Accessibility links

საქართველოს აქვს მხარდაჭერა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების მისაღებად


საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის სტრუქტურებს სავიზო ლიბერალიზაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით საგანგებო მოწოდებით მიმართავენ და საქართველოს მიმართ ინდივიდუალურ, სამართლიან მიდგომას მოითხოვენ. 9 ივნისს გამოქვეყნებული ელექტრონული პეტიცია, რომელზეც დღის 17:00 საათისთვის უკვე ხუთი ათასზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს, ადრესატებს ონლაინ რეჟიმში მიეწოდებათ. ყურადღების ცენტრშია 10 ივნისის შეხვედრა, როდესაც ლუქსემბურგში შეკრებილმა ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა უნდა იმსჯელონ ვიზების გაუქმების საკითხზე (საქართველოსთვის, კოსოვოსთვის, თურქეთისა და უკრაინისთვის).. თუმცა 9 ივნისს საერთაშორისო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კიდევ ერთი შანსი გამოუჩნდა. ხელისუფლების რიგებიდან კვლავაც დამაიმედებელი განცხადებები ისმის.

პეტიციის ტექსტში, რომელიც ინტერნეტსივრცეში 9 ივნისს გამოჩნდა და რომელსაც აქტიურად აწერენ ხელს საქართველოს მოქალაქეები, გარკვევით არის ახსნილი, თუ რა სიკეთეს მოიტანს უვიზო მიმოსვლა და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი პროცესის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაგვირგვინება საქართველოს ევროპული არჩევანის გასაძლიერებლად. 4-პუნქტიანი მოწოდების ძირითადი ადრესატები არიან ევროკავშირის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, რომლებიც სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს პარასკევს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საბჭოს ფორმატში, განიხილავენ. პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ:

„1. გათვალისწინებულ იქნეს ევროკომისიის მიერ 2015 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებული მეოთხე პოზიტიური ანგარიში და მისი რეკომენდაციები საქართველოსთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ; 2. არ გადაიდოს სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შემდეგ შეხვედრამდე; 3. საქართველოს საკითხი განხილულ იქნეს ინდივიდუალური მიდგომით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აკმაყოფილებს სავიზო ლიბერალიზაციის მოთხოვნებსა და ვალდებულებებს და ასევე გათვალისწინებით საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისა და რუსეთის „რბილი ძალის“ მზარდი ზეგავლენისა საქართველოს ევროპულ არჩევანზე; 4. გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარიმართოს იმ მოთხოვნებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, რაც ასახულია სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში“.

საქართველოს სახელით პეტიციის შედგენის იდეა ეკუთვნის ლიკა ბასილაია–შავგულიძეს, საინფორმაციო პორტალის Eugeorgia.info-ს მთავარ რედაქტორს, რომელმაც ტექსტის ინგლისური ვარიანტი თანამოაზრეებთან ერთად დაამუშავა. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, შექმნილ გაურკვეველ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროსტრუქტურებს ხმა უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებმა მიაწვდინონ და აუხსნან, რომ, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, მიზანი ყველასათვის საერთოა:

„ჩვენ ვართ ორგანული ნაწილი ევროპული სამყაროსი და რადგანაც მათ მიიჩნიეს, რომ ჩვენ ასეთები ვართ და ჩვენ შევასრულეთ ყველა საჭირო მოთხოვნა... რადგანაც ეს ითქვა და რადგანაც ჩვენი ხალხი მოლოდინის რეჟიმშია, ამდენი ხანია ამდენი დედა ნატრულობს, რომ ნახონ თავიანთი შვილები, ამდენი ადამიანი ცდილობს, რომ გაარღვიოს ეს ბარიერები, რომლებიც ერთობ დამამცირებელია პიროვნული თვალსაზრისით და დაკავშირებულია უამრავი თანხის ხარჯვასთან და ასე შემდეგ, უნდა გაიხსნას საზღვრები... აი, ამიტომ არის ეს მიმართვა, რათა ვთხოვოთ, რომ უფრო აქტიურად და დროულად იმოქმედონ ევროსტრუქტურებმა“.

დიდი არხია ჩართული ანტიევროპული და ეს ეფუძნება არასრულ, ყალბ ინფორმაციას... ეშმაკი სწორედ ამ დეტალებში იმალება – თავს გვახვევენ, თითქოს, რაღაც საშინელებები ხდება ევროპაში...

პეტიციის ხელმომწერები ტექსტის ქვეშ თავიანთ შეფასებებს წერენ, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი უვიზო მიმოსვლის უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის. სამოქალაქო აქტივისტი იურისტი დავით კლდიაშვილი, რომელმაც პეტიციავებსაიტ Change.org–ზე გამოაქვეყნა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისასსაქართველოს ევროპულ ორიენტაციაზე რუსეთის რბილი ძალის არსებობაზე აკეთებს აქცენტს:

„დიდი არხია ჩართული ანტიევროპული და ეს ეფუძნება არასრულ, ყალბ ინფორმაციას... ეშმაკი სწორედ ამ დეტალებში იმალება – თავს გვახვევენ, თითქოს, რაღაც საშინელებები ხდება ევროპაში... ევროპასთან ინტეგრაცია სწორედ სწორი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას გვაძლევს – ყველაფერს ჩვენი თვალით ვნახავთ და ღრუბელივით გაიფანტება და საპნის ბუშტივით გასკდება ის ბნელი მითები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვიღაც-ვიღაცები განზრახ გვახვევენ თავს“.

ვიდრე საქართველოს მოქალაქეები ევროსტრუქტურების საყურადღებოდ ხელმოწერებს აგროვებენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე აქტიურობენ და მათი ნაწილი საზღვარგარეთ მართავს შეხვედრებს. კერძოდ, საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესისადმი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ქვეყანაში – გერმანიაში – იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ბერლინში გამართული შეხვედრების შეფასებისას ის არ ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს გერმანია საქართველოდან მიგრირებულ კრიმინალურ დაჯგუფებათა პრობლემასთან ბმაში განიხილავს. დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ პროცესის დასრულება სავსებით შესაძლებელია ოქტომბრის საპარლამენტო არდადეგებამდე:

„ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ოქტომბრამდე, ანუ არჩევნებამდე, ვიზალიბერალიზაციის საკითხი იყოს დასრულებული – არა იმ პირობით, რომ დამნაშავეები დაიჭირეთ და მერე მოგცემთ უვიზო რეჟიმსო, არამედ სხვა პირობით, რომ ის მექანიზმი (უვიზო მიმოსვლის „სწრაფი შეჩერების მექანიზმი“), რომელიც ევროპარლამენტს აქვს მისაღები (თუკი მომავალში რომელიმე ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ მისთვის სავიზო საკითხი გადაიხედება)... აი, ეს მექანიზმი უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა და საქართველოსთვის გზა იქნება ხსნილი... კრიმინალის თემა არსებობს, მაგრამ – მოდით, ეს გამოასწორეთ და მერე მოგცემთ უვიზო რეჟიმსო – ასე არ არის საქმე“.

ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, დავით უსუფაშვილის თქმით, მას არ სურს, რომ მოვლენებს გაუსწროს წინ, რადგანაც ერთი კვირის შემდეგ ბერლინში ერთმანეთს შეხვდებიან საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და უფრო კონკრეტულ განცხადებებს ისინი გააკეთებენ. თუმცა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის ოქტომბრამდე დაგვირგვინების შესაძლებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხუთშაბათს თბილისში ილაპარაკა, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

8 ივნისს, როცა მესამედ დასრულდა უშედეგოდ ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER II) შეხვედრა, საგრძნობლად დასუსტდა იმედი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის უფლებას საპარლამენტო არჩევნებამდე მიიღებენ. მაგრამ თუკი აქამდე მხოლოდ ერთ, უკანასკნელ, შანსზე, ანუ 10 ივნისს დანიშნულ შეხვედრაზე ლაპარაკობდნენ, 9 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია მეორე შანსთან დაკავშირებითაც.

ხუთი ქვეყნის (ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ბულგარეთისა და რუმინეთის) შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა წერილით მიმართეს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინისა და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის – ნიდერლანდის –საგარეო საქმეთა და მიგრაციის მინისტრებს. ტექსტში ხაზგასმულია იმედი, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის გარშემო გადაწყვეტილება 10 ივნისს იქნება მიღებული, მაგრამ თუკი ეს ასე არ მოხდება, საკითხი 20 ივნისსაც განიხილება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფორმატში.

5 ქვეყნის მინისტრები ევროსტრუქტურებს შეახსენებენ ევროკავშირის პრინციპს „მეტი მეტის სანაცვლოდ“ და მიიჩნევენ, რომ საქართველომ ყოველმხრივ დაიმსახურა უვიზო მიმოსვლის უფლების მოპოვება. „გადაწყვეტილების მიღების გადავადება შეარყევს ჩვენს ავტორიტეტს და შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელებაზე როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს პარტნიორ სხვა ქვეყნებში“, – აღნიშნავენესტონელი, ლატვიელი, ლიტველი, ბულგარელი და რუმინელი მინისტრები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG