Accessibility links

logo-print

95 წელი საქართველოს გაწითლებიდან


წითელი არმია თბილისში. 1921 წლის 25 თებერვალი.

წითელი არმია თბილისში. 1921 წლის 25 თებერვალი.

25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღნიშნეს.

95 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ რამდენიმეკვირიანი ბრძოლების შემდეგ თბილისი დაიკავა და საქართველო საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადა. თბილისის აღებას წინ უძღოდა ფილიპე მახარაძის მიერ შულავერის რევოლუციური კომიტეტის შექმნა, საერთო-სახალხო აჯანყების იმიტაცია და მიმართვა რუსეთისადმი სამხედრო დახმარების თხოვნით. წითელი არმიის მიერ თბილისის აღებას მოჰყვა მთლიანად საქართველოს ოკუპაცია, რომელიც მომდევნო სამოცდაათი წელი გაგრძელდა. საქართველოს პარლამენტმა, 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით, „25 თებერვალი“ საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა.

1921 წლის 24 თებერვალს, გვიან ღამით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა გიორგი კვინიტაძემ გამოსცა #131 ბრძანება, რომლის შესაბამისად, ქართულმა ჯარმა უკან დაიხია ტფილისიდან მცხეთისაკენ. ბევრისთვის გენერალ კვინიტაძის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ მანამდე თბილისის დამცველებმა, მათ შორის, იუნკერთა ქართული სასწავლებლის კურსანტებმა ორჯერ ეფექტიანად მოიგერიეს რიცხვით ბევრად აღმატებული მოწინააღმდეგე. როგორც ისტორიკოსი მალხაზ მაცაბერიძე ამბობს, გადაწყვეტილება მიღებული იქნა ალყაში მოქცევის მაღალი რისკის გამო.

პოლიტიკური თვალსაზრისით ეს იყო შეცდომა, რადგანაც ბევრმა ჩათვალა, რომ ომი წაგებული იყო და სახლში წავიდა

„სამხედრო თვალსაზრისით, შესაძლოა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. გენერალი კვინიტაძე თვლიდა, რომ რადგანაც კახეთიდან წამოსული წითელი არმიის ნაწილები მცხეთასთან გავიდნენ, ამიტომ თბილისს ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრებოდა. გარდა ამისა, ქალაქი უნდა გადარჩენილიყო ქუჩის ბრძოლებსა და დანგრევას. ამიტომ არმია დაიხევდა უკან, უფრო მოკლე ფრონტს შექმნიდა, დასავლეთ საქართველოში ჩატარდებოდა მობილიზება, შემდეგ განახლებული ძალებით შეუტევდნენ და დაიბრუნებდნენ ქალაქს. სამხედრო თვალსაზრისით, შესაძლოა, ეს სწორი იყო, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს იყო შეცდომა, რადგანაც ბევრმა ჩათვალა, რომ ომი წაგებული იყო და სახლში წავიდა - განსაკუთრებით, სახალხო გვარდიის წევრები“, უთხრა მალხაზ მაცაბერიძემ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს დედაქალაქის დატოვებას შეცდომად მიიჩნევდა თბილისის დაცვის ერთ-ერთი მიმართულების სარდალი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილიც, რომლის თქმითაც, ჯარის უკან დახევას არ ჰქონდა წინდაწინვე მომზადებული გეგმა, მცხეთაში არ იყო მომზადებული პოზიციები, მთავარმა შტაბმა არ უჩვენა დივიზიებს ადგილები, მცხეთის პოზიციებზე დარჩენა კი შეუძლებელი გახდა არმიის მცირე რიცხოვნების გამო:

„მცხეთიდან გორამდე უკან დახეული ჯარები თანდათან იშლებოდა. გზადაგზა ჯარისკაცები, ჯერ თითო-თითოდ, შემდეგ ჯგუფ-ჯგუფად, თავს ანებებდნენ თავის ნაწილებს და თოფებითა და ტყვიამფრქვევებით მიდიოდნენ თავიან სოფლებში. ...თუ საჭირო იყო

დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ გრძელდება და ჩვენ ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ

ტფილისის დაცლა უბრძოლველად (რასაც მე პირადადა დღესაც არ ვეთანხმები), მაშინ მთავრობას უნდა მოეხდინა სახელმწიფო დაწესებულებათა ევაკუაცია, ხოლო მთავარი ძალები უნდა გადაეყვანა რკინისგზით სურამის უღელტეხილამდე და არიერგარდული ბრძოლებით შეეჩერებინა მოწინააღმდეგე, რითაც შეძლებას მისცემდა ჯარებს გაემაგრებინათ უღელტეხილი და, ამგვარად, შესაძლებელი იქნებოდა პატარა ძალებით ერთ ადგილას გაჩერება, სანამ მოეშველებოდა დასავლეთ საქართველოში მობილიზაციით მოკრებილი ჯარები და ის „რეალური ძალა“ საზღვარგარეთიდან, რომელსაც ნოე რამიშვილი დაჰპირდა მთავარსარდალს გორის სადგურზე“.

თბილისის დაკავებამდე ორი კვირით ადრე, საქართველოს რევკომის მიერ ორგანიზებული აჯანყებითა (მათ შორის, შიდა ქართლში, აფხაზეთში) და მე-11 წითელი არმიის მხარდაჭერით, ოკუპირებული იქნა გორი, დუშეთი და ბორჩალოს მაზრა, თუმცა თბილისზე შეტევისას ბოლშევიკებმა დიდი ზარალი განიცადეს. მარტო ტყვეების სახით დაკარგეს 2 400-მდე ჯარისკაცი. დედაქალაქის მისადგომებთან, კოჯორ-ტაბახმელაში, მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს იუნკერთა ქართული სასწავლებლის კურსანტებმა, რომელთა გმირობის ადგილზე გახსნილი მემორიალი დღეს გვირგვინებით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი მარგველაშვილი: „95 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბრძოლა საბჭოთა იმპერიასთან. 70 წლის შემდეგ ჩვენმა თაობამ შეძლო ამ ბრძოლის მოგება და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა. დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ გრძელდება და ჩვენ ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ“.

გვახსოვდეს ეს დღე იმისათვის, რომ აღარასოდეს დავუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშები

თინათინ ხიდაშელი: „ეს თარიღი ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ვიდრე ქართული სახელმწიფო არსებობს და ფეხზე დგას, გვახსოვდეს ეს დღე იმისათვის, რომ აღარასოდეს დავუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშები“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მსგავსად, ქართველი ისტორიკოსებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დღესაც გრძელდება და მის სუვერენიტეტს საფრთხე კვლავ ჩრდილოეთიდან ემუქრება. ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, რუსეთი კვლავ რჩება იმპერიალისტური იდეების გამტარებლად, ის არ უარყოფს თავისი წინამორბედი იმპერიების იდეოლოგიას, რის გამოც წარმოადგენს საფრთხეს თავისი მეზობლებისათვის. ამასთან, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობაში, ისევე როგორც 95 წლის წინ, კვლავ ცდილობს დაეყრდნოს შიდა ძალებს. ლაშა ბაქრაძის თქმით, 1921 წელს ასეთ ძალას მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ბოლშევიკები წარმოადგენდნენ.

„ყოველთვის ეძებდნენ ქვეყნის შიგნით ისეთ ძალებს, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას გაატარებდნენ და რომლებიც კოლაბორაციაში შევიდოდნენ ოკუპანტებთან. დღესაც, რასაკვირველია, საქართველოში კლავ იძებნება ასეთი ძალები და, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ისეთი ძალები, რომლებიც რუსეთისკენ იყურებიან, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ პუტინის რუსეთი მათ ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყობს ხელს. ასე რომ, პარალელები ძალიან ბევრი შეიძლება გავავლოთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ისეთივე იმპერიალისტურ ქვეყნად რჩება, როგორიც იყო საუკუნეების განმავლობაში“, უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG