Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პოზიციები აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავზე


აგვისტოს ომის მე-5 წლისთავზე რეალობა თითქმის უცვლელია: რუსეთს კვლავაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, საქართველოს ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში -გაბატონებულია რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა, მოსკოვი კვლავაც უგულებელყოფს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ის ძველებურად ცდილობს დააკანონოს 2008 წლის აგვისტოს აგრესიის შედეგები, საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის მიუხედავად. რა მოუტანა აგვისტოს ომმა საქართველოს, როგორ აფასებს თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას და რა შეიცვალა ახალი ხელისუფლების პირობებში?

ყველას, ვისაც ჰგონია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო პროვოკაციას წამოეგო და რუსეთს დიდი ხნის ოცნების განხორციელების საშუალება მისცა, 2013 წლის 8 აგვისტოს თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა. მან თქვა, რომ ასეთი შეფასებები, ომის დაწყების თემაზე არსებული ვარაუდების მსგავსად, პირდაპირ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს:

”ეს დაახლოებით იგივეა, ვთქვათ, რომ საქართველო წამოეგო პროვოკაციას ჯალალედინის წინააღმდეგ, საქართველო წამოეგო პროვოკაციას მურვან ყრუს წინააღმდეგ, საქართველო წამოეგო პროვოკაციას აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ“...

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას გააკეთა. წინა ღამით კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ ომის თავიდან აცილებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის წინაშე ყველაფერისთვის იყო მზად და ამ ყველაფერში ნატოზე უარის თქმაც შედიოდა.

ქართველი ხალხის სურვილზე დამყარებული ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ერთი პოლიტიკოსისა თუ პოლიტიკური ძალის მიერ ასე ხელაღებით შეცვლის მცდელობა გაუგებარია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილისთვის. როგორც მან 8 აგვისტოს უთხრა ჟურნალისტებს, ასეთ მცდელობებს ახალი ხელისუფლება დაუშვებლად მიიჩნევს:

ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება იქითკენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მობილიზაცია გავუკეთოთ დეოკუპაციის მიმართულებით. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ურთიერთობების დალაგება რუსეთის ფედერაციასთან, კერძოდ, კულტურულ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებში...
დავით ზალკალიანი
”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება არის და იქნება ყოველთვის ის წითელი ხაზები და ის უმთავრესი პრიორიტეტები, რომელთა სანაცვლოდაც არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება”.

საგარეო პოლიტიკური მიზნების უცვლელობის დემონსტრირების მიუხედავად, ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ ახალ მთავრობას იმის გამო, რომ მან გადაწყვიტა გააუმჯობესოს ურთიერთობები ოკუპანტ ქვეყანასთან - რუსეთთან - მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი არაადეკვატურად პასუხობს ასეთ განზრახვას და, მაგალითად, აქტიურად განაგრძობს მავთულხლართების გავლებას საოკუპაციო ხაზების გასწვრივ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ურთიერთობათა გაუმჯობესების მცდელობა არ ითვალისწინებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას დეოკუპაციამდე და ის მყისიერ შედეგს ვერ მოიტანს, მაგრამ სამომავლოდ მოსალოდნელი შედეგი მცდელობად ნამდვილად ღირს:

”ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება იქითკენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მობილიზაცია გავუკეთოთ დეოკუპაციის მიმართულებით. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ურთიერთობების დალაგება რუსეთის ფედერაციასთან, კერძოდ, კულტურულ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებში. ცნობილია სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები... დარწმუნებული ვარ, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ამას აუცილებლად ექნება ძალიან პოზიტიური ასახვა იმ მოლაპარაკების პროცესზე, რომელშიც განიხილება ის წითელი ხაზები, რაც დღეს ჩვენთვის დაუძლეველია”.

სავსებით ბუნებრივია აპელირება ისეთ საუბრებზე, რისი ციტირებაც შეუძლებელია, რადგან რისი ციტირებაც შეიძლება, იქ აშკარად ჩანს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ შემთხვევაში არ იზიარებს რუსეთის პოზიციას არც ერთი პუნქტით...
ბაკურ კვაშილავა
ჯერჯერობით რუსეთი პოზიციების დათმობას არ აპირებს. მოსკოვს კვლავაც სჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა მას თბილისის აგრესიის შეჩერების აუცილებლობამ უკარნახა და რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება ასევე თბილისის აგრესიისგან მათ დაცვას ემსახურებოდა. უკვე ხუთი წელიწადია, საერთაშორისო თანამეგობრობა ამაოდ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის - მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმდა. ადგილიდან არც დევნილების დაბრუნების საკითხი დაძრულა და ეს თემა, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების მსგავსად, კვლავაც რჩება ჟენევის საერთაშოროსო მოლაპარაკებების ყველაზე სადავო საკითხად. გავიხსენოთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ უსაფრთხოების საკითხების განსახილველად დაარსებულ ამ ფორუმს, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად, ეუთოც თანათავმჯდომარეობს. უშუალოდ ეუთოს სრულფასოვანი მისია კი, რომელიც საქართველოში წლების მანძილზე არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებდა, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის თანმიმდევრული ძალისხმევის შედეგად, 2009 წლის ზაფხულში მთლიანად დაიხურა და ჯერჯერობით მისი აღდგენა არ ხერხდება.

რუსეთი თავს, ცხადია, არ მიიჩნევს ოკუპანტად და მას არც ის აღელვებს, რომ არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში მისი ქმედება საქართველოსთან მიმართებით სწორედ ოკუპაციად არის შეფასებული. რუსეთი იქცევა ისე, თითქოს ის აბსოლუტურად მართალია საერთაშორისო სამართლის წინაშე. მაგალითად, როგორც პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ამერიკელი, ფრანგი თუ გერმანელი ლიდერები აგვისტოს ომის დღეებში რუსეთის ფედერაციის ლიდერებს პირად საუბრებში ამართლებდნენ და სრულ თავისუფლებასაც აძლევდნენ.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა არ გამორიცხავს, რომ აგვისტოს ომის დროს საერთაშორისო თანამეგობრობის ლიდერები რუსეთის კიდევ უფრო დიდ აგრესიას უფრთხოდნენ და ამიტომ მათი რიტორიკა სწორედ ისეთი იყო, მოსკოვს რომ მოეწონებოდა, მაგრამ ბოლო 5 წლის მანძილზე დაგროვილი ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოზე მეტყველებს:

”სავსებით ბუნებრივია აპელირება ისეთ საუბრებზე, რისი ციტირებაც შეუძლებელია, რადგან რისი ციტირებაც შეიძლება, იქ აშკარად ჩანს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ შემთხვევაში არ იზიარებს რუსეთის პოზიციას არც ერთი პუნქტით”.

”რომ არ ყოფილიყო ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა რუსეთის აგრესიის შეჩერება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, რომელიც თვლის, რომ აბსოლუტურად ადეკვატურია საერთაშორისო დახმარება ოკუპირებული საქართველოს მიმართ. ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მხრიდან აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გარდა, თვალსაჩინოა მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერაც, რაც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი აღიარებით გამოიხატება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG