Accessibility links

logo-print

ახალი ხელისუფლების მესამე მთავარი პროკურორი


გიორგი ბადაშვილი

გიორგი ბადაშვილი

საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს - გიორგი ბადაშვილი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გიორგი ბადაშვილი მესამე ახალი პროკურორია. ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ 2014 წლის 21 იანვრით დათარიღებულ ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. მთავრობისათვის იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი გიორგი ბადაშვილის კანდიდატურა მთავრობის ოფიციალურ გვერდზე დახასიათებულია როგორც კვალიფიკაციისა და კარგი რეპუტაციის მქონე, პროფესიონალი კადრი. ოპოზიცია ახალი პროკურორისგან ე.წ. პოლიტიკური საქმეების გამოძიებას მოელის.
კარგად გვესმის, რომ პროკურატურას ექნება ძალიან დიდი დატვირთვა, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ათასობით ადამიანი ელის დარღვეული უფლების აღდგენას. ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ჩვენი გუნდის მხარდაჭერა მას ამაში დაეხმარება...

საქართველოს ხელისუფლებას ახალი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის კარიერული ზრდის იმედი აქვს და მიიჩნევს, რომ ის მთავარი პროკურორის პოსტზე ყველა გამოწვევას გაუმკლავდება. „ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უკვე ბევრი აქვს ნანახი“, „კარგი რეპუტაციის მქონე ახალგაზრდა“ - მაგალითად, ასე ახასიათებენ ბადაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი სესიაშვილი და გია ცაგარეიშვილი. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი ფიქრობს, რომ ახალი პროკურორი თავს გაართმევს ურთულეს საქმეს, რომელიც მას ელოდება, და პროკურატურაში დაგროვილ საქმეებსაც გამოიძიებს:

„კარგად გვესმის, რომ პროკურატურას ექნება ძალიან დიდი დატვირთვა, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ათასობით ადამიანი ელის დარღვეული უფლების აღდგენას. ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ჩვენი გუნდის მხარდაჭერა მას ამაში დაეხმარება“.

ბადაშვილის დანიშვნას 22 იანვარს გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც, რომლის თქმით, მთავარი პროკურორის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, საბოლოოდ კი, პრემიერმა, იუსტიციის მინისტრთან ერთად, გიორგი ბადაშვილი აარჩია. ახლა მას, ალასანიას თქმით, მთავრობის მხარდაჭერა სჭირდება, რადგან პროკურატურას არაერთი გამოსაძიებელი საქმე რჩება გამოწვევად.

1981 წელს დაბადებულმა გიორგი ბადაშვილმა 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად, 2013 წლის მაისიდან კი გიორგი ბადაშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. ბადაშვილის კარიერის დასაწყისად მთავრობის ოფიციალურ გვერდზე მითითებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სადაც ბადაშვილი 2006 წლის ივლისიდან 2013 წლის მაისამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ახალი პროკურორის შესახებ ცნობილია, რომ ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ყაჩაღობისა და ქურდობისათვის ნასამართლევი ფარცხალაძე კვლავაც შეინარჩუნებს არაფორმალურ კონტროლს პროკურატურაზე, ახალი მთავარი პროკურორის როლი კი იქნება ძალიან უმნიშვნელო. ამგვარი გადაწყვეტილებები, ჩვენი შეფასებით, ხელს ვერ შეუწყობს პროკურატურისადმი დაკარგული ნდობის აღდგენას...

ოპოზიცია გიორგი ბადაშვილისგან მოითხოვს ეფექტურად გამოიძიოს ე.წ. პოლიტიკური საქმეები, რაშიც ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას საქმეები იგულისხმება. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური მედიასთან საუბარში შენიშნავს, რომ სწორედ ეს იქნება ამ თანამდებობაზე ბადაშვილისათვის ერთგვარი ტესტი. წიკლაური ახალ პროკურორს მისი წინამორბედის, ოთარ ფარცხალაძის კადრად მოიაზრებს და ამბობს, რომ იურიდიულ წრეებში მას საერთოდ არ იცნობენ:

„პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩვენი ყველაზე ცუდი ეჭვი გამართლდა - ეს ადამიანი საერთოდ უცნობია იურიდიულ წრეებში და ის უშუალოდ ფარცხალაძის მიერ წარდგენილი და დანიშნული კადრია. ამ თვალსაზრისით, ყაჩაღობისა და ქურდობისათვის ნასამართლევი ფარცხალაძე კვლავაც შეინარჩუნებს არაფორმალურ კონტროლს პროკურატურაზე, ახალი მთავარი პროკურორის როლი კი იქნება ძალიან უმნიშვნელო. ამგვარი გადაწყვეტილებები, ჩვენი შეფასებით, ხელს ვერ შეუწყობს პროკურატურისადმი დაკარგული ნდობის აღდგენას“.

რადიო თავისუფლებამ ბადაშვილის კანდიდატურის შეფასება რამდენიმე ცნობილ ადვოკატს სთხოვა, მათ შორის, ზვიად კორძაძესა და სოსო ბარათაშვილს, რომლებიც აცხადებენ, რომ ბადაშვილის საქმიანობას არ იცნობენ და ჯერჯერობით გაუჭირდებათ შეფასების გაკეთება. ზოგადად, ქვეყნის მთავარი პროკურორისადმი სოსო ბარათაშვილს ორი უმთავრესი მოთხოვნა აქვს:

„მე პირადად, მთავარი პროკურორისგან მოვითხოვ იმას, რომ ზედმიწევნით კარგად იცოდეს სისხლის სამართალი და, რაც მთავარია, თავადაც უნდა იყოს სამართლიანი და მისი საქმიანობის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება მის გამოცდილებას, მე მას არ ვიცნობ, თუმცა ვიტყვი, რომ უფროსი თაობის პროკურორები, ძირითადი ბირთვი, არის ან საბჭოთა სისტემის, ანაც კორუმპირებული სისტემის ნაწილი, ანაც იმ სისტემის ნაწილი, რომელიც 9 წლის განმავლობაში ამდენ უკანონობას სჩადიოდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღაც შუალედია მოსაძებნი. ბევრი რამ ადამიანზეც არის დამოკიდებული. მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე, გამიჭირდება შევაფასო, რამდენად მიზანშეწონილია ამ პოსტზე გიორგი ბადაშვილის დანიშვნა“.

ახალ პროკურს არ იცნობს არც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც 22 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ასევე გამოეხმაურა გიორგი ბადაშვილის დანიშვნის ფაქტს:

უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

„პროკურორს არ ვიცნობ. რაც შეეხება მის საქმიანობას, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელისუფლო რგოლია, რთული მემკვიდრეობოთ. ახალ პროკურორს მოუწევს გარკვეული ბალანსის შენარჩუნება იმ მოთხოვნებს შორის, რომელიც საზოგადოებაში არსებობს გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით, და უდანაშაულობის პრეზუმფციასა და კანონის უზენაესობის განხორციელებას შორის“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე კი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა უნდა განმარტოს, მიიღო თუ არა მან მონაწილეობა მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესში. თავად ბადაშვილს კი წინა ორი პროკურორისგან მემკვიდრეობად მოქალაქეთა დაახლოებით 20 000 საჩივარი დახვდება.

ახალი მთავარი პროკურორის მიმართ უკვე გაისმა პირველი ბრალდებებიც, კერძიდ კი, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის, რომელიც ამბობს, რომ მთავარი პროკურორი ადვოკატ რომეო საჯაიას პროკურატურაში ცემის ამსახველი ვიდეოს დამალვაში მონაწილეობდა.ზაზა ხატიაშვილმა ამ საკითხზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
XS
SM
MD
LG