Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი: საქართველოში ტერორისტული აქტი აღიკვეთა


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

22 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა არშემდგარი ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებულ შვიდივე პირს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, ტერორისტული აქტის სამიზნეს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენი, რომლითაც რუსეთის ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება. საქმის ფარგლებში დაკავებული შვიდი პირიდან ერთ–ერთი საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. პრემიერ–მინისტრი სამართალდამცველებს მადლობას უხდის და „დიდი უბედურების“ თავიდან აცილებაზე ლაპარაკობს. ეჭვნარევი, კრიტიკული კომენტარები კეთდება ოპოზიციურ ფლანგზე. ჯერჯერობით არ ასახელებენ დანაშაულის მოტივს და შესაძლო დამკვეთს – თუმცა საექსპერტო წრეებში გარკვეულ ვერსიებზე უკვე ლაპარაკობენ.

გადმოწერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სავარაუდო დამნაშავეები 20 აგვისტოს მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყეში მდებარე სამალავიდან გამოტანილი საბრძოლო მასალები ავტომანქანაში ჩაალაგეს. ჩამონათვალი საზოგადოებას 22 აგვისტოს საგანგებო ბრიფინგზე გააცნო სუსის წარმომადგენელმა სავლე მოთიაშვილმა:

„4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. "ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი“.

გარდა ამისა, სუსის ინფორმაციით, გამომძიებლებმა მოგვიანებით იმავე სამალავიდან ამოიღეს რამდენიმე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა საბრძოლო მასალები, ხოლო ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, პერსონალურ კომპიუტერში, აღმოჩენილ იქნა რუკა, სადაც აფეთქების სამიზნე ადგილებია აღნიშნული.

გავრცელებული ცნობით, ტერორისტული გეგმის მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა „რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთი“, რომელიც სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გადის. აქვე ვთქვათ, რომ უშუალოდ ტერორისტული აქტის ჯგუფურად ორგანიზებაში ხუთი პირია დადანაშაულებული. გარდა ამისა, დაკავებულია კიდევ ორი პირი – მათგან ერთი დაკავებამდე საპატრულო პოლიციაში მუშაობდა და მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად, მეორე კი დანაშაულის დამალვაშია ეჭვმიტანილი. სავარაუდო დამნაშავეთა დაკავებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი საგამოძიებო პროცესი.

საქართველოზე გამავალი გაზსადები, რომლის მეშვეობით სომხეთს რუსეთის ბუნებრივი აირი მიეწოდება
საქართველოზე გამავალი გაზსადები, რომლის მეშვეობით სომხეთს რუსეთის ბუნებრივი აირი მიეწოდება

კონკრეტული დეტალები არ სახელდება მოტივაციისა თუ შესაძლო დამკვეთის შესახებ, თუმცა სუსში აღნიშნავენ, რომ არ იკვეთება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის კვალი. სამაგიეროდ, ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ ერთ-ერთი დაკავებული ხშირად სტუმრობდა უკრაინას, მაგრამ გამოძიებისთვის ჯერ უცნობია, იმართებოდა თუ არა პროცესები უკრაინიდან.

„ვფიქრობ, ძალიან ეფექტურად იმუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 22 აგვისტოს სუსის საგანგებო ბრიფინგის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში. გიორგი კვირიკაშვილმა მადლიერებაც გამოხატა და დიდი საფრთხის განეიტრალებაზე გააკეთა აქცენტი:

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, ვინაიდან დიდი უბედურება იქნა თავიდან აცილებული. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ეფექტური და დროული ღონისძიებების ჩატარება“.

სამწუხაროდ, ეს პროცესი და ასეთი მცდელობები გაგრძელდება... გავიხსენოთ 2006 წელი (ზუსტად 10 წლის წინანდელი პერიოდი), როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა აღნიშნული გაზსადენის აფეთქება და საქართველო და სომხეთი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ იღებდნენ ბუნებრივ აირს...
ბესო ალადაშვილი

სამადლობელს ვერაფერს ხედავენ ოპოზიციის რიგებში, სადაც 22 აგვისტოს ბევრი კრიტიკული განცხადება გაკეთდა. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ოთო კახიძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სისუსტეზე და კონტრდაზვერვის სისტემის „ჩამოშლაზე“ ლაპარაკობს, ხოლო როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა, აღნიშნა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში, დიდი შეცდომაა ამ საქმის კონტექსტში უკრაინის ხსენება და თუკი ვინმეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე აქვს ეჭვი, ხიდაშელის აზრით, ჯობია, რომ ეს პირდაპირ ითქვას.

პროცესების უკრაინიდან მართვასა და ყოფილი ხელისუფლების ინტერესებთან კავშირს არ გამორიცხავს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ბესო ალადაშვილი, თუმცა, მისი აზრით, თუკი გამოძიება ამ ვერსიას მიემხრობა, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ გამოდგება და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა იქნება საჭირო.

ამ ეტაპზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბესო ალადაშვილი რადიო თავისუფლებასთან კიდევ რამდენიმე შესაძლო ვერსიას განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შესაძლოა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, „კუდიანებზე ნადირობა“ გამოაცხადა, ისევე როგორც ამას გადამწყვეტ სიტუაციებში წინა ხელისუფლებაც აკეთებდა. აქვეა კიდევ ერთი მთავარი ვერსია, რომელიც რუსეთს უკავშირდება:

„(ეს შესაძლოა იყოს) რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედება, არჩევნების წინ სიტუაციის დაძაბვის მიზნით... თუკი ეს ასეა და არსებობს მყარი მტკიცებულებები, სამწუხაროდ, ეს პროცესი და ასეთი მცდელობები გაგრძელდება... გავიხსენოთ 2006 წელი (ზუსტად 10 წლის წინანდელი პერიოდი), როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა აღნიშნული გაზსადენის აფეთქება და საქართველო და სომხეთი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ იღებდნენ ბუნებრივ აირს“.

ბესო ალადაშვილი არ გამორიცხავს ასევე, რომ ყველაფრის უკან „ისლამური სახელმწიფო“ იდგეს, მაგრამ ექსპერტი ამ ვერსიას ყველაზე ნაკლებად ემხრობა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG