Accessibility links

რატომ დაიხურა სარაევოს ეროვნული მუზეუმი?


ბოსნია-ჰერცეგოვინა, 4 ოქტომბერი: სარაევოს ეროვნული მუზეუმის დახურულ კართან დგას მუზეუმის დირექტორი, ადნან ბუსულაჯიჩი

ბოსნია-ჰერცეგოვინა, 4 ოქტომბერი: სარაევოს ეროვნული მუზეუმის დახურულ კართან დგას მუზეუმის დირექტორი, ადნან ბუსულაჯიჩი

4 ოქტომბერს დაიხურა სარაევოს ეროვნული მუზეუმი. ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვერ მოიძებნა სახსრები საიმისოდ, რომ მოქმედება გაეგრძელებინა ამ, 124 წლის წინ დაარსებულ მნიშვნელოვან ინსტიტუტს. მისი დახურვა, ბუნებრივია, უკმაყოფილებას იწვევს...

სარაევოში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, ზვეზდან ჟივკოვიჩი მუზეუმში რამდენიმე დღის წინ მივიდა. სხვა ვიზიტორებთან ერთად დაათვალიერა ექსპონატები, რომლებზეც კურატორი მარიკა ფილიპოვიჩი უყვებოდა: „აქ ვხედავთ ბოსნია-ჰერცეგოვინის მკვიდრი ოთხივე ხალხის ეროვნულ ტანისამოსს. ჩვენ შევარჩიეთ სამოსი, რომელიც ყველაზე დამახასიათებელია თითოეული ჯგუფისათვის“.

ფერადი, სხვადასხვა ორნამენტით გაწყობილი მოსასხამები, კაბები, ფეხსაცმელი შთამბეჭდავად ასახავს მრავალეთნიკური ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებას. მაგრამ სწორედ ეს მრავალეთნიკურობა აღმოჩნდა ფაქტორებს შორის, რომლებმაც საქმე მიიყვანა ეროვნული მუზეუმის დახურვამდე. საქმე ის არის, რომ ბევრს მიაჩნია მუზეუმი დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების მორიგ მსხვერპლად. მის გარდა ბოლოხანს კიდევ შვიდი კულტურული ინსტიტუტი დაიხურა დაფინანსების დაკარგვის შედეგად.
ოთხი წლის განმავლობაში, ომის დროს, 16 ადამიანი უფრთხილდებოდა და იცავდა ამ მუზეუმს. ოთხი წლის განმავლობაში არასოდეს დაგვიხურავს კარი ისე, როგორც დღეს ...

დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებას - შეგახსენებთ, აშშ-ში 1995 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებას, რომელმაც ბოლო მოუღო ბოსნიის ომს - იმის გამო ადანაშაულებენ, რომ მის შედეგად შეიქმნა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ეთნიკური განხეთქილებებით მოცული ბიუროკრატია. კერძოდ, ბოსნია-ჰერცეგოვინა გაიყო ეთნიკური ნიშნით, ნაწილობრივ ავტონომიურ ერთეულებად: სერბთა რესპუბლიკად და მუსლიმურ-ხორვატიულ ფედერაციად. შედეგად, ცენტრალურ ხელისუფლებას არ გააჩნია საკმარისი გავლენა საერთო ეროვნული ინტერესების საკითხებზე (კულტურის ჩათვლით) გადამწყვეტი სიტყვის სათქმელად.

სარაევოს ეროვნული მუზეუმის დახურვა მაინც განსაკუთრებით მძიმე ემოციებს იწვევს ქვეყანაში, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ომის დროს, სარაევოს ალყის პერიოდშიც კი არ დახურულა ბოსნიის კულტურის ეს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი.

„ოთხი წლის განმავლობაში, ომის დროს, 16 ადამიანი უფრთხილდებოდა და იცავდა ამ მუზეუმს. ოთხი წლის განმავლობაში არასოდეს დაგვიხურავს კარი ისე, როგორც დღეს, 2012 წელს, მშვიდობიანობის დროს. ეს არის სამარცხვინო და დამამცირებელი ყველა ჩვენგანისათვის ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში - არა მარტო მეცნიერთათვის, არამედ ბოსნია-ჰერცეგოვინის ყველა მოქალაქისათვის, კეთილი ნების ყველა ადამიანისათვის მთელს მსოფლიოში, ყველასთვის, ვინც პატივს სცემს კულტურას - საკუთარსაც და სხვისასაც“, - ეს სიტყვები წარმოთქვა 4 ოქტომბერს, სარაევოს ეროვნული მუზეუმის დახურულ კართან მუზეუმის ყოფილმა, ომის პერიოდის დირექტორმა, ენვერ იმამოვიჩმა.

იმედგაცრუებას ვერ მალავს ვერც სარაევოს უნივერსიტეტის პროფესორი, სენადინ მუსაბეგოვიჩი: „აქ ბევრ დონეზეა პასუხისმგებლობა. ერთი ეკისრება ეროვნულ მთავრობებს, ადგილობრივ მთავრობებსა და ადგილობრივ პოლიტიკოსებს. მეორე - საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც არ იჩენს ფაქიზ დამოკიდებულებას საზოგადოებრივ სიკეთესთან დაკავშირებული საკითხების მიმართ. მაგრამ ჩვენ უნდა მოვიძიოთ ფული ასეთი ინსტიტუტების დასაფინანსებლად! ეს ინსტიტუტი უნდა გადარჩეს! ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ინსტიტუტი განასახიერებს კომუნიკაციას ყველა ამ ხალხს შორის - იმას, რაც სცდება ეროვნული ნიშნით განხეთქილებებს, რაც ახლა გვაქვს ბოსნიაში“.

არადა, დაიხურა არა მარტო სარაევოს ეროვნული მუზეუმი! იგივე ბედი ეწია სარაევოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ისტორიულ მუზეუმს, ხელოვნების გალერეას, ფილმის ეროვნულ არქივს... მათ თანდათან ჩამოუჭრეს შენობის გასათბობი, ტელეკომუნიკაციების დასაფინანსებელი, საავარიო სიგნალიზაციისთვის და თანამშრომლების ხელფასებისთვის საჭირო ფული.
სარაევოს ეროვნული მუზეუმის დახურვა, უწინარეს ყოვლისა, ნიშნავს იმას, რომ გამოფენილი აღარ არის მისი მთავარი ღირშესანიშნაობა, სარაევოს ჰაგადა - ბარსელონაში მე-12 საუკუნეში შექმნილი ძვირფასი მანუსკრიპტი ებრაული ტექსტით, რომელიც ასახავს პასექის სადღესასწაულო სუფრის წესებს. ზოგადად, ჰაგადას განმარტავენ, როგორც თალმუდური ლიტერატურის ვრცელ ნაწილს, მასში გადმოცემულია ბიბლიის რელიგიურ-ეთიკური შეხედულებები.
ბევრ დამთვალიერებელს, განსაკუთრებით უცხოელებს, სურს ნახოს სარაევოს ჰაგადა, რომელიც არის ხელოვნების უძვირფასესი ნიმუში ეროვნულ მუზეუმში ...

სარაევოს ჰაგადა ერთ-ერთ უძვირფასესად არის აღიარებული. მის ფასად, რომელიც დაზღვევის მიზნით განისაზღვრა, 700 მილიონ დოლარად ასახელებენ, მის დასაცავად უსაფრთხოების მკაცრ ზომებს მიმართავენ. მაგრამ 4 ოქტომბრიდან სარაევოელებსა და მათი ქალაქის სტუმრებს აღარ ეძლევათ ებრაული კულტურის ამ უნიკალური ნიმუშის ნახვის შესაძლებლობა.

სარაევოს ებრაული სათვისტომოს ხელმძღვანელი, ყოფილი დიპლომატი იაკობ ფინჩი წუხს, რომ თავიდან ვერ იქნა აცილებული მუზეუმის დახურვა. თუმცა, მას სამწუხაროდ მიაჩნია ისიც, რომ ბოლოხანს მუზეუმი ყოველ დღე ვერ ახერხებდა დამთვალიერებლებისათვის ზოგი ექსპონატის, მათ შორის სარაევოს ჰაგადის ჩვენებას.

„წარმოგიდგენიათ, რომ ლუვრმა წელიწადში ოთხჯერ გამოფინოს მონა ლიზა? დარწმუნებული ვარ, მას არ ეყოლებოდა რვა მილიონი დამთვალიერებელი, რადგან შვიდნახევარი მილიონი ლუვრში მიდის მარტო მონა ლიზას სანახავად. იგივეა ბოსნიის ეროვნული მუზეუმის შემთხვევაშიც. ბევრ დამთვალიერებელს, განსაკუთრებით უცხოელებს, სურს ნახოს სარაევოს ჰაგადა, რომელიც არის ხელოვნების უძვირფასესი ნიმუში ეროვნულ მუზეუმში. და, სამწუხაროდ, ის ახლა აღარ იქნება გამოფენილი“, ამბობს ფინჩი.

ასეა, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. სარაევოს ეროვნული მუზეუმი მართალია, დაიხურა, მაგრამ დაფინანსებისათვის ბრძოლა არ შეწყვეტილა.
XS
SM
MD
LG