Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი“: საქართველო - კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალი“


28 იანვარს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში იმის თობაზე, თუ რა ვითარებაა თავისუფლების თვალსაზრისით მსოფლიოში. 195 ქვეყანას შორის საქართველო, გასული წლის მსგავსად, „ნაწილობრივ თავისუფალი“ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა: მას 7-ქულიან სისტემაში როგორც პოლიტიკური უფლებების, ისე სამოქალაქო თავისუფლებების შეფასებისას 3 ქულა მიენიჭა. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში, როგორც სადავო ტერიტორიები, მოხვდა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, სადაც მდგომარეობა „ნაწილობრივ თავისუფლად“ და „არათავისუფლად“ არის შეფასებული.

„უარყოფილი დემოკრატია - მიბრუნება რკინის მუშტთან“ - ასე უწოდა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ თავის ახალ ყოველწლიურ ანგარიშს „თავისუფლება მსოფლიოში - 2015“, რომელიც ქვეყნებში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებას სწავლობს. წლევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წელს ავტორიტარული რეჟიმების აგრესიულმა ტაქტიკამ, ტერორისტული აქტების გახშირებამ, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში და სხვა მსგავსმა მოვლენებმა ხელი შეუწყო მსოფლიოში თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობის გაუარესებას.

„დემოკრატიის აღიარება მსოფლიოში მმართველობის დომინანტურ ფორმად და დემოკრატიულ იდეებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემად უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბოლო 25 წლის განმავლობაში“, - განაცხადა „ფრიდომ ჰაუსის“ გამოკვლევების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა არჩ პადინგტონმა.

შეფასებული 195 ქვეყნიდან 89 ქვეყანა (46 %) მიჩნეულია თავისუფლად. 55 ქვეყანა, ანუ 28 %, რომელშიც ასევე შედის საქართველო, „ნაწილობრივ თავისუფალია“, 51 ქვეყანა კი (26%), „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, -„არათავისუფალი“.

„ფრიდომ ჰაუსი“ მსოფლიოს ქვეყნებში არსებულ ვითარებას 25 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აფასებს. ორგანიზაციის შეფასების სისტემის თანახმად,ყველაზე თავისუფლად ითვლება ქვეყანა, რომელიც 1 ქულით ფასდება, ყველაზე არათავისუფალი ქვეყნის შეფასების მაჩვენებელი კი7 ქულაა.

საქართველოს წელსაც, გასული წლის მსგავსად, „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსი აქვს და 7 ქულიდან 3 ქულა აქვს მინიჭებული, როგორც პოლიტიკური უფლებების, ისე სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით.

საჭიროა, რომ გაგრძელდეს რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, სამართალდაცმავ სტრუქტურებში და ა.შ. ეს პროცესი კი ისე ნელა მიმდინარეობს, რომ სტაგნაცია შეიმჩნევა. თითქოს არაფერი იძვრის ადგილიდან. ალბათ, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ, შარშანდელთან შედარებით, ვითარება არ შეცვლილა და ისევ „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების რიგში ვართ...
ალეკო ცქიტიშვილი

ანგარიშში საქართველოში არსებულ ვითრებაზე, მშრალი ციფრების გარდა, არაფერია წერია. ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი იმას, რომ გასულ წელს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა „ფრიდომ ჰაუსის“ ყურადღება სათანადოდ ვერ მიიქცია? ხომ არ უკავშირდება ეს ქვეყანაში არსებულ სტაგნაციას? რატომ ვერ შეძლო საქართველომ გადაენაცვლა „თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში? სწორედ ეს შეკითხვები გაუჩნდათ ადამიანის უფლებების დამცველებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის აზრით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ რუსეთის მეზობლობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ახლოს მდებარე ქვეყნების სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიის ხარისხზე მოქმედებს. შესაბამისად, საქართველოსთვის მინიჭებული „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი გასაკვირი არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების მუდმივი მიზანი და გამოწვევა „თავისუფალი“ ქვეყნების რიგში გადანაცვლება არ იყოს:

ალეკო ცქიტიშვილი
ალეკო ცქიტიშვილი

„ამისათვის კი საჭიროა, რომ გაგრძელდეს რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, სამართალდაცმავ სტრუქტურებში და ა.შ. ეს პროცესი კი ისე ნელა მიმდინარეობს, რომ სტაგნაცია შეიმჩნევა. თითქოს არაფერი იძვრის ადგილიდან. ალბათ, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ, შარშანდელთან შედარებით, ვითარება არ შეცვლილა და ისევ „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების რიგში ვართ. პარლამენტის ბოლოდროინდელი ინიციატივები - მოსმენების შესახებ კანონი იქნება ეს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმებაზე საუბარი თუ სხვა - გვაფიქრებინებს, რომ არსებობს საფრთხე არათუ გაუმჯობესდეს, არამედ გაუარესდეს დემოკრატია ქვეყანაში და ეს სტატუსიც „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნისა უფრო დამძიმდეს“.

გამოსავალი შეიძლება ვეძებოთ ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებასა და თანმიმდევრობით მათ შესრულებაში, ფიქრობს ალეკო ცქიტიშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასაც იხსენებს, რომელიც, მისი აზრით, კიდევ ერთი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მისი შესრულების შემთხვევაში, აჩვენოს უკეთესი შედეგი.

შეიძლება ცალსახად ვერ ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, იმ მოლოდინთან შედარებით, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა უკან, ბევრ სფეროში არის უძრაობა...
ზვიად დევდარიანი

როდესაც იმ სამოქალაქო თავისუფლებებსა და პოლიტიკურ უფლებებზე ლაპარაკობს, რომელსაც ქვეყნის განვითარებაში უნდა შეეტანა წვლილი, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელს ზვიად დევდარიანს პირველად მაინც ანტიდისკრიმინაციული კანონი ახსენდება, რომელიც, აზრთა სხვადასხვაობისა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა მაინც მიიღო. დადებით ფაქტებს შორის ზვიად დევდარიანიც ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, სამოქალაქო სექტორს საშუალებას აძლევს გააკონტროლოს ხელისუფლება, ასრულებს თუ არა ის დოკუმენტში ჩაწერილ ვალდებულებებს. თუმცა, ზვიად დევდარიანის თქმით, გასახსენებელია უარყოფითი ფაქტებიც, რამაც, შესაძლოა, განაპირობა კიდეც საქართველოს „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების რიგში დარჩენა. ზვიად დევდარიანი იხსენებს ე.წ. „მოსმენების კანონს“, რომელიც პარლამენტმა მიიღო ისეთი სახით, რომ სამოქალაქო სექტორი აპროტესტებდა; იხსენებს ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, სახელმწიფოს პირველი პირების ბოლოდროინდელ რიტორიკას მედიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და ამბობს, რომ ეს ყველაფერი აისახება შედეგებზე:

აფხაზეთში რამდენიმე დამოუკიდებელი გაზეთი გამოდის, არის ტელევიზიაც, შიდა კრიტიკის თვალსაზრისით, საგარეო პოლიტიკას არ ვგულისხმობ, რაღაც ძვრები არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერაფრით მივანიჭებდი აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსს...
ზურაბ ბენდიანაშვილი

„შეიძლება ცალსახად ვერ ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, იმ მოლოდინთან შედარებით, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა უკან, ბევრ სფეროში არის უძრაობა და, ალბათ, ის შედეგი, რაც „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველოს აქვს, სწორედ ამითაა გამოწვეული“.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში ქვეყნების ჩამონათვალში შესულია აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი , როგორც სადავო ტერიტორიები. აფხაზეთიც არის ნაწილობრივ თავისუფალი, მაჩვენებლებით - 4 და 5; სამხრეთ ოსეთი არათავისუფალი ტერიტორიების სიაშია, მაჩვენებლებით - 7 და 6 (პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები). მიზეზი, რატომაც სამხრეთ ოსეთი ჩამორჩება აფხაზეთს, შესაძლოა იყოს ის, რომ აფხაზეთში ადგილობრივ პროცესებთან დაკავშირებით კრიტიკული აზრის გამოთქმა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, რაც გამორიცხულია ე.წ. სამხრეთ ოსეთში, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კოალიცია „დევნილთა უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ზურაბ ბენდიანაშვილი. თუმცა, მისი აზრით, შფასება „ნაწილობრივ თავისუფალი“ არც აფხაზეთს შეეფერება:

„აფხაზეთში რამდენიმე დამოუკიდებელი გაზეთი გამოდის, არის ტელევიზიაც, შიდა კრიტიკის თვალსაზრისით, საგარეო პოლიტიკას არ ვგულისხმობ, რაღაც ძვრები არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერაფრით მივანიჭებდი აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსს, რადგან იგივე ამ დამოუკიდებელი გაზეთის რედაქტორს ჯერ მანქანა დაუცხრილეს, შემდეგ ტერორის ქვეშ ჰყავდათ, ასე რომ, მე მაინც გადამეტებული მგონია ეს შეფასება. ალბათ, ამით სურდათ იმის დაფიქსირება, რომ, განსხვავებით იმავე ე.წ. სამხრეთ ოსეთისგან, უფრო არსებობს სიტყვის თავისუფლება, რადგან ამ უკანასკნელში მსგავსი არაფერი ხდება, ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშ არის“.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, ყველაზე მძიმე ვითარება შუა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებშია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სირიას აქვს. თავისუფლების თვალსაზრისით უარეს ქვეყნებს შორის მოხვდნენ ასევე, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა, სუდანი, თურქმენეთი, უზბეკეთი. არათავისუფალ გარემოში კი მთელ მსოფლიოში სულ ორ-ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG