატორებმა, მოსკოვის მერიასთან შეთანხმებით, სამგლოვიარო ღონისძიების ჩატარება დაგეგმეს.

XS
SM
MD
LG